"ჩინელები იმდენ ფულს მთავაზობდნენ, რომ ჩემს შვილიშვილებსაც ფუფუნებაში აცხოვრებდა..."

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს დრის მერტენსი - 24 ტურში 16 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ სამ ფეხბურთელს (ჯეკო, იგუაინი, ბელოტი) ჩამორჩება.

29 წლის თავდამსხმელი უკვე მეოთხე წელია, რაც "ნაპოლიში" ასპარეზობს, მაგრამ არასდროს ყოფილა გუნდისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა. მერტენსს გზა გონსალო იგუაინის წასვლამ გაუხსნა, ცენტრფორვარდის პოზიციაზე დაიკავა ადგილი და ბრწყინვალედ ათამაშდა.

არადა, მერტენსს, თითქოს, არ აქვს ცენტრფორვარდისთვის დამახასიათებელი მონაცემები - სიმაღლეში 169 სანტიმეტრია, თავით თამაში არ ეხერხება
და არც ფიზიკური ძალით გამოირჩევა, მაგრამ თავის პლუსებს, მაღალ სისწრაფეს და ტექნიკას იყენებს, რისი წყალობითაც გოლები უხვად გააქვს. ნეაპოლში უკვე საუბრობენ, რომ მერტენსმა იგუაინი ღირსეულად შეცვალა. დროა, თავად ბელგიელს მოვუსმინოთ, რომელმაც საინტერესო თემებზე ისაუბრა...

"რეალთან" დაპირისპირება
წინ დიდი მატჩები გველის გუნდთან, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია. სწორედ ასეთ გუნდებთან უნდა დაინახო საკუთარი თავი და შეაფასო, თუ რა სიმაღლეზე ხარ. ენთუზიაზმით ვარ აღსავსე და ერთი სული მაქვს, თუ როდის გავალ "სანტიაგო ბერნაბეუს" საფარზე. ფავორიტი "რეალია", მაგრამ ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ უშანსოდ ვართ. მთავარია, დაცვაში არ ჩავდგეთ, რადგან ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. "ნაპოლის" ძალა შეტევაშია და ჩვენ თავს არც მადრიდში უნდა ვუღალატოთ.

გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც სენსაციის მოხდენა შეუძლიათ და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. საგულისხმოა, რომ იტალიის თასის ნახევარფინალში "იუვენტუსთან" მოგვიწევს ორი მატჩის გამართვა და გამოდის, რომ წინ იტალიის და ევროპის მოქმედ ჩემპიონებთან გვექნება პაექრობები. სწორედ ასეთი მატჩებისთვის ღირს ფეხბურთის თამაში.

იგუაინის დაბრუნება ნეაპოლში
მე ვცხოვრობ ნეაპოლში, ვიცი, რა ხდება ამ ქალაქში და ამიტომ ვიცი, რომ იგუაინის დაბრუნება არ იქნება რიგითი ამბავი. გულშემატკივრები გაბრაზებულები არიან გონსალოზე და ალბათ, აქვთ ამის საბაბი. პირადად მე, ვისურვებ, რომ ქომაგებმა თავიანთი უკმაყოფილება მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ, რადგან ეს მაინც ფეხბურთია და ერთი ტრანსფერის გამო არ ღირს ტრაგედიის შექმნა.

იგუაინი კარგი ბიჭია და შევეცადოთ, რომ პატივი ვცეთ მის გადაწყვეტილებას. სამი დღის ინტერვალში, "იუვენტუსს" ორჯერ ვუმასპინძლებთ: ერთხელ სერია A-ში და მეორედ იტალიის თასზე - შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს მატჩები ჩემპიონთა ლიგის პაექრობებზე არანაკლებ დაძაბული, ემოციური და საინტერესო იქნება.

მილიკი და პავოლეტი
სეზონის პირველ ნახევარში გუნდს ცენტრფორვარდი არ ჰყავდა და მწვრთნელმა ამ პოზიციაზე მე გამამწესა. საბედნიეროდ, ახალ როლს ალღო მალე ავუღე და გოლებიც ბლომად გავიტანე.

არკადიუშ მილიკი გამოჯანმრთელდა და გუნდმა ლეონარდო პავოლეტიც დაიმატა, რასაც მხოლოდ მივესალმები. წინ გადამწყვეტი მატჩებია, გუნდს კი ორი უმაღლესი კლასის ცენტრფორვარდი ჰყავს. რა იქნება მომავალში და შევიცვლი თუ არა ისევ პოზიციას, ეს მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია. პირადად მე, მზად ვარ, ვითამაშო იქ, სადაც მაურიციო სარი დამავალებს.

სკუდეტო
იმედი მაქვს, რომ კარიერას ისე არ დავამთავრებ, სკუდეტო არ მოვიპოვო. ეს არის მიზანი, რომლის მიღწევა ურთულესია. "იუვენტუსი" ძალიან ძლიერია და სტაბილურად იგებს გასვლაზე თუ სახლში. თუ ჩემპიონატის მოგება გინდა, მთელი სეზონი ჩავარდნის გარეშე უნდა გაიარო.

ამისთვის საჭიროა უმაღლესი კლასის ფეხბურთელები და გრძელი სათადარიგოთა სკამი, რომ მწვრთნელს დიდი არჩევანი ჰქონდეს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს მწვრთნელს და ვფიქრობ, რომ "ნაპოლის" ამაში ძალიან გაუმართლა - მაურიციო სარი ის სპეციალისტია, რომელიც ხელშეწყობის პირობებში, გუნდს დიდ წარმატებამდე მიიყვანს.

უარი ჩინელებს
ამ ზამთარს მქონდა შეთავაზება ჩინური კლუბიდან, რომელზეც მხოლოდ ერთი დღე ვიფიქრე და უარი ვთქვი. ამ ერთ დღეში ვესაუბრე მეუღლეს, ოჯახის წევრებს და ასევე, აქსელ ვიტსელს, რომელიც სწორედ ჩინეთში გადაბარგდა. მთავაზობდნენ ისეთ თანხას, რომლითაც არა მარტო ჩემს შვილებს, შვილიშვილებსაც ფუფუნებაში შეეძლოთ ცხოვრების გატარება, მაგრამ მიუხედავად ამისა, უარი ვთქვი.

ჩემთვის საინტერესო იყო არა მარტო ფული, არამედ აზიურ კულტურასთან ზიარება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სპორტული მოტივაცია და ამიტომ იტალიაში დავრჩი. "ნაპოლისთან" ერთად უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძვი, ვთამაშობ ევროპულ გრანდებთან და სწორედ ესაა ჩემთვის მთავარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული