D ჯგუფი: საფრანგეთი თავის ადგილზე

AutoSharing Option

ლუქსემბურგი-საფრანგეთი 0:2
ლუქსემბურგი (4-5-1): ჟუბერი - შნელი, ბლაიზი, ჰოფმანი, მუტში - ლატერზა (54. მარტინო), პაიალი, ჟერსონი (71. და მოტა), ბეტმერი, ლევეკი (90. პლაინი) - ჟოაკიმი.
საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი - სანია, რამი, მექსე, ევრა - მვილა, გურკუფი - რიბერი, ნასრი, მალუდა - ბენზემა.
გოლები: 0:1 მექსე (28), 0:2 გურკუფი (72)
გაფრთხილება: 1-0
მაყურებელი: 8 400

საფრანგეთის ნაკრებმა სუსტ მეტოქესთან ვერ იფრინა, მაგრამ მოიგო და მთავარი სწორედ ეს არის. ლორან ბლანის გუნდს ლუქსემბურგთან შეხვედრისთვის ფრანკ რიბერი და პატრის ევრაც დაუბრუნდნენ, ერთადერთი ცენტრფორვარდი კი
ბოლო დროს ძალიან კარგ ფორმაში მყოფი ქარიმ ბენზემა გახლდათ.

ფრანგებს ანგარიშის გახსნამდე არაფერი ეტყობოდათ ისეთი გუნდისა, რომელსაც დაბალი კლასის მეტოქესთან ძალის დემონსტრირება და დიდი ანგარიშით გამარჯვება სურდა. თუმცა, როლები არც ფილიპ მექსეს გოლის შემდეგ გადანაწილებულა მკვეთრად. ამრიგად, სანამ გურკუფმა ანგარიში 0:2 არ გახადა, საფრანგეთის გამარჯვება მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, რადგან ლუქსემბურგელები ბლანის გუნდს დრო და დრო საკმაოდ აწუხებდნენ.

გურკუფის გოლმა კი მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა. ამრიგად, სამარცხვინო სტარტის (0:1 ბელარუსთან) შემდეგ, ბლანის გუნდმა ზედიზედ ოთხი თამაში მოიგო და ჯგუფს 12 ქულით, დამაჯერებლად, ზუსტად ისე ლიდერობს, როგორც უნდა ლიდერობდეს. ლუქსემბურგი კი, მხოლოდ ერთი ქულით ბოლო ადგილზეა.


ბოსნია-რუმინეთი 2:1
ბოსნია (4-3-1-2): ჰასაგიჩი – მუიჯა, სპაჰიჩი, მრავაცი, ლულიჩი – მედუნჯანინი (71. მალეტიჩი), რაჰიმიჩი, პიანიჩი – მიშიმოვიჩი (81. იბრიჩიჩი) – ჯეკო, იბიშევიჩი (76. მუსლიმოვიჩი).
რუმინეთი (4-4-2): პანტილიმონი – რაპა, გოიანი, ტამაში, რაცი – ფლორესკუ (76. როპოტანი), ალექსა, ტორიე (71. კოკიე), დეაცი (85. ზიკუ) – მარიკა, მუტუ.
გოლები: 0:1 მარიკა (29), 1:1 იბიშევიჩი (63), 2:1 ჯეკო (83)
გაფრთხილება: 2-0
მაყურებელი: 20 000

წესით, ამ ჯგუფში საფრანგეთის ნაკრებისთვის კონკურენცია ბოსნიისა და რუმინეთის ნაკრებ გუნდებს უნდა გაეწიათ, მაგრამ ორივე გუნდს ძალიან ცუდი სტარტი ჰქონდა აღებული. ამჯერად კი, ბოსნია და რუმინეთი ერთმანეთს ხვდებოდნენ და სწორედ ამ დუელს უნდა გაერკვია, რომელი მათგანი აგრძელებს ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას რეალურად.

29-ე წუთზე რუმინელები დაწინაურდნენ – გოლი „შტუტგარტის“ თავდამსხმელმა ჩიპრიან მარიკამ გაიტანა და მიუხედავად ბოსნიელთა აღვირახსნილი შეტევებისა, რუმინელებმა პირველი ტაიმი გამარჯვებამდე მიიყვანეს. მეორე ნახევარი კი მთლიანად მასპინძლების იყო და სავსებით ლოგიკურია ის, რაც მოხდა: 63-ე წუთზე ვედად იბიშევიჩმა ანგარიში გაათანაბრა, 83-ე წუთზე კი, ბოსნიელთა სუპერვარსკვლავმა ედინ ჯეკომ გაიტანა გოლი, რომელმაც თამაშის ბედი მასპინძელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა.

ამ გამარჯვებამ ბოსნიელთა მდგომარეობა საკმაოდ გამოასწორა, რუმინელები კი ბოლოსწინა ადგილზე დარჩნენ და თანაც, 4 თამაშის შემდეგ მხოლოდ 2 ქულა აქვთ. ბოსნია ალბანეთსა და ბელარუსს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება და თანაც, ჯეკოს და კომპანიას ერთი თამაშით ნაკლები აქვთ.


ალბანეთი-ბელარუსი 1:0
ალბანეთი (4-4-2): უიკანი – ვანგჯელი, ტელი, ლილა, სკელა (80. დურო) - კანა, აგოლი, ბულკუ – სალიჰი (90. მუაზაკა), ბოგდანი (75. ბაკაი).
ბელარუსი (4-4-2): ვერემკო – შიტოვი, ომელიანჩუკი, მოლოში, მარტინოვიჩი – ტიგორევი, პუცილა (82. სიტკო), კულჩი (62. ბიჩენოკი), კრივეტსი (46. კოველი) – კისლიაკი, ვ. გლები.
გოლი: 1:0 სალიჰი (62)
გაფრთხილება: 3-4
მაყურებელი: 18 500

ბელარუსის ნაკრების დამარცხების შემდეგ, ალბანელები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშზე ოცნებას აგრძელებენ. უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ალბანეთს სალიჰის გოლმა მოუტანა, რომელიც მატჩის 62-ე წუთზე გავიდა. მიუხედავად წაგებისა, ყურები არც ბელარუსებმა უნდა ჩამოყარონ, რადგან მეორე ადგილზე არიან. თანაც, ბელარუსს საფრანგეთისთვის აქვს მოგებული და არა გვგონია, რომ ლორან ბლანის გუნდმა (თანაც საკუთარ მოედანზე) კიდევ რომელიმესთან წაიფორხილოს. ამრიგად, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ფრანგებმა ჯგუფში პირველი ადგილი წესით უპრობლემოდ უნდა დაიკავონ. მეორე, ფლეი ოფში გამსვლელი ადგილისთვის ბრძოლა კი უკიდურესად დაიძაბა.

სამშაბათს რუმინეთი ლუქსემბურგს მასპინძლობს და წესით, რუმინელებმა ეს თამაში მაინც უნდა მოიგონ, რის შემდეგაც 5 ქულა ექნებათ და მათაც შეეძლებათ მეორე ადგილზე ოცნება. გამოდის, მეორე პოზიციისთვის ოთხი გუნდი იბრძოლებს.


თ მ ფ წ ბ ქ
1. საფრანგეთი 5 4 0 1 8-1 12
2. ბელარუსი 5 2 2 1 3-1 8
3. ალბანეთი 5 2 2 1 4-4 8
4. ბოსნია 4 2 1 1 6-4 7
5. რუმინეთი 4 0 2 2 2-5 2
6. ლუქსემბურგი 5 0 1 4 0-8 1

მომდევნო ტური
29 მარტი. რუმინეთი-ლუქსემბურგი.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული