ბილიჩი: ქართველებს ივნისში დავუმტკიცებთ

AutoSharing Option
საფრანგეთისა და ხორვატიის უგოლო ფრეს შემდეგ ბალკანელთა გულშემატკივრები ორ ბანაკად გაიყვნენ. ერთი ნაწილი უკმაყოფილოა მათი ეროვნული გუნდის ასპარეზობით, მეორე პირიქით, საქართველოსთან წაგების შემდეგ ფრანგებთან მიღწეული შედეგით დაკმაყოფილდა.

თუმცა უნდა ითქვას, რომ სლავენ ბილიჩის შეგირდებმა უკანასკნელი შეხვედრა ისევ სუსტად ჩაატარეს. ბილიჩი ეროვნულ ნაკრებში უკვე 5 წელია მუშაობს. ამ დროის განმავლობაში სულ 5 მატჩი წააგო. დაგვეთანხმებით, ძალიან ბევრი მწვრთნელი დაიტრაბახებდა ამ შედეგით, მაგრამ ხორვატებში მაქსიმალისტები ჭარბობენ და მწვრთნელისგან კონკრეტულ პასუხებს ითხოვენ.

მაგალითად, რატომ გაატარა 90 წუთი მინდორზე საქართველოსთან მლადენ პეტრიჩმა, ფეხბურთელმა, რომელსაც
პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია. რატომ იყო, რომ ფრანგმა შემტევებმა ლამის გადაქელეს ხორვატი მცველები? ისინი აცხადებენ, რომ არა სტიპე პლეტიკოშა და იოსიპ შიმუნიჩი, ლორან ბლანის ბიჭები აუცილებლად გაიტანდნენ გოლსო - ჩვენი აზრით, ეს მოსაზრება ახლოს დგას სიმართლესთან. ზემოთ ნახსენებ ორ ფეხბურთელთან ერთად ფანებს პრეტენზია მხოლოდ ლუკა მოდრიჩთან არ აქვთ. მიუხედავად ამისა, ბილიჩმა მატჩის შემდეგ ერთი კრიტიკული ფრაზაც კი არ გაიმეტა შეგირდების მისამართით.

აი, რა განაცხადა მან: “შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან ჩვენი უტეხი ხასიათი გამოვაჩინეთ. მინდა მივულოცო ფეხბურთელებს, რომ მათ მოახერხეს ძალების მოკრება იმის მიუხედავად, რომ მატჩამდე მათი განწყობა თითქოს სკეპტიკური იყო. პარიზული მატჩი კარგი საშუალება იყო რეაბილიტაციისთვის.

ფრანგების ასეთი დომინირება არ გამკვირვებია, რადგან ისინი ამას ყოველთვის ახერხებენ საშინაო მატჩებში. ჩვენ სერიოზული წინააღმდეგობა გავუწიეთ მეტოქეს, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ დაცვაში მოვიკოჭლებდით. გავითვალისწინოთ, რომ სანაკრებო მატჩებისას წნეხი ფანების მხრიდან ძალიან დიდია. ჩვენი ყოველი წაგება ხომ ხორვატიაში დიდი დრამატიზმით აღიქმება.
ისრაელი-საქართველოს მატჩის ანგარიში არავისთვის მიკითხავს, რადგან მიმაჩნია, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ ჩვენს ხელშია. ივნისში ქართველებს დავუმტკიცებთ, რომ მათთან თამაში უბრალოდ ძალიან ცუდ დროს მოგვიხდა.”

მატჩი ძალიან დაძაბული აღმოჩნდა, რისი შედეგიც იყო ის, რომ რამდენიმე ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, მაგალითად, 24-ე წუთის შემდეგ თამაში ვერ განაგრძო დანიელ პრანიჩმა, ვის ნაცვლადაც ივან სტრინიჩი შემოვიდა. დაშავებული ფეხის გამო მეორე ტაიმში ეს უკანასკნელიც გამოცვალეს და მარცხენა მცველად თამაში ნომინალურმა მარჯვენა მცველმა ვედრან ჩორლუკამ განაგრძო. სიხისტეში არც სტუმრები მოიკოჭლებდნენ, დაშავდნენ ქარიმ ბენზემა და ადილ რამი. მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, მათი ტრავმები სერიოზული არ აღმოჩნდა.

მწვრთნელის მსგავსად საბრძოლო განწყობაა ხორვატ ფეხბურთელებში - ისინიც ივნისს ელოდებიან. თამაშის დასრულებისთანავე ჟურნალისტებთან სასაუბროდ ნიკო კრანჩარმა მოიცალა. მის ინტერვიუს მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

- თბილისში წაგების შემდეგ იმდენად აგზნებული ვიყავი, რომ არც კი ვფიქრობდი ფრანგებთან დაპირისპირებაზე. ვენაში თურქებთან წაგების შემდეგ (2008.20.VI. 1-1, პენ. 1-3. ევროპის ჩემპიონატის ј-ფინალი. რედ.) ეს ჩემს კარიერაში ყველაზე მძიმე წაგება იყო. რა იქნება მომავალში? უნდა შევეგუოთ, რომ ეს მატჩი წავაგეთ და დაველოდოთ ივნისს. დარწმუნებული ვარ ყველაფერს გამოვასწორებთ.

- ნუთუ ნაკრები გულშემატკივართა შორის უკვე აღარ იწვევს ნდობას?
- თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენთან რამე წესრიგში არ არის, ცდება. იცით, რა? შეიძლება ჩვენ ერთმანეთისთვის არ ვიყოთ საუკეთესო მეგობრები, მაგრამ რაღაც კლანებზე და დაჯგუფებებზე ლაპარაკი სისულელეა. დამერწმუნეთ, ჩვენ საკმაოდ შეკრულნი ვართ საერთო მიზნებისთვის საბრძოლველად და ერთად მივაგნებთ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს.

- თქვენი ნდობა მწვრთნელის მიმართ იმდენადვე ძლიერია თუ არა როგორც ადრე?
- ფეხბურთელები ბილიჩს დიდად ვაფასებთ, ის ჩვენთვის ავტორიტეტია. რაც თბილისში მოხდა, ეს ცუდი იყო, მაგრამ ასეთი რამეები ყოველთვის მოულოდნელად ხდება. დარწმუნებული ვარ, მსგავსი მომავალში აღარ განმეორდება. ვიცი, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურს აუცილებლად მოვიპოვებთ.

- რაც შეეხება თქვენს სამომავლო საკლუბო გეგმებს... “ტოტენჰემში” სათამაშო პრაქტიკით განებივრებული არ ხართ.
- არ ვიცი, მივიღებ კონკრეტულ წინადადებას და დავფიქრდები. გააჩნია კიდევ კლუბს და ქვეყანას, საიდან იქნება შემოთავაზება.

- ინგლისიდან წასვლა არ გინდათ?
- არა, ჩემი თვითმიზანი არ არის ინგლისში თამაში.

- ივნისში საქართველოსთან დაპირისპირებას დისკვალიფიკაციის გამო ტოვებთ.
- თამაში სპლიტშია დანიშნული. იმის მიუხედავად, რომ “პოლიუდეს” ჩვენთვის ცუდ არენას მიიჩნევენ და იქ მოუგებელ სერიებზე ხშირად ლაპარაკობენ, ნაკრები მზად არის იქ საასპარეზოდ. თუკი მართლა არსებობს რამე ცუდი აურა და ამის გამო ვერ ვიგებთ, ესე იგი მოვიდა დრო ეს ახლა გავაკეთოთ.

- თანაგუნდელებთან თუ გილაპარაკიათ და მათ თუ უნდათ სპლიტში ასპარეზობა?
- დიახ, ერთხელ ვილაპარაკეთ ამ თემაზე და ბიჭები ამაში პრობლემას ვერ ხედავენ.






.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ერთი დროზე გამოჯანმრთელდნენ და ხორვატებთან უკვე გვყავდნენ ანანიძე, მჭედლიძე და გურული და მერე ვნახოთ :) მაგ ბიჭებს უძლიერესი დაცვის გარღვევა შეუძლიათ და ხორვატების შედარებუთ სუსტი დაცვაც აუღებელი ნამდვილად არ იქნება მათთვის.
Tornike
22:14 31-03-2011
0
ხორვატებს სულ ვგულშემატკივრობდი,მებრძოლი ხალხია.
მარა ეტყობა ცაში დაიწყეს ფრენა.
ჯერ იყო და თბილისში ჩამოსვლამდე იქნეოდნენ მუშტებს ... საკადრისადაც დაისაჯნენ.
კიდე ვარესი დაემართებათ..
ღმერთით ჩვენი გუნდი იყოს ჯანმრთელად და ერთმუშტად შეკრული.
Rezo Chkhaidze
20:11 31-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული