- ალბათ სიმბოლური იყო, რომ თანამდებობაზე აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე
- რა თქმა უნდა, კარგი საჩუქარი იყო, რომელსაც არ ველოდი. კმაყოფილი დავრჩი.
- აღმასკომის სხდომამდე გარცელდა ხმები, რომ რაკი თქვენ უშუალოდ მოისურვეთ დასწრება, ესე იგი იცოდით, რომ გაიმარჯვებდით.
- ყველაფერი არც ისე იოლად იყო. საქმე ხომ არჩევნებთან გვქონდა.
- სხდომის შემდეგ თქვით, რომ პროგრამა მინიმუმი არის ჯგუფიდან გასვლა, შემდეგ კი რაც შეიძლება შორს წასვლა. რა არის მაქსიმუმი?
- სხვანაირად მუშაობას ვერ ვეჩვევი, მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ რახან ჩემპიონატის მასპინძლები ვართ, აუცილებლად უნდა მოვიგოთ ის. მაშინ ანალოგიური პრეტენზია პოლონეთსაც გაუჩნდება. სპორტში მაქსიმალური მიზნის დასახვა ძნელია. უპირველესი ამოცანა კი ვიცით, ჯგუფიდან უნდა გავიდეთ.
- ამ ერთ წელიწადში რა იქნება უმთავრესი, რაც ფეხბურთელებს უნდა ჩააგონოთ?
- ჯერ ის ჯგუფი უნდა გაირკვეს, რომელსაც დავეყრდნობი. დაახლოებით წარმომიდგენია ეს შემადგენლობა, მაგრამ უნდა გავარკვიო, რომელიმეში ხომ არ ვცდები? ფაქტია, რომ მაინცდამაინც დიდი არჩევანი არ გვაქვს. კარგია, რომ ნიჭიერი ახალგაზრდების თაობა მოვიდა, მაგრამ მათი ნიჭისა და სხვათა გამოცდილების შერწყმა უნდა მოხდეს. ისინი ერთად უნდა გამოვცადოთ. ვფიქრობ, ფედერაციის პრეზიდენტსა და ახალგაზრდების მწვრთნელ პაველ იაკოვენკოსთან რთული შეხვედრა მელოდება. ეს ბუნებრივიც არის. მესმის მისი და მგონია, რომ მასაც უნდა ესმოდეს ჩემი. თუმცა ცნება პირველი ნაკრები ყველაზე მნიშვნელოვანი რჩება. ჩვენ უპირველესად მისი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმუშაოთ.
- შეხვედრაზე საკითხს ამ ფორმით დასვამთ?
- კი, მაგრამ ეროვნულის თავკაცმა კიდევ რანაირად უნდა დასვას საკითხი? დავსხდებით და მოვილაპარაკებთ. აუცილებლად მივალთ საერთო აზრამდე. რა კომპრომისებზე მომიხდება წასვლა, ჯერ ამის თქმა რთულია. ისე არ გაიგოთ, რომ პაშასთან რამე კონფლიქტი მაქვს, მაგრამ რა ვქნა, ასე დაემთხვა... 1 და 6 ივნისს ამხანაგური შეხვედრები გვაქვს, 12-ში კი ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იწყებს თამაშს. ესეც ქვეყნის პრესტიჟია.
- ახალგაზრდულის მოთამაშეები ევროპის ჩემპიონატზე დაუვიწყარ გამოცდილებას მიიღებენ, რომელსაც შემდგომ ეროვნულში გამოიყენებენ. ეთანხმებით ამ არგუმენტს?
- საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს გამოცდილება პატარა ბიჭებისთვის. ერთი საფეხურია უკრაინის ჩემპიონატში მიღებული გამოცდილება, მეორე - ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა. აუცილებლად გავემგზავრები იქ, რათა ვნახო ბიჭების თამაში. ისინიც ადგნენ და იქ დამიმტკიცონ თავიანთი ღირსებები. თუმცა არავინ უნდა დაიჯეროს, რომ ზეწოლა ასეთი დონის ტურნირსა და დიდების ევროპირველობას შორის რამეთი მაინც ჰგავს ერთმანეთს. ფეხბურთელებმა ეს კარგად იგრძნეს 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე.
- კალიტვინცევს შესთავაზეთ თქვენს შტაბში მუშაობა. მიიღეთ თუ არა მისგან პასუხი?
- ჯერ არა, მოსაფიქრებლად მას კიდევ ერთი კვირა აქვს. ჩემს შტაბს მაისში ბოლომდე დავაკომპლექტებ. ამისთვის ვიღაცებთან მოლაპარაკება დამჭირდება. მაინტერესებს, აქვთ თუ არა დრო და სურვილი ჩემთან ერთად მუშაობის.
- არსებობს გამოთქმა, გამარჯვებულ შემადგენლობას არ ცვლიანო. ასეთად კი 2006 წლის სამწვრთნელო შტაბის დასახელება შეიძლება. აღადგენთ თუ რა მაშინდელ ოთხეულს - ბალს, ალტმანს, კუზნეცოვსა და რომენსკის.
- ახლა არაფრის თქმა არ შემიძლია. ჯერ მხოლოდ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ. ყველასთან ჯერ ვერც მოვასწარი დარეკვა. უკვე წარმომიდგენია ჩემი გუნდი: შევჩენკო, შოვკოვსკი, ტიმოშჩუკი, ვორონინი, როტანი – თუკი ეს ბიჭები ერთი წლის მერეც ფორმაში იქნებიან, მათ გარშემო სიამოვნებით შევკრავდი გუნდს.
- მოულოდნელი იყო ვორონინის გვარის მოსმენა. თქვენი აზრით, რატომ თამაშობს ის ასე ცოტას მოსკოვის “დინამოში”. ბლოხინის დანიშვნა იქნება თუ არა მისთვის დამატებითი მოტივაცია?
- რთული სათქმელია. ბოჟოვიჩი მას არ ენდობოდა. ვნახოთ შეიცვლება თუ არა მისადმი დამოკიდებულება “დინამოს” ახალი თავკაცის მხრიდან. თუკი მე მას მოტივაციას შევმატებ, რატომაც არა, ეს ჩვენს ფეხბურთს წაადგება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ არ გვყავს ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი. ბრაზილიის მსგავსად ორი შემადგენლობა რომ მყოლოდა... თუმცა არ მინდა ასეთი ფიქრებით თავის ატკიება. ფაქტია, რომ ორი თანაბარი ძალის შემადგენლობა არ გვყავს. ხომ ხედავთ, კიევის “დინამო” და “შახტარი” ამას უცხოელების დახმარებით ცდილობენ და მათაც უჭირთ.
- რას ფიქრობთ უკრაინის მოქალაქეობამიღებულ დევიჩსა და ედმარზე?
- კარები არავისთვის დახურული არ არის! ჩემს გუნდში მოხვედრა შეუძლია ყველას, ვინც ეროვნული ნაკრების დონეზე ითამაშებს. ევროპის ჩემპიონატი არ არის უკრაინის პირველობა, ასე რომ, ბიჭებო, მაჩვენეთ თქვენი თამაში!
- როგორ ააწყობენ ურთიერთობას ამჯერად ბლოხინი და შევჩენკო? ფიქრობთ, რომ ანდრეი თავისი თამაშით ნაკრებს დაეხმარება?
- ზუსტად ასე დაწერეთ, ჩვენს შეკითხვაზე გაეცინაო. ეს არ არის პრობლემა. ნახავთ, ყველაფერი კარგად იქნება. ოსტატობა და გამოცდილება არასოდეს იკარგება. ანდრეის კი ეს ყველაფერი აქვს. მასთან პირადად დალაპარაკება ჯერ კიდევ ვერ მოვახერხე. მესმის, რომ საუკეთესო სეზონი არ ჰქონია. ჯერ ტრავმებმა დატანჯა, ოჯახშიც გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ისე, უცნაური შეკითხვა იყო. რატომ უნდა გვქონდეს მე და ანდრეის პრობლემა ერთმანეთთან? რას ველოდები მისგან, როგორც ფეხბურთელისგან? ამაზე არასოდეს გიპასუხებთ. ჩვენ ამ თემაზე მხოლოდ ერთმანეთში ვილაპარაკებთ.
- აშკარაა, რომ მუშაობა ძალიან მოგენატრათ.
- მართალია, მომენატრა. კარგი იყო ცოტა ხნით სახლში დაჯდომა, მაგრამ ჩემი მეუღლე გრძნობდა, რომ ადრენალინი მაკლდა. თუმცა ფეხბურთისგან კი დავისვენე. ახლა ისევ ვუყურებ თამაშებს, ვაანალიზებ. ერთი სიტყვით, ძალიან მაკლდა ეს პროცესი.
- რამდენად შეიცვალა 2007 წლის შემდეგ ოლეგ ბლოხინი?
- ამ შეკითხვაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ. სწორედ თქვენი კოლეგები მსჯელობენ იმაზე, რანაირი ვიყავი და რანაირი გავხდი. საინტერესო იქნება იმ ადამიანების დასკვნა, რომლებიც მე გვერდიდან მაფასებენ.
- ვის აჩუქებთ პლატინის ბილეთს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ თქვენ, როგორც ჩემპიონატის საპატიო სტუმარს ისე გადმოგცათ?
- ამ თემაზე ჯერ არ მიფიქრია. ეს მეორეხარისხოვანი პრობლემაა. ვის, არ ვიცი, მაგრამ ვინმეს გადავცემ.
- აპირებთ თუ არა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ახალ კონტრაქტზე ფიქრს?
- როცა თანამდებობაზე ვინიშნებოდი, საკითხი ასე არ დამიყენებია. ვნახოთ.