ვან მარვიიკი: სნეიდერმა ბრწყინვალედ ითამაშა

AutoSharing Option
ფინეთი-ჰოლანდია 0:2
ამ რთულ დაპირისპირებაში გამარჯვებით ჰოლანდიის ნაკრებმა პრაქტიკულად გაინაღდა ჯგუფში პირველი ადგილი, თუმცა ვითარება ყველაზე უარესი სცენარითაც რომ განვითარდეს, "ნარინჯისფრები" საუკეთესო მეორეადგილოსნის სახელს არავის დაუთმობენ.

ასე, რომ, 59 წლის ბერტ ვან მარვიიკის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე უკვე გავიდა. შვედებს მეტოქის გადასწრების მიზერული შანსი აქვთ. ამისთვის მათ ორივე თამაში უნდა მოიგონ, ხოლო ჰოლანდიამ ორივე წააგოს, რაც, დაგვეთანხმებით, უფრო მეტია, ვიდრე სენსაცია და ამ შედეგზე ფულის დამდები ადამიანი მსოფლიოში არც კი გვეგულება.

მიქსუ პაატელაინენის გუნდმა ფავორიტს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. 29-ე წუთამდე ყველაფერი კარგად
მიდიოდა, მაგრამ კევინ სტროოტმანმა ვესლი სნეიდერის (ინტერელმა წარმოუდგენლად დიდი სამუშაო გასწია და მინდორზე აშკარად საუკეთესი იყო) ფანტასტიკური პასის შემდეგ შეძლო ანგარიშის გახსნა.

მეორე ტაიმში მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ ბურთი ცარიელი კარიდან ერიკ პიტერსმა გამოიტანა. თამაშს კი წერტილი კონტრშეტევაზე სტუმრებმა დაუსვეს - ელიერო ელიას პასი ლუკ დე იონგმა შეირგო და ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ბერტ ვან მარვიიკმა შემდეგი განაცხადა: "თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ. უამრავ მომენტს ვქმნიდით, თუმცა დამამთავრებელ სტადიაში აღარ ვვარგოდით. მომეჩვენა, რომ მეტოქეს ეშინოდა ჩვენი. კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის ნახევარდაცვის თამაშით. კომპლიმენტი ყველაზე მეტად სნეიდერს ეხება. კარგი შთაბეჭდილბა დატოვა ასევე სტროოტმანისა და ვან ბომელის დუეტმაც".

რუმინეთი-საფრანგეთი 0:0
დ ჯგუფის ლიდერმა საფრანგეთმა ბუქარესტში ვერაფერი გააწყო რუმინეთის ნაკრებთან და ახლა უშუალო კონკურენტ ბოსნიას სულ რაღაც ქულით უსწრებს. ბალკანელები ლორან ბლანის გუნდს 11 ოქტომბერს საფრანგეთში დაუპირისპირდებიან და "მამლების" უპირატესობაც სწორედ ეს არის. მეტოქეებს პარიზულ მატჩამდე თითო შეხვედრა კიდევ ელით. 7 ოქტომბერს ფრანგები შინ ალბანეთს მიიღებენ, იმავე დღეს ბოსნია ლუქსემბურგს დაუხვდება.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს: გოლის გატანა ორივე გუნდს რამდენჯერმე შეეძლო. პირველად ანგარიშის გახსნა ბენელა ნიკოლიცეს საჯარიმოდან შეეძლო, მაგრამ უგო ლორისი ბურთს საჭირო ადგილას დახვდა. საჯარიმოთივე შეეძლო გატანა მატიე ვალბუენას, მაგრამ მისი დარტყმული ხარიხას ოდნავ გადაცდა. 28-ე წუთზე ისევ ნიკოლიცეს შეეძლო თავის გამოჩენა.

მეორე ტაიმის შუაწელს იოან კაბაიმ ისარგებლა მცველების შეცდომით და შორიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ ჩიპრიან ტეტერუშანუმ ითამაშა კარგად. შემდეგ ფრანკ რიბერის შეეძლო მახვილი კუთხიდან გატანა, თუმცა სულ მცირედი დააკლდა. 78-ე წუთზე ბოგდან სტენკუმ ვერ დაამუშავა ბურთი. მას ეს რომ გაეკეთებინა, გოლს ულაპარაკოდ გაიტანდა. მოკლედ სულ ეს იყო. ვერ ვიტყვით, რომ ვისაც შეხვედრისთვის თვალი არ მიუდევნებია, რამე ღირებული დაკარგა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე სტუმართა თავკაცმა ბუქარესტის "ნაციონალის" მინდვრის საფრით უკმაყოფილება ვერ დამალა: "საფარი აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა. არა, მესმის, რომ ცუდი მინდორი ორივე გუნდს უშლის ხელს, მაგრამ უფრო იმას, ვინც შეტევებზე მეტს ფიქრობს.

ამას გარდა, ვერ მოვიგეთ იმიტომაც, რომ რუმინელთა მთელი ყურადღება დაცვისკენ იყო მიმართული. ცუდად მაინც არ გვითამაშია, დრო და დრო ხელთ უდიდესი უპირატესობა გვეპყრა ხოლმე. სამწუხაროდ, 3 ქულის აღება მაინც ვერ შევძელით".

ინგლისი-უელსი 1:0
ინგლისის ნაკრებს ერთი ნაბიჯის გადადგმაღა სჭირდება მის წინაშე დასახული ამოცანის გადასაჭრელად. ერთადერთი გოლი უელსელებს შეხვედრის 35-ე წუთზე ეშლი იანგმა გაუტანა. თუმცა შეხვედრის ბოლომდე მასპინძლებს ანგარიშის შენარჩუნება საკმაოდ გაუჭირდათ.

უელსი ფაბიო კაპელოს გუნდს საფინალო სასტვენამდე ებრძოდა. მოგებულ შემადგენლობას არ ცვლიანო, ნათქვამია, მაგრამ იტალიელი მაესტრო იძულებული გახდა, ასე მოქცეულიყო.

თეო უოლკოტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სკამზეც ვეღარ მოხვდა. მის ნაცვლად ძირითადში ჯეიმს მილნერი ვიხილეთ. სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა სკოტ პარკერმა, მის ნაცვლად კაპელო ფრენკ ლემპარდს დაეყრდნო, თუმცა "ჩელსის" ლიდერი "ტოტენჰემის" ახალწვეულმა 73-ე წუთზე შეცვალა.

ინგლისმა სიტუაციაზე კონტროლი თავიდანვე იგდო ხელთ და ის, რომ 35-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ლოგიკური იყო. მშვენივრად გაათამაშეს ერთმანეთში ბურთი ყოფილმა ასტონვილელებმა სტიუარტ დაუნინგმა და ეშლი იანგმა.

ლივერპულელმა ფლანგზე გაილაღა, ჯო ლედლი რამდენჯერმე მოატყუა და ბურთი საჯარიმოში შეაგდო, სადაც მცველებს უკვე მანჩესტერელმა დაასწრო წამით. გათანაბრება ჯერ გარეთ ბეილს შეეძლო, ვინც მეკარესთან ერთი ერთზე დარჩა, მაგრამ არბიტრმა უელსელზე რატომღაც თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

შემდეგ კი წარმოუდგენელი მომენტი გააფუჭა რობერტ ერნშოუმ - მან ჯო ჰარტის კარს დაახლოებით 3-4 მეტრიდან ააცილა. არადა ხელს ნადვილად არავინ უშლიდა. აი, რა განაცხადა ფაბიო კაპელომ მატჩის შემდეგ: "რატომღაც "უემბლიზე" გამართულ შეხვედრებში თავდაჯერებულნი არ ვართ. რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი კი, ვისაც შეტევისას ბურთთან კარგად მოპყრობა შეუძლია, ამ თვისებას მოულოდნელად კარგავს.

მე მუდამ ვითხოვ, რომ მეტოქის კარის სიახლოვეს სამი ფეხბურთელი იყოს, ახლა კი მომენტებში ერთს ვხედავდი ხოლმე. დღეს ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ მოვექეცით, რადგან კონკრეტული შედეგისთვის უნდა მიგვეღწია.

ჩემი შეგირდები მთელი შეხვედრის განმავლობაში სათანადოდ სწრაფად არ მოქმედებდნენ, უშვებდნენ შეცდომებს საკუთარ საჯარიმოსთან, მაგრამ კარგია, რომ ბედმა გაგვიღიმა. განსაკუთრებულად ცუდად ბოლო 15 წუთში ვითამაშეთ, რადგან მეტოქეს ბურთი ვერაფრით წავართვით. ყველაფრის მიუხედავად, გამარჯვებით კმაყოფილი ვარ. ეს ხომ ყველაზე მთავარია".

გამარჯვებით მოგვრილი სიხარული დიდწილად თამაშამდე მომხდარმა ტრაგედიამ დაჩრდილა. მატჩის საღამოს, ადგილობრივი დროით 19:20 წუთზე სტადიონის სიახლოვეს დაშავებული ადამიანის საშველად სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

ბუნებრივია, მას ფეხდაფეხ მიჰყვა პოლიციაც. უელსის 44 წლის მკვიდრს თავზე რამდენიმე სერიოზული დაზიანება აღენიშნებოდა, ამას გარდა სასწრაფო დახმარების ექიმებმა მას გულის შეტევაც დაუდგინეს.

დაზარალებული სასწრაფოდ გადაყვანეს უახლოეს საავადმყოფოში, სადაც ოპერაცია ჩაუტარეს, მაგრამ ქირურგების მცდელობის მიუხედავად, 20:50-ზე ის გარდაიცვალა. ინციდენტი უემბლისთან ახლოს მოხდა. გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად ინფორმაციის გავრცელებისთანავე სტადიონის დაცვა გაძლიერდა. პოლიციამ ექვსი ეჭვმიტანილის დაკავება მალევე შეძლო.

ჩაცმულობიდან გამომდინარე ისინი უელსის ნაკრების გულშემატკივრები არიან. გამომძიებლები მალევე წარგდნენ ჟურნალისტთა წინაშე და განაცხადეს, რომ დაღუპულის ვინაობა დაადგინეს, მაგრამ იქამდე, ვიდრე ოჯახს საქმის ყურში არ ჩააყენებდნენ, ვინაობის დასახელებისგან თავს შეიკავებდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული