იაკინი ნაკრებიდან წავიდა

AutoSharing Option
34 წლის თავდამსხმელმა ჰაკან იაკინმა შვეიცარიის ნაკრებიდან წასვლა გადაწყვიტა. ამ გუნდის შემადგენლობაში მან სულ 87 თამაში ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.

ჰაკანმა ეროვნული გუნდის ღირსება 2004 და 2008 წლების ევროპის ჩემპიონატებზე დაიცვა, ის მონაწილეობდა ასევე 2006 და 2010 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზეც. "ნაკრების ახალგაზრდა წევრები თავის საქმეს მშვენივრად აკეთებენ. სწორედ ამიტომ არ მინდა, რომ ვინმეს გზაზე გადავუდგე," - განაცხადა "ლუცერნის" ფეხბურთელმა.

შვეიცარიელთა დამრიგებელმა ოტმარ ჰიტცფელდმა ხაზი გაუსვა წლების განმავლობაში გუნდის წინაშე ჰაკანის მიერ გაწეულ ღვაწლს და აღნიშნა, რომ ის თავის საქმეს
ყოველთვის მაღალ დონეზე აკეთებდა. უკანასკნელად იაკინმა ეროვნული გუნდის ღირსება ამა წლის 9 თებერვალს მალტასთან ამხანაგური მატჩისას (0:0) დაიცვა. შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ნაკრების ღირსებას იცავდა მისი უფროსი ძმა მურატ იაკინიც, ვინც ნაკრებში 49 თამაში ჩაატარა.

საკლუბო დონეზე ჰაკანს საშობლოში "ბაზელის", "გრასჰოპერსისა" და "იანგ ბოიზის" ღირსება დაუცავს. უთამაშია ასევე უცხოეთში, სადაც "შტუტგარტსა" და "გალათასარაის" ირიცხებოდა. უკვე გადაწყვეტილია, რომ 2012 წლის 1-ელ ივლისიდან ჰაკანი "ბელინცონაში" გადავა, ვისთანაც მისი ასაკისთვის უჩვეულო 6-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. თუმცა საქმე ის არის, რომ ის ჯერ მოქმედი ფეხბურთელი იქნება, კარიერის დასრულების შემდეგ კი კლუბის დირექტორატში დაიწყებს საქმიანობას.

შვეიცარიელებს დღეს საკმაოდ რთული შეხვედრა ელით უელსის ნაკრებთან (სადაც მხოლოდ მოგება აძლევთ ხელს), შემდეგ კი ისინი შინ ჩერნოგორიელებს იღებენ, რომლებმაც თავის მხრივ შინ ინგლისს ვერ უნდა მოუგონ. ამ შემთხვევაში ბაზელში გასამართი დაპირისპირება უდიდეს მნიშვნელობას შეიძენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული