ჰოლანდიური ამბები: ჭირვეულის მორჯულება

AutoSharing Option
ჰოლანდიურმა გამოცემა “დე ტელეგრააფმა” ბერტ ვან მარვიიკის აგენტზე დაყრდნობით მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა, ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდის თავკაცთან შეთანხმებას მიაღწია და სპეციალისტი “ნარინჯისფრებს” 2016 წლამდე უხელმძღვანელებსო.

ინფორმაცია მოულოდნელი იყო თუნდაც იმიტომ, რომ ვან მარვიიკს არაერთხელ ჰქონდა ნათქვამი, დიდხანს ერთ ადგილას გაჩერება ჩემი სტილი არ არის, ამიტომ ევრო 2012-ის შემდეგ ჩემ მაგივრად ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციას სხვა მწვრთნელის მოძებნა მოუწევსო.

ბერტი ქვეყნის მთავარ გუნდს 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ თავკაცობს და 2010-ში გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა. წარმატებულად იმუშავა ვან მარვიიკმა 2012-ის შესარჩევ
ციკლშიც: მისმა გუნდმა საგზური ვადამდე მოიპოვა და შთამბეჭდავი თამაშის წყალობით ჟურნალისტების მიერ ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებებთან ერთად მომავალი დიდი ბატალიების უმთავრეს ფავორიტად სახელდება.

ახლა კი ჰოლანდიურ საკლუბო თემატიკაზე გადავიდეთ: “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა იანვარში ეურელიო გომესთან განშორებას რომ აპირებს, რა ხანია, ცნობილია. მიზეზი 30 წლის ბრაზილიელის ჰარი რედნაპთან კონფლიქტია. გომესის შეძენის მსურველი მისი ყოფილი კლუბი “ეინდჰოვენია”.

პსვ ამჟამინდელი ძირითადი მეკარის, შვედი ანდრეას ისაკსონის შემცვლელს ეძებს, ვის კონტრაქტსაც ვადა სეზონის ბოლოს გასდის. გომესი ეინდჰოვენელთა ღირსებას 2004/08 წლებში იცავდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული