გუუს ჰიდინკი: ჩემი მართალი გზა

AutoSharing Option
ევრო 2012-ის პლეი ოფის შეხვედრაში ხორვატია-თურქეთის დასრულების შემდეგ ყველა მოელოდა, რომ თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია გუუს ჰიდინკის ბედს გადაწყვეტდა. მოლოდინი გამართლდა.

65 წლის ჰოლანდიელ სპეციალისტს, ვინც თურქეთის ნაკრების ფინალურ ეტაპზე გაყვანა ვერ შეძლო, კარისკენ მიუთითეს. მხარეთა შორის დადებულ კონტრაქტს ვადა 2012 წლის აგვისტოში გასდიოდა. ის მხარეთა შეთანხმებით გაუქმდა. გუუსი ამის გამო საკომპენსაციო თანხას მიიღებს, რომელიც მოგვიანებით განისაზღვრება ან კომპენსაციას არ მიიღებს და ხელფასი შეუნარჩუნდება.

თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ჰოლანდიელმა თქვა, თურქეთის ნაკრების კრიზისში დამნაშავენი ყველაზე მეტად თურქული კლუბები
არიან, რადგან ისინი საერთოდ არ ფიქრობენ ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდაზეო. აი, რა განაცხადა ჰიდინკმა: "ნაკრებების გამოსვლა, დაწყებული 14-წლამდელებიდან, პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მუშაობენ ადგილობრივი კლუბები. საქმე ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდის სისტემაშია.

გერმანიასა და ჰოლანდიაში ის ძალიან კარგად მუშაობს და ამ ქვეყნების ნაკრებების შემხედვარე აშკარაა, რომ შედეგი სახეზეა. ჰოლანდია პატარა ქვეყანაა, მაგრამ ჩვენი გუნდი პრაქტიკულად ყოველთვის ხვდება დიდ ტურნირებზე. ბოლოს ასეთი გამონაკლისი 2002 წელს იყო. ეს იმის წყალობით ხდება, რომ თავიანთ კლუბებში ახალგაზრდა ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა არ აკლიათ. ნაკრებებში ისინი მომზადებულები მიდიან.

თურქეთში კი ახალგაზრდა ფეხბურთელების შემადგენლობაში დაყენება არ უყვართ. თუკი ვინმე მაინც თამაშობს, ეს, როგორც წესი, გამონაკლისია. არადა, ამ ქვეყნის ფეხბურთს დიდი პოტენციალი აქვს. მას ვერც ვერასოდეს გამოიყენებენ, თუკი ამ საკითხისადმი მიდგომას არ შეცვლიან.

როცა ნაკრებში დავინიშნე, ფედერაციის პრეზიდენტს შევუთანხმდი, რომ კურსს გაახალგაზრდავებისკენ ავიღებდი და მომავლის გუნდს გავაკეთებდი. ასე რომ, ახლა თურქეთის ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი მიდის და მე არ ვნანობ, რომ ეს კურსი ავირჩიე. ჩვენ ჯგუფში მეორე ადგილი დავიკავეთ და რაც მთავარია, გუნდს ახალი სისხლი გადავუსხით. ნაკრებს ამ შემადგენლობით რამდენიმე წელიწადი შეეძლება თამაში".

მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ჰიდინკს შეკითხვა საკუთარ მომავალზეც დაუსვეს. აი, რას აცხადებს ვეტერანი მწვრთნელი: "ჩემს მომავალზე დასაფიქრებლად არ მეცალა. ჯერ დავისვენებ და მერე ვნახავთ, რა მოხდება. ხშირად წერენ ჩემს ინგლისურ ვარიატებზე.

დიახ, ამ ქვეყანაში მუშაობა მშვენივრად მახსენდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მზად ვარ, ჩემოდნები ჩავალაგო და ხვალვე წავიდე სამუშაოდ. ჯერ დრო მჭირდება, რომ ცოტა მოვდუნდე. ამ ეტაპზე ფეხბურთიდან წასვლას არ ვგეგმავ. შეიძლება რაღაც პერიოდი მყუდრო გარემო ვნახო - კონსულტანტობას ან ტექნიკური მრჩევლის პოსტს დავჯერდე. ძალიან მინდა, რომ ახალგაზრდა სპეციალისტებმა ჩვენგან, ვეტერანებისგან მაქსიმალურად ბევრი კარგი რამ ისწავლონ".

აქვე გეტყვით, რომ თურქულმა პრესამ თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამი ყველაზე რალური კანდიდატურა დაასახელა. ისინი ვარაუდობენ, რომ აქცენტი ადგილობრივ კადრზე გაკეთდება, ასე რომ, ლაპარაკი ბერტი ფოგთსზე აღარ გაგრძელდება.

ფედერაციის მაღალჩინოსანთა ინფორმაციით განხილებიან აბდულა ავჯის (ისტანბულსპორი), ერთუღრულ საგლამისა (ბურსასპორი) და თოლუნაი კაფკასის (ფეხბურთის ფედერაციის ფუნქციონერი) კანდიდატურები. გადაწყვეტილება ალბათ უახლოეს ორ კვირაში იქნება დამტკიცებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული