ბრძოლა კომფორტისთვის

AutoSharing Option
სად დაბინავდებიან ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებები, უმეტესობას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.

აქამდე გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, გუნდების უმეტესობა პოლონეთს ირჩევს. თუმცა იმ გუნდებისთვის, რომელთაც თამაშების ჩატარება უკრაინაში მოუწევთ, ნაკლებად კომფორტული იქნება უზარმაზარ მანძილებზე მგზავრობა.

უკრაინა-პოლონეთი ნამდვილად არ არის ავსტრია-შვეიცარია, სადაც 4 წლის წინ ყოველი სტადიონი ლამის ყურის ძირში იყო. ყოველივეს გათვალისწინებით, ბაზირებას გუნდები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. ამ დღეებში დონეცკს საფრანგეთის ნაკრების თავკაცი ლორან ბლანი ეწვევა.

მას ერთადერთი მიზანი აქვს, დაათვალიეროს "შახტარის" ბაზა. ის ქალაქის იმ სასტუმროებსაც შეავლებს თვალს, რომლებიც მას
უეფას კომისრებმა ურჩიეს. "სამფეროვნებს" თავდაპირველად ვარშავიდან 60 კმ-ის რადიუსში სურდათ ბანაკის დაცემა, მაგრამ კენჭისყრის შედეგების შემდეგ ამ იდეაზე უარი თქვეს.

ჰოლანდიის ნაკრებს ყველა შეხვედრის გამართვა ხარკოვის "მეტალისტის" სტადიონზე მოუწევს. მიუხედავად ამისა, ისინი საცხოვრებლად კრაკოვში წინდაწინ შერჩეულ სასტუმროში დარჩებიან და ვარჯიშითაც იქვე ივარჯიშებენ.

"ჩვენთვის სტადიონის მდებარეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. 15 წუთით მეტს მოვუნდებით გზას, თუ ამდენით ნაკლებს, სულ ერთია," - განაცხადა ბერტ ვან მარვიიკმა.

ჯგუფურ ეტაპზე "ნარინჯისფრების" კონკურენტი დანია ალბათ უკრაინაში იცხოვრებს. დანიელთა თავკაცი მორტენ ოლსენი ნანახით კმაყოფილი დარჩა. რამდენიმე დღეა, რაც ის, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, სწორედ ამ ქვეყანას სტუმრობს. მისი თქმით, ლაპარაკი იმაზე, რომ უკრაინა სტუმრებს ცუდი პირობებს ახვედრებს, სიმართლისგან ძალზე შორსაა.

"როცა აქ მოვდიოდი, ცოტა განსხვავებულის მოლოდინი მქონდა. ვკითხულობდი, რომ აქ ბევრი რამე მიღებული სტანდარტებისგან შორს არის. მაგალითად ამას ამტკიცებდნენ გერმანელი და ინგლისელი ჟურნალისტები. რა თქმა უნდა ყველაფერი არ მინახავს, მაგრამ რაც ვნახე, საკმარისია იმის სათქმელად, რომ მათი შეფასებები მეტისმეტად მუქ ფერებში იყო წარმოდგენილი," - განუცხადა ოლსენმა დანიურ გამოცემა "სპორტენს". - მკაცრ ზამთარში საწვრთნელ მინდვრებზე ლაპარაკი ნაადრევია.

ეჭვი არ მეპარება, რომ ზაფხულამდე საფრის პრობლემები ყველგან აღმოიფხვრება. ჯერ არაფერი გადაგვიწყვეტია. გეგმაში სწორედ ასე გვქონდა. უკრაინის შემდეგ პოლონეთსაც ვეწვევით და იქაურ პირობებსაც შევისწავლით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული