როგორც გუშინ ვიუწყებოდით, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა კრიშტიანუ რონალდუმ სეზონის პირველივე მატჩში ტრავმა მიიღო და პორტუგალიის ნაკრებს ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლი სტარტზე ვერ დაეხმარება. "სამეფო კლუბის" ექიმებმა ფეხბურთელს მტკივან კოჭზე საგულდაგულო შემოწმება ჩაუტარეს და დაადგინეს, რომ კრიშტიანუ მწყობრში ორ-სამ კვირაში დაბრუნდება.
"კრიშტიანუ რონალდუს ტრავმა პირველი შეხედვით მეტად სერიოზული ჩანდა, მაგრამ ტესტირებამ ცხადყო, რომ საქმე არც ისე ცუდადაა. რონალდუ ფეხბურთს სამ კვირაში დაუბრუნდება", - თქვა "რეალის" ექიმმა კარლოს დიესმა.
ასეა თუ ისე, 3 და 7 სექტემბერს, შესაბამისად კვიპროსისა და ნორვეგიის ნაკრებთა წინააღმდეგ კრიშტიანუ
რონალდუ ნამდვილად არ ითამაშებს. გარდა ამისა, არსებობს საკმაო ალბათობა, რომ "სამეფო კლუბი" თავის ლიდერს 12 სექტემბერს "ოსასუნასთან" ესპანეთის ჩემპიონატის მატჩშიც მოისაკლისებს და შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის სასტარტო შეხვედრაშიც – 16 სექტემბერს ამსტერდამის "აიაქსთან".