ევრო 2012. A ჯგუფი. ლიოვი და ჰიდინკი ფრთხილობენ

AutoSharing Option
საკლუბოსთან ერთად, სანაკრებო ფეხბურთიც გვიბრუნდება: დღეს ევროპის 2012 წლის შესარჩევი ციკლი იწყება. კონტინენტის უკრაინასა და პოლონეთში ჩასატარებელ პირველობაზე მასპინძლების გარდა, 9 ქვეჯგუფის პირველადგილოსნები და საუკეთესო მეორეადგილოსანი გავლენ. დარნარჩენი 8 მეორეადგილოსანი კი 4 საგზურს პლეი ოფში გაინაწილებს. პირველი ტურის ცენტრალური მატჩი ინგლისში იმართება, სადაც ფაბიო კაპელოს გუნდი კონკურენტ ბულგარეთს დაუპირისპირდება.

A ჯგუფი
3 სექტემბერი
ყაზახეთი-თურქეთი
ბელგია-გერმანია

სტატისტიკა ამ შემთხვევაში ყველაფერზე მეტყველებს: 1954 წლის 29 სექტემბრის შემდეგ, როცა მსოფლიოს "ახალგამომცხვარმა" ჩემპიონმა გერმანიამ ბრიუსელში ბელგიასთან 0:2 წააგო, ბუნდესგუნდი ამ მეტოქესთან ერთხელაც არ დამარცხებულა.
მას მერე გერმანელები ბელგიელებს 14-ჯერ დაუპირისპირდნენ, 13-ჯერ დაამარცხეს და მხოლოდ ერთხელ, ისიც ამხანაგურ შეხვედრაში დასჯერდნენ ფრეს (0:0). ამრიგად, ფავორიტი გერმანიაა. მიუხედავად ამისა, ბუნდესმწვრთნელ იოახიმ ლიოვს ფავორიტობის გაგონება არ სურს და ამბობს, არ დაგავიწყდეთ, რომ დიდი ტურნირების შემდეგ, წარმატებული გუნდები ხშირად ეცემიანო, მაგალითად კი იტალიის ნაკრები მოჰყავს, რომელმაც 2006 წელს, მსოფლიოს ჩემპიონის რანგში ლიტვასთან 1:1 ითამაშა. ლიოვი აცხადებს, რომ მისი შეგირდების აბსოლუტური უმრავლესობა საუკეთესო ფორმისგან ძალიან შორსაა. იოგის კონკრეტული გვარები არ ჩამოუთვლია, მაგრამ ორი აზრი არ არსებობს, პირველ რიგში ლამი, კლოზე, მიულერი, ბადშტუბერი, გომესი და კროოსი იგულისხმა. არცთუ კარგ ფორმაში არიან "რეალში" გადასულებიც, მესუთ იოზილი და სამი ხედირა. ლიოვს დაშავებული ჰყავს ცენტრალური მცველი არნე ფრიდრიხი, რომელსაც სავარაუდოდ ჰაიკო ვესტერმანი შეცვლის. მუნდიალზე სწორედ ამ უკანასკნელს უნდა ეთამაშა, მაგრამ მაშინ ის იყო ტრავმირებული.
თურქეთის ნაკრები ასტანაში, ყაზახეთთან გასამართი მატჩის წინ, რა თქმა უნდა, ფავორიტია - ახალ მწვრთნელ გუუს ჰიდინკს მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებს. თუმცა ჰოლანდიელი თავის შეგირდებს აფრთხილებს: "სუსტი მეტოქე და იოლი მატჩი არ არსებობს," - განუცხადა მან გაზეთ "ფანატიკს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული