ევრო 2012. A ჯგუფი. ფოგთსი: არ წავაგოთ დიდი ანგარიშით!

AutoSharing Option
თურქეთი-ბელგია
ავსტრია-ყაზახეთი
გერმანია-აზერბაიჯანი

ბელგიასთან სტუმრად მოგების (1:0) შემდეგ, გერმანიის ნაკრებს დღეს მეორე კალენდარული მატჩი უწევს - ბუნდესგუნდი კიოლნში, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს მასპინძლობს. დაგვეთანხმებით, გერმანიას მორიგი სამი ქულის მოპოვება განაღდებული აქვს, რადგან ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ აზერბაიჯანმა კიოლნიდან თუნდაც ქულის წაღება შეძლოს. სენსაციები ხშირად ხდება და რაღა შორს წავიდეთ, პარასკევს საფრანგეთმა შინ ბელორუსთან წააგო, მაგრამ გერმანია არ არის და არც არასდროს ყოფილა ის გუნდი, რომელიც აზერბაიჯანს ვერ დაამარცხებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მეზობლების გერმანელი მწვრთნელი ბერტი ფოგთსი ამბობს, ჩვენი მიზანი ისაა, რომ
კიოლნში დიდი ანგარიშით არ წავაგოთო.

გუშინ, მცირე ტრავმის გამო ბასტიან შვაინშტაიგერმა ვერ ივარჯიშა, მაგრამ "ბაიერნის" ნახევარმცველი დღეს აუცილებლად ითამაშებს. მიუხედავად ბელგიასთან ცუდად თამაშისა, ბუნდესმწვრთნელი იოახიმ ლიოვი ალბათ მაინც სასტარტო შემადგენლობაში გაამწესებს ლუკას პოდოლსკის - მატჩი ხომ კიოლნში ტარდება. შესაბამისად, პოლდის იმის შანსი მიეცემა, რომ ბუნდესგუნდის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობა გაზარდოს. სადღეისოდ მას 80 შეხვედრაში 40 გოლი აქვს გატანილი. იგივე ეხება მიროსლავ კლოზესაც, რომელმაც ბელგიასაც გაუტანა და ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდის დამხობისკენაა ორიენტირებული.

სამაგიეროდ, ლიოვი ნაღდად ვერ გამოიყენებს მარსელ იანსენს (ტრავმა). აზერბაიჯანზე კი ის უნდა ვთქვათ, რომ პარასკევს არ უთამაშია, ბოლო ორი ამხანაგური მატჩიდან კი ერთი ფრედ დაასრულა (მოლდოვასთან 1:1), ერთი კი წააგო (მაკედონიასთან 1:3). რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს: გერმანია აზერბაიჯანს აქამდე ორჯერ შეხვდა, ორჯერვე მსოფლიოს 2010 წლის შესარჩევ ციკლში და რა თქმა უნდა, ორივე თამაში მოუგო: 4:0 (შინ) და 2:0 (სტუმრად).

თურქეთისა და ბელგიის ნაკრები გუნდების დაპირისპირება გაცილებით საინტერესოა. თურქები ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იყვნენ, სადაც გერმანიასთან დამარცხდნენ და ახლა მთავარ მწვრთნელ გუუს ჰიდინკს უნდა, რომ ეს გუნდი ისევ უმაღლესი მიზნებისთვის აბრძოლოს. პირველი ნაბიჯი გადადგმულია: პარასკევს ჰიდინკის გუნდმა ყაზახეთიდან სამი ქულა წაიღო (3:0) და პირველი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს ლიდერობს. თუ თურქები ბელგიასაც დაამარცხებენ, ორი ტურის შემდეგ იდეალურ ვითარებაში აღმოჩნდებიან. ბელგიელებს გერმანიასთან მარცხის შემდეგ საკადრო პრობლემები მიეძალათ: ტრავმების გამო თურქეთთან კითხვის ნიშნის ქვეშაა ვენსან კომპანის, ტიმი სიმონსისა და ედენ ჰაზარის ასპარეზობა. არადა, სამივე ბელგიის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელია.

ბელგიელთა მთავარი მწვრთნელი გეორგ ლეეკენსი ამბობს, რომ სტამბულში მისი შეგირდები გამარჯვებისთვის იბრძოლებენ: "გერმანიასთან დავამტკიცეთ, რომ კარგი გუნდი გვყავს. ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გვინდა და თურქეთში სამი ქულისთვის ჩავდივართ." ჰიდინკი კი აღიარებს, რომ მის გუნდს ბელგიასთან რთული თამაში ელის.
დღესვე, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს ავსტრიის ნაკრებიც დაიწყებს: დიტმარ კონსტანტინის გუნდი თურქეთთან დამარცხებულ ყაზახეთს მასპინძლობს. წესით, ავსტრიელებმა სამი ქულა უნდა აიღონ, თუმცა ამის გაკეთებს უმით ქორქმაზის გარეშე მოუწევთ, რომელიც ტრავმირებულია.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული