ევრო 2012. D ჯგუფი. გაღრმავდება საფრანგეთის კრიზისი?

AutoSharing Option
ბელორუსი-რუმინეთი
ალბანეთი-ლუქსემბურგი
ბოსნია-საფრანგეთი

საფრანგეთის ნაკრები ისევ უმძიმეს კრიზისშია. ფრანგებს ჯერჯერობით ვერც მწვრთნელის შეცვლამ უშველა და ვერც დამძიმებული თუ სკანდალისტი ფეხბურთელების მუდმივმა თუ დროებითმა მოკვეთამ - ლორან ბლანის მიერ დამოძღვრილმა გუნდმა პარასკევს ყველასათვის მოულოდნელად, ბელორუსთან წააგო (0:1). ცხადია, საფრანგეთს ბოსნიასთან გამარჯვება ჰაერივით ესაჭიროება, მაგრამ როგორ უნდა დაამარცხონ ფრანგებმა ბოსნიის ნაკრები, რომელიც ათი თავით სჯობს ბელორუსს? თანაც, ბოსნია საკუთარ მოედანზე ძალიან კარგად გამოიყურება ხოლმე და ქულებს იშვიათად ანიავებს.

ეს მატჩი ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრაა. ბოსნიას შესანიშნავი შანსი აქვს, საფრანგეთის ნაკრების კრიზისი გამოიყენოს
და ბლანის გუნდს სამი ქულა დაატოვებინოს. გუშინდელ ნომერშიც ვწერდით, რომ ბლანმა აღარ იცის, რა მოიმოქმედოს. ფაქტი ერთია: მას მთელი თავდასხმის შეცვლა მოუწევს, რადგან ლოიკ რემი, გიიომ ოარო და ლუის საა ტრავმირებულები არიან. ბლანმა წინა ხაზისთვის ლიონელი ჯიმი ბრიანი გამოიძახა. მისთვის სერიოზული პრობლემაა დაცვის ხაზიც, სადაც ბელორუსთან განსაკუთრებით ცუდად გაელ კლიშიმ ითამაშა და ფლორენ მალუდასთან ერთად, ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო. სამაგიეროდ, ფრანგებს ქარიმ ბენზემა დაუბრუნდათ.

ბოსნიელებს ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში ჰყავთ: სეიად სალიჰოვიჩი, ზვიეზდან მიშიმოვიჩი, ედინ ჯეკო და ვედად იბიშევიჩი აუცილებლად ითამაშებენ. სამაგიეროდ, კითხვის ნიშნის ქვეშაა ახალგაზრდა ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის ასპარეზობა.

"თუ ბოლოდროინდელ შედეგებსა და ჩემი გუნდის ფორმას გავითვალისწინებთ, ვერ ვიტყვი, რომ ბოსნიაში მოსაგებად მივდივართ. პარასკევს ისეთი კატასტროფა დაგვემართა, რომ მორალური უფლება არ გვაქვს, ვთქვათ, რომ ბოსნიაში სამი ქულისთვის მივდივართ. ცხადია, მოგება გვინდა და ძალიანაც გვჭირდება, მაგრამ პირველ რიგში იმას ვისურვებდი, რომ ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშოს," - განაცხადა გუშინ ბლანმა.

ბელორუსმა საფრანგეთში ისეთი სასწაული მოახდინა, რომ დღეს ამ გუნდს რუმინეთთან საშინაო მატჩში ბევრი ფავორიტადაც კი რაცხავს - მიტ უმეტეს მას მერე, რაც რუმინეთმა საკუთარ მოედანზე ალბანეთის დამარცხება ვერ შეძლო. მოკლედ, დღეს უნდა გამოჩნდეს, რამდენად შემთხვევით მოიგეს ბელორუსებმა პარიზში ან რამდენად შემთხვევით დაკარგა რუმინეთმა ალბანეთთან ქულები. რუმინეთიდან ქულის წამღები ალბანელები კი ლუქსემბურგს მასპინძლობენ და კარგი შანსი აქვთ, რომ აქტივი 4 ქულამდე გაზარდონ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული