ევრო 2012. G ჯგუფი. გიგანტთა ჯახი: ჰიტცფელდი VS კაპელო

AutoSharing Option
ბულგარეთი-მონტენეგრო
შვეიცარია-ინგლისი

ფაბიო კაპელო ბულგარეთის განადგურებით (4:0) გვარიანად განიტვირთა. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ არაერთგზის, თანაც ძალიან მძიმედ გაკრიტიკებულმა იტალიელმა მწვრთნელმა თქვა კიდეც, ძალიან დიდი ტვირთი მოვიშორე და ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობა ძველებურად დიდ სიამოვნებას მანიჭებსო. "დონ ფაბიოს" შეგირდები დღეს შვეიცარიას სტუმრობენ და აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში შვეიცარიელებს არ უთამაშიათ.

შვეიცარიის ნაკრების დამრიგებელი ოტმარ ჰიტცფელდი ამბობს, პირველივე თამაშში ჯგუფის მთავარი ფავორიტის დამარცხება ჩვენთვის საოცნებო სტარტი იქნებოდაო. "ჩვენი მიზანი პირველ ადგილზე გასვლაა, მაგრამ ცხადია, უფრო რეალური ის არის, რომ
მეორე ადგილი დავიკავოთ," - აღიარებს ჰიტცფელდი.

შვეიცარიამ ინგლისთან პირველ რიგში თავდაჯერება უნდა დაიბრუნოს. ჰიტცფელდს ამ ბოლო დროს ძალიან ბევრჯერ წამოაძახეს ის, რომ მისმა გუნდმა ბოლო ათ თამაშში მხოლოდ ოთხი გოლის გატანა შეძლო. პარასკევს შვეიცარიამ ავსტრალიასთან ამხანაგური თამაში 0:0 დაასრულა და იმ შეხვედრაში გუნდის ლიდერმა და მთავარმა დამრტყმელმა ძალამ, ალექსანდერ ფრაიმ (40 გოლით შვეიცარიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია) თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. თუმცა ჰიტცფელდი ფრაის დღესაც ძირითად შემადგენლობაში ათამაშებს და მას სავარაუდოდ ერენ დერდიოკს შეუწყვილებს. თუმცა ავსტრალიასთან ამ უკანასკნელმაც ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და გამორიცხული არაა, რომ ჰიტცფელდმა მის ნაცვლად მარკო შტრელერი ათამაშოს.

ინგლისთან განადგურებული ბულგარელები კი იმ მონტენეგროს მასპინძლობენ, რომელმაც პარასკევს უელსი დაამარცხა (1:0) და ინგლისთან ერთად, ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. ამ შეხვედრაში ფავორიტი არ არსებობს, მაგრამ თუ ვინმეზე ვიტყვით, რომ ლოგიკურად, მოგების მეტი შანსი აქვს, პირველ რიგში ეს ბულგარეთზე ითქმის, რადგან ამ გუნდს უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს. მონტენეგროსთან ვერმოგება ბულგარელთათვის ძალიან არასახარბიელო შედეგი იქნება. მირკო ვუჩინიჩსა და კომპანიას კი სოფიაში ფრეც დააკმაყოფილებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული