"რუნიმ მშვენივრად ითამაშა, მენტალურადაც შესანიშნავად იყო მომზადებული. მან თავი ხელში აიყვანა და გოლიც ამის წყალობით გაიტანა. მატჩამდე, ბოლო პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ მისი ვარჯიში ძალიან მომეწონა. თამაშზე ყურადღების მოკრებაში ფეხბურთელს ვერავინ დაეხმარება. ეს ყველამ თავად უნდა მოახერხოს. უეინმა ეს შეძლო და შეხვედრა რომ დამთავრდა, ძალიან გახარებულიც ჩანდა. ჩვენ ყველანი გახარებულები ვიყავით".
რუნიმ შვეიცარიელებს მე-10 წუთზე გაუტანა. შემდეგ ადამ ჯონსონმა ორამდე გაზარდა ანგარიში. ამას მასპინძლების ბრწყინვალე შორეული გოლი (სერდან შაქირი) მოჰყვა, ბოლოს კი ისევ ინგლისელებმა იძალეს - დარენ ბენტმა გოლი ახლო კუთხეში შეაგდო. ახლა ინგლისელები 6 ქულით G ჯგუფის ლიდერები არიან. კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა მატჩის შემდეგ თქვა:
"რუნიმ დიდებულად ითამაშა. თამაშის წინ მთელი ქვეყანა უეინზე ლაპარაკობდა და ძალიან კარგია გოლი დასაწყისშივე რომ გაიტანა. დარწმუნებული ვარ მისი შემდგომი კარგი თამაშიც ამან განაპირობა. ჩვენ შვეიცარიელები ნაწილებად დავშალეთ. პირდაპირ რომ გითხრათ, 5-6 გოლის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ გულშემატკივრის გულის მოგებამდე ჯერ მაინც ძალიან შორია. ამისთვის ორი წელიწადი კიდევ დაგვჭირდება. ორი თამაშის მოგება სულაც არ ნიშნავს, რომ კარგი გუნდი გვყავს.
ჩვენი სიძლიერე მხოლოდ იმ შემთხვევაში დამტკიცდება თუ შესარჩევ ჯგუფს იოლად გავივლით და იქ, ევროპის ჩემპიონატზე, უძლიერესებს ტოლს არ დავუდებთ". შემდეგ ისევ კაპელომ ბრძანა: "სექტემბერში მართლაც შესანიშნავად ვთამაშობთ, რადგან ფეხბურთელები დასვენებულები არიან. თეორიულად ჩვენს ჯგუფში ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე სწორედ შვეიცარია იყო და ამიტომაც გახლდათ დღევანდელი გამარჯვება ასე მნიშვნელოვანი".
იტალიელს არც ადამ ჯონსონის შექება დავიწყებია. ჯონსონმა ხომ ერთმანეთს მიყოლებულ ორივე შეხვედრაში გაიტანა - მან პარასკევს ბულგარელებსაც შეუგდო. "ჯონსონი კარგი ფეხბურთელია. ის სწრაფია და საჯარიმოს სიახლოვეს მეტოქისთვის სახიფათო ხდება", - აღნიშნა კაპელომ. მოგებას გაწბილებაც სდევდა თან. რუნის გოლისთანავე, უკვე მე-13 წუთზე, ტრავმა მიიღო არსენალელმა თეო უოლკოტმა, რომელსაც ნამატჩევს რენტგენი გადაუღეს - საბედნიეროდ, მას მოტეხილობა არ აღმოაჩნდა და წინასწარი ვარაუდით ორ კვირაში დაუბრუნდება მოედანს.