როგორ დაასწრო სტოილოვმა ტოშაკს

AutoSharing Option
"ეს იყო ჩემი ბოლო მატჩი ბულგარეთის ნაკრების საჭესთან", - ასეთი განცხადება გააკეთა სტანიმირ სტოილოვმა. მოსალოდნელიც იყო – პარასკევს ბულგარელები ლონდონის "უემბლიზე" ინგლისის ნაკრებთან 0:4 განადგურდნენ, ხოლო სამშაბათს, უკვე სოფიის "ლევსკიზე", ჩერნოგორიის ნაკრებისგან იგემეს მარცხი – 0:1. თავმოყვარე ნაკრების თავმოყვარე მწვრთნელი მსგავს სიტუაციაში ასეც უნდა მოქცეულიყო...

"ჩემი მიზანი ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაყვანა იყო, მაგრამ ორჯერ წავაგეთ და ჯგუფიდან გასვლის შანსები მინიმუმამდე შეგვიმცირდა. ჩერნოგორიასთან მარცხი უკვე მეტისმეტია, - ამბობს 43 წლის სტოილოვი, - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბორისლავ მიხაილოვს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ უკვე
ვაცნობე. ძნელია მუშაობა, როცა საუკეთესო ფეხბურთელების შეკრებას ვერ ახერხებ. დიმიტარ ბერბატოვმა ნაკრებში თამაშზე უარი თქვა, ხოლო ჩერნოგორიასთან მატჩის შემდეგ ახალმა კაპიტანმა სტილიან პეტროვმაც მითხრა, სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ვფიქრობო. იმედია, სტილიანი გადაიფიქრებს".

წესითა და რიგით, უელსის ნაკრების თავკაცი ჯონ ტოშაკი პირველი უნდა ყოფილიყო ახალ შესარჩევ ციკლში, ვინც ეროვნული გუნდიდან წავიდოდა, მაგრამ უელსელმა სპეციალისტმა პატრიოტიზმი გამოავლინა და ნაკრებს იქამდე არ მიატოვებს, ვიდრე შემცვლელს არ მოუძებნიან. ჰოდა, ამ შეყოვნებამ ტოშაკს "პირველმერცხლობა" დააკარგვინა – სტოილოვმა დაასწრო...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული