ვლადიმირ დარიდა ევროპის ჩემპიონატზე მიდის!

AutoSharing Option
ჩეხეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ მიხალ ბილეკს, რომელმაც გასული კვირის ბოლოს ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2014 წლამდე გააგრძელა, ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო სია გამოქვეყნებული ჰქონდა, მაგრამ 28 მაისს ერთი ფეხბურთელი შეცვალა: 23-კაციანი სიიდან მან დანიელ პუდილი ამოაგდო და მის ნაცვლად პოლონეთსა და უკრაინაში ვლადიმირ დარიდა მიჰყავს.

ეს უკანასკნელი, რომელიც პლზენის "ვიქტორიას" ღირსებას იცავს, ნაკრებთან ერთად მხოლოდ იმიტომ იყო, რომ თუ ტომაშ როსიცკი ევროპის ჩემპიონატამდე ვერ გამოჯანმრთელდებოდა, გამოცდილი გამთამაშებელი სწორედ დარიდას უნდა ჩაენაცვლებინა.

მაგრამ 21 წლის ნახევარმცველმა ბილეკს თავი იმდენად მოაწონა, რომ ჩეხეთის
ნაკრების თავკაცმა მის სასარგებლოდ სიიდან პუდილი ამოაგდო. ბილეკმა ეს გადაწყვეტილება ისრაელთან ამხანაგური მატჩის შემდეგ მიიღო, რომელიც ჩეხებმა 2:1 მოიგეს და რომელშიც დარიდამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

"მივხვდი, რომ ეს ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატზე მჭირდება. პუდილის გამო კი გული ძალიან მწყდება," - განაცხადა ბილეკმა.

აღსანიშნავია, რომ პუდილს ხელის ტრავმა აწუხებს და ევრო 2012-ზე მისი ასპარეზობა ისედაც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დამდგარი. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ჩეხები ამხანაგურ მატჩებს რუსეთთან და უნგრეთთან გამართავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული