სიმართლე გითხრათ, უკრაინა-პოლონეთში გასამართი პირველობა, ამ მხრივ, წინა ტურნირებთან შედარებით, ნაკლებად დაზარალებული გვეჩვენება, რადგან ტრავმების ბევრად დიდი ეპიდემიაც გვახსენდება, მაგრამ მაინც...
სამწუხაროა, რომ თავიანთ ნაკრებებს ისეთი კარგი ფეხბურთელები დააკლდებიან, როგორებიც, მაგალითად, ჯუზეპე როსი და დავიდ ვილია არიან.
ერიკ აბიდალი. საფრანგეთი
"ბარსას" მცველი აპრილში ღვიძლის გადანერგვის წარმატებული ოპერაციის შემდგომ საზაფხულო აღდგენით კურსს გაივლის.
საფეხბურთო თვალსაზრისით, საკმაოდ პოპულარული ფეხბურთელის დაკარგვა სერიოზული დარტყმა იქნება ლორან ბლანისთვის, ვისაც მუხლის
გარეთ ბერი. ინგლისი
31 წლის ნახევარმცველმა კარიერაში ალბათ საუკეთესო სეზონი ჩაატარა და "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობაში პრემიერლიგის ბოლო ტურში მოპოვებული საოცარი გამარჯვების წყალობით ჩემპიონის ტიტული მოიგო.
ბერი ევროპის ჩემპიონატზე როი ჰოჯსონის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის რანგში მიდიოდა. ის საბოლოოდ განაცხადში უკვე მოხვედრილი იყო, როცა ნორვეგიასთან ამხანაგურ შეხვედრაში მუცლის კუნთები დაიზიანა, რამაც ტურნირზე მისი თამაში გამორიცხა.
დმიტრი ჩიგრინსკი. უკრაინა
ჩიგრინსკი მთელი სეზონის განმავლობაში იტანჯებოდა ბარძაყის ტრავმის გამო და სწორედ ამიტომ ვერ მოახერხა იმ დრომდე გამოჯანმრთელება, რომელიც მას ოლეგ ბლოხინმა დაუწესა.
ეს კიდევ ნახევარი უბედურებაა, რადგან ჩემპიონატს უკრაინელთა ორი ძირითადი მეკარე: ანდრეი დიკანი (სპარტაკი მ) და ალექსანდრ შოვკოვსკი (დინამო კ) დააკლდებიან.
იონ გვიდეტი. შვედეთი
"მანჩესტერ სიტის" შვედმა თავდამსხმელმა ბოლო სეზონი იჯარით "ფეიენოორდში" გაატარა. მას ნაკრების წინა ხაზში სერიოზული კონკურენცია ელოდა, მაგრამ არ დასცალდა, რადგან მარჯვენა ფეხის ბარძაყზე მიღებული ტრავმის მოშუშება ვერ შეძლო.
ასე რომ, გუნდს დიდწილად ზლატან იბრაჰიმოვიჩზე დაყრდნობა მოუწევს. არ იქნება ევროპაზე მცველი დანიელ მაისტროვიჩიც, ვინც მუხლზე ჯვარედინი იოგების გაწყვეტის გამო თებერვალს აქეთ არ თამაშობს. მას "ვესტ ბრომვიჩის" სტოპერი იუნას ოლსონი შეცვლის.
ერიკ პიტერსი. ჰოლანდია
23 წლის პიტერსში დიდი ხანია ხედავენ ჯოვანი ვან ბრონკხორსტის ღირსეულ შემცვლელს. მან ტრავმა აპრილში მიიღო და ჰოლანდიის ნაკრების მდგომარეობა დაამძიმა ევროპის ჩემპიონატის წინ.
მისი შეცვლა გამოუცდელ პსვ-ელ იეტრო ვილემსს მოუწევს, რადგან დაცვის მარცხენა ფლანგი ნაკრების სუსტი წერტილია.
კარლეს პუიოლი. ესპანეთი
კარლესს პუიოლი ნამდვილი მებრძოლია. მას შეეძლო, ესპანეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონის ტიტულის დაცვისთვის ბრძოლაში წინ გასძღოლოდა, მაგრამ ტურნირის დაწყებამდე ერთი თვით ადრე მუხლი გაუხდა საოპერაციო. "ფურია როხას" თავისი ლიდერი, ვინც დაზიანება ბარსელონურ დერბიში მიიღო, ძალიან დააკლდება.
ჯუზეპე როსი. იტალია
იტალიელმა თავდამსხმელმა სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა. მან მუხლის ჯვარედინი იოგების ტრავმა გასული წლის ოქტომბერში მადრიდის "რეალთან" შეხვედრისას მიიღო, აპრილში კი ხელახლა გაიმიზეზა და კიდევ 10 თვით მოუწევს უფეხბურთოდ დარჩენა. იტალიელებს იმედი აქვთ, რომ მისი ტრავმა ნაკრებისთვის ფატალური არ აღმოჩნდება.
ბაკარი სანია. საფრანგეთი
მაშინ, როცა მწყობრიდან გამოსულები არიან ერიკ აბიდალი და იუნეს კაბული, საფრანგეთის ნაკრებს კიდევ ერთი მცველი დააკლდება - ბაკარი სანია.
არსენალელმა ფეხი "ნორვიჩთან" შეხვედრაში მოიტეხა. მას ანალოგიური ტრავმა წინა წლის ოქტომბერშიც ჰქონდა. სანიას არყოფნა სერიოზულად აზარალებს ლორან ბლანის გუნდის ამბიციებს.
დავიდ ვილია. ესპანეთი
თავდამსხმელი, ვინც შესარჩევ ციკლში ესპანეთის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი გახდა, ფინალურ ეტაპზე საგოლე ანგარიშს ვეღარ გაზრდის, რადგან დეკემბერში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მოიტეხა ფეხი.
დავიდი ბოლომდე არ კარგავდა იმედს, რომ ფორმის აღდგენას მოახერხებდა. ვილიას დაკარგვა ალბათ ყველაზე სერიოზული დანაკლისია კონტინენტის ჩემპიონატისთვის.
ჯეკ უილშირი. ინგლისი
ინგლისის ნაკრების უნიჭიერესი ახალგაზრდა ნახევარმცველი, სამწუხაროდ, ტოვებს ევროპის ჩემპიონატს. შარშან აგვისტოში, "არსენალის" წინასასეზონო შეკრებისას, ტერფის ძვლების მოტეხილობის შემდეგ ის მოედანზე ერთი წუთითაც არ გამოჩენილა.
ნაკრებს რომ დააკლდებოდა, უკვე აპრილში გახდა ცნობილი. ასე რომ, როი ჰოჯსონს მისი კრეატიული ფეხბურთის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"