ჰოლანდია (4-2-3-1): სტეკელებურგი - ვან დერ ვილი, ჰეიტინგა, ბოუმა (46. ვლაარი), სხაარსი - ვან ბომელი, ნ. დე იონგი - რობენი (84. ნარსინგი), სნეიდერი (51. ვან დერ ვაარტი), აფელაი (79. კუიტი) - ვან პერსი (68. ჰუნტელაარი).
სლოვაკეთი (4-2-3-1): მუჩა - პეკარიკი, სალატა, ჰუბოკანი, სვენტო - გუედე (46. კონა), მ. ჩეხი (78. გულდანი) - შტოხი (81. კოპუნეკი), ჰამშიკი, ბრეჟნანიკი (46. პროჩაჟკა) - ბაკოსი (78. ჰოლოშკო).
გოლები: 1:0 სალატა (7-საკ. კარში), 2:0 ვან დერ ვაარტი (75)
გაფრთხილება: გუედე, შტოხი
მაყურებელი: 51 177
თუმცა საფეხბურთო ჰოლანდია ჯერ კიდევ საგონებელშია, რადგან გუნდი ვერ თამაშობს დალაგებულ ფეხბურთს. ამას ისიც დაემატა, რომ ვესლი სნეიდერი დაშავდა...
ვან მარვიიკმა ამჯერად უარი თქვა წინა მატჩში განხორციელებულ ექსპერიმენტზე და წინა ხაზზე რობინ ვან პერსი და კლაას-იან ჰუნტელაარი ერთად აღარ ათამაშა.
მან "შალკეს" გოლეადორი სათადარიგოთა სკამზე დასვა, ვან პერსი კი ძირითად შემადგენლობაში, ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ათამაშა. ვან მარვიიკმა სკამზე დატოვა რაფაელ ვან დერ ვაარტიც. სამაგიეროდ, ამჯერად ძირითადში გახლდათ არიენ რობენი.
პირველ წუთებში ჰოლანდიის ნაკრების ცენტრალური მცველები, ჰეიტინგა და ბოუმა ერთმანეთს თავებით შეასკდნენ და კინაღამ მძიმედ დაშავდნენ - ექიმების დახმარების შემდეგ თამაშის გაგრძელება ორივემ შეძლო, თუმცა ვან მარვიიკმა ბოუმა მეორე ტაიმში ვლაარით შეცვალა.
ჰოლანდიას დაცვაშიც უჭირს და ვერც უტევს
მთელი მატჩის განმავლობაში ჩანდა, რომ ჰოლანდიის ნაკრებს დაცვაში უჭირს. ამის საუკეთესო მაგალითი მესამე წუთზე შექმნილი მომენტი გახლდათ, როცა ჰამშიკმა ჰეიტინგა-ბოუმას დუეტი დაჩაგრა, მაგრამ მისი თავური დარტყმის შემდეგ ბურთი სტეკელენბურგის კარის ძელს მოხვდა.
ჰოლანდიელებმა ანგარიში მეშვიდე წუთზე უაღრესად იღბლიანი გოლით გახსნეს: აფელაის მარცხენა ფლანგიდან სლოვაკთა საჯარიმოში ჩაწოდება სურდა, მაგრამ პეკარიკისგან ასხლეტილი ბურთი სალატასკენ წავიდა, რომელმაც საკუთარი კარი დალაშქრა. ზოგადად, პირველ ტაიმში ჰოლანდიელები უხეიროდ უტევდნენ, სლოვაკები კი კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათოდ იკბინებოდნენ.
მეორე ტაიმი ჰოლანდიელთათვის უფრო დიდი უიღბლობით დაიწყო: სალატასთან ორთაბრძოლაში სნეიდერი დაშავდა და შესაცვლელი გახდა.
ვან მარვიიკმა მის ნაცვლად თამაშში ვან დერ ვაარტი ჩართო, რომელმაც დაამტკიცა, რომ ძალიან კარგ ფორმაშია და სასტარტო შემადგენლობაში თამაშს იმსახურებს - რაფაელმა 71-ე წუთზე ძალიან კარგად შესრულებული საჯარიმო დარტყმით სლოვაკთა კარის ძელი შეაზანზარა, მოგვიანებით კი ჰუნტელაარის პასით სხვაობა ორამდე გაზარდა.
მიუხედავად გამარჯვებისა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰოლანდიის ნაკრები საუკეთესო ფორმისგან შორსაა.
რამდენად სერიოზულია სნეიდერის, ბოუმას და მატიისენის ტრავმები?
სნეიდერის ტრავმა, ერთი შეხედვით, ძალიან სერიოზული არ ჩანდა, მაგრამ საბოლოო დასკვნას მანამდე ვერ გავაკეთებთ, სანამ ჰოლანდიის ნაკრების სამედიცინო შტაბი "ინტერის" გამთამაშებელს დიაგნოზს არ დაუსვამს. ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა სნეიდერი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩამდე (9 ივნისს, დანიასთან) ასპარეზობას.
ბოუმა მატიისენთან შეჯახების გამო შეცვალეს, მაგრამ მატჩის შემდეგ მას მუხლის ტრავმაც გაუმიზეზდა, დიაგნოზი კი მისთვისაც არ დაუსვამთ.
დაახლოებით ასეთივე მდგომარეობაშია მატიისენიც. ვან მარვიიკი იმედოვნებს, რომ დანიასთან მატჩს "ნარინჯისფერების" დაცვის ბურჯი ჯანმრთელი შეხვდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"