ვასილ მაისურაძე: გერმანია გავა, დანარჩენები მეორე საგზურისთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის მეორე დღის მატჩების შეფასება საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვასილ მაისურაძეს ვთხოვეთ.

როგორც მან გვითხრა, ევროპის ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად ესპანეთის ნაკრები მიაჩნია; ასევე, ბევრს ელის საფრანგეთისგან.

ჰოლანდია-დანია
"დანიის ნაკრები ყოველთვის თავის სიმაღლეზე დგას და არასდროსაა ხელწამოსაკრავი გუნდი. სიმართლე გითხრათ, ამ მატჩში დანიისგან სიურპრიზს ველოდი კიდეც და ჩემი მოლოდინი გამართლდა. სათამაშო დისციპლინის ხარჯზე დანიელებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს.

სხვათა შორის, ჰოლანდიის ნაკრების თამაში მომეწონა. ამ გუნდმა თავისი თ
ამაში ითამაშა და ეპიზოდებში მაღალი დონის ფეხბურთი შემოგვთავაზა.

სულაც არ მიმაჩნია, რომ ამ მარცხით ჰოლანდიელები უნდა ჩამოვწეროთ. მათ ჯგუფიდან გასვლის შანსი არ დაუკარგავთ, თუმცა, ბუნებრივია, გერმანიის ნაკრებთან ჰოლანდიას იოლი მატჩი არ ელის".

გერმანია-პორტუგალია
"როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან საინტერესო მატჩი გამოვიდა. პორტუგალიის ნაკრები სიმპათიური გუნდია, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში გამარჯვებისთვის ყოველთვის რაღაც აკლდება და ასე მოხდა ახლაც.

შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ გუნდის უმთავრესი პრობლემა ძლიერი ცენტრფორვარდის არყოლაა.

ასეთი დონის ტურნირებზე პირველი შეხვედრის მოგებას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ ამოცანის შესრულებით გერმანიის ნაკრებმა დიდი საქმე გააკეთა.

გერმანელებმა მეოთხედფინალისკენაც მტკიცე ნაბიჯი გადადგეს და საკუთარი თავის რწმენაც გაიორმაგეს. დარწმუნებული ვარ, გერმანიის ნაკრები თამაშის ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

რაც შეეხება პორტუგალიას, ჰოლანდიის მსგავსად, მასაც არაფერი დაუკარგავს. დარწმუნებული ვარ, გერმანია მეოთხედფინალში აუცილებლად გავა, მეორე საგზურისთვის კი დანარჩენი სამი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს.

ამ ორმა მატჩმა საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ ეს მართლაც "სიკვდილის ჯგუფია".

ვასილ მაისურაძე: ეს მართლაც სიკვდილის ჯგუფია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანია-პორტუგალია 1:0 - სადაა ის ტემპი, იოახიმ?

ჰოლანდია-დანია 0:1 - კრონ-დელის ხომ მიქაელი ჰქვია...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული