პოლონეთი-რუსეთი 1:1 - ინტრიგა ცოცხალია [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
მატჩს სერიოზული პოლიტიკური თუ სპორტული ინტრიგა უძღოდა წინ. ქვეყნებს შორის ურთიერთობა ისტორიულად მუდმივად დაძაბული გახლდათ და მეგობრული მას არც ახლა ეთქმის, მით უფრო, რუსეთის ტერიტორიაზე პოლონეთის მთავრობის წევრთა დაღუპვის შემდეგ, თუმცა... ეს ჩვენი საქმე არ არის.

სამაგიეროდ, ეს გარემოება ადგილობრივ ფანებს არ დავიწყნიათ, რომელთაც მატჩის დაწყებამდე რუს ფანებს ხულიგნური საქმის გარჩევა მოუწყვეს, რაც ბოლოს პოლიციასთან შეტაკებაშიც გადაიზარდა.

სამართალდამცველთა ცნობით, ჩხუბისთვის ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე 100 ადამიანი დააკავეს.

რეაქციები
დიკ ადვოკაატი:
"პოლონეთის ნაკრებმა დღეს მართლა კარგი ფეხბურთი გვიჩვენა. ჩემს ფეხბურთელებს რამდენიმე
სერიოზული მომენტი ჰქონდათ და საერთოდაც, ისინი კარგად გამოიყურებოდნენ.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც არნახულად გვიჭერდნენ მხარს. ჩვენს კარში გატანილ ბურთზე იმას ვიტყვი, რომ ბლაშჩიკოვსკის გაუმართლა. მსგავს მომენტში ის ასიდან ვერცერთს გაიტანს".


კუბა ბლაშჩიკოვსკი:
"შედეგის მოსაპოვებლად ძალიან დიდი ენერგია დავხარჯეთ. მწვრთნელი ჩვენი თამაშით ალბათ კმაყოფილი უნდა დარჩენილიყო.

ცოტა მეტად რომ გაგვმართლებოდა, მოგებაც შეგვეძლო. ახლა ყველაფერი ჩეხეთთან შეხვედრაში გაირკვევა".


ტაქტიკა/სტრატეგია
პირველი მატჩის შემდეგ ფრანტიშეკ სმუდამ ძირითად შემადგენლობაში ორი ცვლილება შეიტანა: საყრდენი ნახევარმცველის ადგილზე რაფალ მურავსკის ნაცვლად დარიუშ დუდკა დააყენა, პირველი კი ცოტა წინ წაწია.

სმუდას არ ჰყავდა გაძევებული ვოიცეხ შჩესნი. მისი ადგილი პშემისლავ ტიტონმა დაიკავა. "ეინდჰოვენის" 25 წლის კარის დარაჯმა გუნდს პირველი მეკარის არყოფნა არ დაატყო. თვალშისაცემი გახლდათ, რომ მასპინძელთა განაპირა მცველები შეტევებში, პრაქტიკულად, არ ერთვებოდნენ, რისი წყალობითაც მათ მეტ-ნაკლებად მოახერხეს რუსების აქტიური ფლანგების ნეიტრალიზება.

მასპინძელთა სქემა ტრადიციული, 4-2-3-1 იყო.

საფეხბურთო "კანონი", რომ გამარჯვებულ შემადგენლობას არ ცვლიან, დიკ ადვოკაატმა ნამდვილად იცის. მას ცვლილების შესატანად, პრინციპში, არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. ჰოლანდიელმა გუნდი 4-3-3-სქემით გაუშვა მინდორზე. პოლონელთა 3-კაციანი ცენტრალური ნახევარდაცვა სარგებლობდა ცენტრში რიცხობრივი უპირატესობით და კონტრშეტევაში ბურთი იოლად გადაჰქონდა.

საუკეთესო ფეხბურთელი
კუბა ბლაშჩიკოვსკი
"დორტმუნდის" 26 წლის შემტევმა ნახევარმცველმა კუბა ბლაშჩიკოვსკიმ კოლოსალური სამუშაო გასწია. მართალია, პირველ ტაიმში ის შეტევაში ნაკლებად ჩანდა, მაგრამ ამით მის ბრწყინვალებას ფასი არ დაკლებია.

გასათვალისწინებელია, რომ სწორედ მის ფლანგზე იყვნენ გამწესებულები რუსების, ალბათ, ყველაზე მაღალი კლასის ფეხბურთელები ანდრეი არშავინი და იური ჟირკოვი. სწორედ მისი ფანტასტიკური გოლით გაათანაბრა პოლონეთმა ანგარიში.

ყველაზე სუსტი ფეხბურთელი
იური ჟირკოვი
სიმართლე გითხრათ, ამ რუბრიკისთვის ფეხბურთელის შერჩევა ნამდვილად გაგვიჭირდა, რადგან, ჩვენი აზრით, მოედანზე მყოფთაგან ამ "ტიტულს" არავინ იმსახურებდა. თუმცა მაინც გამოვარჩიეთ არა ყველაზე სუსტი, არამედ უიღბლო.

დიახ, რადგან იური ჟირკოვს გადამწყვეტ მომენტში არ ეყო კონცენტრაცია და ბლაშჩიკოვსკის ფინტს საბავშვო ბაღის ბავშვივით წამოეგო, რის შემდეგაც პოლონელთა ლიდერმა ანგარიში გაათანაბრა.

ამას გარდა, ჟირკოვს შეიძლება ისიც "დავაბრალოთ", რომ იშვიათი მომენტების გარდა, შეტევაში ნაკლებად ეფექტურად ერთვებოდა.

მსაჯი
უეფას ხელმძღვანელობა ევროპის ჩემპიონატზე სუსტი მსაჯობის გამო ავტორიტეტული საფეხბურთო პერსონების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული. მაგალითად, მიშელ პლატინის უწყება მიწასთან გაასწორა ფრანც ბეკენბაუერმა.

ლეგენდარულ თანამემამულეს 42 წლის გერმანელმა არბიტრმა ვოლფგანგ შტარკმა დამატებითი კრიტიკის საფუძველი არ მისცა. მან მშვენივრად ჩაატარა მთელი მატჩი და წვრილმან მომენტებს თუ არ ჩავთვლით, მატჩს კარგად გაუძღვა.

შტარკმა სამართლიანად არ ჩათვალა ოიგენ პოლანსკის მიერ გატანილი გოლი, არ დანიშნა პენალტი დამიენ პერკისის მიერ ალექსანდრ კერჟაკოვის წაქცევისთვის.

გერმანელმა მხოლოდ ერთადერთი სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა ალან ძაგოევის წინააღმდეგ კონტრშეტევის დროს წესის დარღვევა არ დააფიქსირა, რამაც ახალგაზრდა თავდამსხმელი ისე გააცხარა, რომ ყვითელი ბარათიც კი დაიმსახურა.

მწვრთნელების დუელი
ფრანტიშეკ სმუდამ ოპონენტთან დუელი წააგოო, ვერ ვიტყვით. მით უფრო, რომ ასე თუ ისე, თანაბარი თამაში ფრედ დასრულდა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ დიკ ადვოკაატის გუნდი შედარებით უფრო სიმპათიურად გამოიყურებოდა.

სტუმრები ბევრად უფრო ტექნიკურად ეპყრობოდნენ ბურთს და შეტევებს ფლანგზე უფრო იოლად შლიდნენ. წინა ხაზზე ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ანდრეი არშავინი, ოღონდ იქამდე, ვიდრე ამისთვის სუნთქვა ჰყოფნიდა.

მწვრთნელებზე ვერ ვიტყვით, რომ შეცვლებით თამაში გააძლიერეს. ერთადერთი ადრიან მერჟევსკი იყო, ვისაც მინდორზე გამოჩენის შემდეგ რაიმეს გასაკეთებლად დრო ჰქონდა. მისი გამოსვლის შემდეგ ბლაშჩიკოვსკიმ მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა, საიდანაც მალაფეევის კარს ერთხელ დაემუქრა.

ანალიზი
თამაში რუსების შეტევებით დაიწყო. სასტარტო წუთებზე მათ ორჯერ მოახერხეს პოლონელთა საჯარიმოში ბურთის ჩაწოდება. პირველი სახიფათო მომენტი ლუდოვიკ ობრანიაკის პასის შემდეგ სებასტიან ბიონიშს შეექმნა, თუმცა უკანასკნელმა ცუდად დაარტყა. პირველ კუთხურს კიდევ ერთი სახიფათო მომენტი მოჰყვა, მაგრამ ვიაჩესლავ მალაფეევმა აუღელვებლად აიღო თავური დარტყმა.

მალე რუსებმაც გამოაჩინეს ბრჭყალები. ალექსანდრ კერჟაკოვს ორჯერ შეექმნა მომენტი. პირველად ის თამაშგარეში აღმოჩნდა, თუმცა მსაჯის რეაქციას არ დაელოდა და კარგად ითამაშა პშემისლავ ტიტონმა. შემდეგ იმავე კერჟაკოვის წინააღმდეგ თავგანწირულად ითამაშა დამიენ პერკისმა, ვისაც მეტოქესთან შეჯახება ლამის ტრავმის ფასად დაუჯდა.

მე-18 წუთზე შტარკმა სრულიად სამართლიანად არ ჩათვალა ოიგენ პოლანსკის გოლი, რომელიც თამაშგარედან იყო გატანილი. 25-ე წუთზე კერჟაკოვმა იჩქარა თავურის დარტყმა, რადგან ბურთს კარგად ვერ შეწვდა, უკან კი ალან ძაგოევი ედგა, ვინც დასარტყმელად მზად გახლდათ.

36-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. ანდრეი არშავინმა საჯარიმოდან ბურთი მშვენივრად დაკიდა. ძაგოევმა რბილი თავურით ბურთი ბადეში გადაგზავნა - 0:1.

მეორე ნახევარი ისევ რუსების ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო, თუმცა მალაფეევს მალე დასჭირდა რამდენჯერმე თამაშში ჩართვა.

57-ე წუთზე არშავინის გარღვევა პოლონელმა მცველებმა შეაჩერეს და ბურთი უსწრაფესად წაიღეს კონტრშეტევაზე. ბლაშჩიკოვსკიმ დიდებულად მოატყუა ჟირკოვი, მერე საჯარიმოსკენ შეიწია და შორეულ მაღალ კუთხეში გაიტანა - 1:1.

მატჩის ბოლომდე მომენტები ორივე გუნდს ექმნებოდა, მაგალითად - ძაგოევს, პოლანსკის, ობრანიაკს, თუმცა ხან მეკარეები თამაშობდნენ დამაჯერებლად და ხანაც ფეხბურთელებს ღალატობდათ სიზუსტე.

დასკვნა
ამრიგად, პოლონეთმა მიჯრით მეორე ფრე ითამაშა და ბოლო ტურში ჩეხეთთან 3 ქულის მოპოვების შემთხვევაში 1/4-ფინალის საგზურს გაინაღდებს.

რუსეთს მე-3 შეხვედრაში არცთუ ყველაზე იოლად გადასაყლაპავი ლუკმა დარჩა, რადგან ბერძნები ნამდვილად მოინდომებენ მინიმუმ რეაბილიტაციას მაინც, თუ არა შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვებას, თუმცა ამის გაკეთება მათ ნამდვილად გაუჭირდებათ.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. A ჯგუფი. II ტური
ვარშავა. ნაციონალური სტადიონი
პოლონეთი-რუსეთი 1:1 (იხილეთ ვიდეო)
პოლონეთი (4-2-3-1): ტიტონი - პიჟჩეკი, ვასილევსკი, პერკისი, ბიონიში - დუდკა (მერჟევსკი 73), პოლანსკი (მატუშიკი 84) - ბლაშჩიკოვსკი, ობრანიაკი (ბროჟეკი 90), მურავსკი - ლევანდოვსკი
რუსეთი(4-3-3): მალაფეევი - ანიუკოვი, იგნაშევიჩი, ა. ბერეზუცკი, ჟირკოვი - შიროკოვი, დენისოვი, ზირიანოვი - ძაგოევი (იზმაილოვი 80), კერჟაკოვი (პავლუჩენკო 70), არშავინი

გოლები: 0:1 ძაგოევი (37), 1:1 ბლაშჩიკოვსკი (57)

გაფრთხილება: ლევანდოვსკი, პოლანსკი - დენისოვი, ძაგოევი

მაყურებელი: 55 920

A ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რუსეთი 2 1 1 0 5-2 4
2. ჩეხეთი 2 1 0 1 3-5 3
3. პოლონეთი 2 0 2 0 2-2 2
4. საბერძნეთი 2 0 1 1 2-3 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
საბერძნეთი-ჩეხეთი 1:2 - სტარტზე მოთავებული საქმე

ვარშავის ბრძოლა 2012 - პოლონეთ-რუსეთის არასაფეხბურთო დაპირისპირება

გია გურული: A ჯგუფიდან რუსეთი და პოლონეთი გავლენ
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაუმარჯოს პოლონელებს, რომ გაუერთიანეს თავ-ყბა ამ **** *****! კიდევ ცოტა მოხვდათ! ხომ ვხედავთ მაგათ დაფიჟვინებულ სიფათებს ტრიბუნებზე თავის ბ*ზ ნატაშებიანად!
Leo Rey
17:09 13-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული