გია გურული: A ჯგუფიდან რუსეთი და პოლონეთი გავლენ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის სასტარტო მატჩების შესახებ აზრის გამოთქმა "ბათუმის" მთავარ მწვრთნელს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ გია გურულს ვთხოვეთ.

ევრო 2012-ზე მისი ფავორიტი ჰოლანდიის ნაკრებია, ჩემპიონატზე გამარჯვების შანსი კი გურულის აზრით, ყველა წამყვან ევროპულ ქვეყანას აქვს.

საბერძნეთი-ჩეხეთი
"შეიძლება ვინმემ იფიქრა, რომ რუსეთთან ძალიან სუსტი თამაშის ჩატარების შემდეგ ჩეხეთის ნაკრები საბერძნეთთანაც წააგებდა, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ევროპის ჩემპიონატზე ხელწამოსაკრავი გუნდები არ თამაშობენ.

იმის მიუხედავად, რომ ჩეხეთის ნაკრებს ასეთი უფერული თაობა ძალიან დიდი ხანია, არ ჰყოლია, ამ გუნდმა
ხასიათი აჩვენა და ამ გამარჯვებით მეოთხედფინალში გასვლის კარგი შანსი შეინარჩუნა.

საბერძნეთის ნაკრებმა კი ამ შეხვედრაში ღირებული ვერაფერი შემოგვთავაზა. არადა, ბერძნებმა პოლონეთთან მშვენივრად ითამაშეს და გამარჯვებასაც იმსახურებდნენ".

პოლონეთი-რუსეთი
"საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთი ვიხილეთ. ორივე გუნდმა აქცენტი შეტევაზე გააკეთა. გამარჯვება პოლონეთსაც შეეძლო და რუსეთსაც, საბოლოო შედეგს კი ლოგიკური ეთქმის.

პირველი ტურში პოლონეთმა თავი ბევრით ვერაფრით გამოიჩინა, რუსეთმა კი ჩეხეთი გაანადგურა. ამის ფონზე თითქოს რუსეთს კვლავ უნდა გაემარჯვა, მაგრამ დავინახეთ, რომ ასეთი დონის ტურნირებზე პროგნოზების კეთებას დიდი აზრი არ აქვს.

პოლონეთის ნაკრები კერკეტი კაკალი აღმოჩნდა, რუსეთის ნაკრებმა კი, ჩემი აზრით, იმიტომ ვერ მოიგო, რომ დაწინაურების შემდეგ კონცენტრაცია დაკარგა.

შესაძლოა, რუსებმა მეტოქე ბოლომდე სათანადოდ ვერც შეაფასეს. პოლონელებს კი უკანდასახევი გზა მოჭრილი ჰქონდათ და საკუთარი ქომაგების წინაშე შესაძლებლობათა მაქსიმუმი წარმოაჩინეს.

პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამ ჯგუფიდან მეოთხედფინალში სწორედ რუსეთი და პოლონეთი გავლენ. არა მგონია, რუსეთმა ბოლო ტურში საბერძნეთთან წააგოს, პოლონეთი კი, ვფიქრობ, ჩეხეთს დაამარცხებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საბერძნეთი-ჩეხეთი 1:2 - სტარტზე მოთავებული საქმე

პოლონეთი-რუსეთი 1:1 - ინტრიგა ცოცხალია

ვარშავის ბრძოლა 2012 - პოლონეთ-რუსეთის არასაფეხბურთო დაპირისპირება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული