ინგლისის ნაკრები. სკოტ პარკერი მოთმინების ზღვარზე

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა სკოტ პარკერმა გულწრფელად განაცხადა, რომ ჯერ კიდევ აპრილში, პრემიერლიგის 35-ე ტურში "ქუინზ პარკთან" ტრავმირებული კოჭი სერიოზულად აწუხებს და თამაშს მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლების წყალობით ახერხებს.

ასე რომ, როი ჰოჯსონის გუნდის ნახევარდაცვას კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ამავე პოზიციაზე გუნდმა ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყებამდე ორი წამყვანი ფეხბურთელი - ფრენკ ლემპარდი და გარეთ ბერი დაკარგა. თუკი თამაშს პარკერიც ვერ შეძლებს, ინგლისს ჯორდან ჰენდერსონზე ან ჯეიმს მილნერზე მოუწევს დაყრდნობა.

"მე და სტივი მომდევნო მატჩებშიც გვერდიგვერდ ვითამაშებთ და ცენტრალურ ზონას
დავკეტავთ. არა მგონია, ახლა გუნდში რამე ცვლილების შეტანა გამართლებული იყოს.

ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. არც საფრანგეთთან მინდოდა შეცვლა, მაგრამ ვიგრძენი, რომ მაინც მომიწევდა, რადგან ტკივილს ვეღარ ვუძლებდი. სკამზე დაჯდომა იმ წუთში საუკეთესო გამოსავალი იყო, მით უფრო, რომ ჯგუფში კიდევ 2 მატჩი გვაქვს სათამაშო,"
- განუცხადა პარკერმა "ტელეგრაფს".

ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა ჯო კოულსაც, რომელმაც გუშინდელი ვარჯიში დროზე ადრე მიატოვა. ჯერჯერობით არავინ წერს, რისი დაზიანება აქვს ფეხბურთელს და რამდენად სერიოზულია. 15 ივნისს შვედებთან მისი მონაწილეობა ავტომატურად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ინგლისის ნაკრების 18 წლის განაპირა ნახევარმცველმა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ფრანგებთან შეხვედრაში მოლოდინი ვერ გაამართლა და იშვიათი მომენტების გარდა, უგო ლორისის კართან სიტუაციას ვერ ამწვავებდა.

უპრინციპულეს შეხვედრაში ნერვიულობა და თამაშის ჩაგდება მის ასაკში გასაკვირი არც არის. სწორედ ამიტომ ამბობს ფეხბურთელი, რომ არ იცის, შვედებთან მატჩში შეინარჩუნებს თუ არა ადგილს ძირითად შემადგენლობაში.

"ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. რაც მევალება, იმას ვაკეთებ, თავდაუზოგავად ვვარჯიშობ. თუკი შანსი კიდევ მომეცემა, შევეცდები, გამოვიყენო.

მესმის, რომ ჩვენთან დიდი კონკურენციაა და ჩემს ადგილზე თამაში კიდევ რამდენიმე ძლიერ ფეხბურთელს შეუძლია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ისეთ ინტენსიურ ტურნირში, როგორიც ევროპის ჩემპიონატია, ფეხბურთელებზე უზარმაზარი ფიზიკური დატვირთვები მოდის,"
- განაცხადა ოქსლეიდ-ჩემბერლენმა BBC-ისთან ინტერვიუში.

კუნძულელთა ნაკრებზე კომენტარი გააკეთა გუნდის ყოფილმა დამრიგებელმა ფაბიო კაპელომაც:

"ინგლისი-საფრანგეთის მატჩისას ემოციების ტყვეობაში ვიყავი. ინგლისი დიდი ხანია, ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა, რადგან ამ გუნდთან მუშაობა წარმოუდგენელ სიამოვნებას მანიჭებდა.

მქონდა შეგრძნება, რომ უზარმაზარი პაუზის შემდეგ მასთან ერთად ტიტულის მოგების შანსი მქონდა. ძალიან რთულია ტელევიზიით ისეთი თამაშების ყურება, სადაც სათადარიგოთა სკამზე შენ უნდა მჯდარიყავი და გუნდისთვის ისე გეხელმძღვანელა.

იმედია, მესამე ტურის შემდეგ ჰოჯსონი ბედნიერი იქნება. როის წარმატებებს ვუსურვებ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული