იტალია-ხორვატია
ორივე გუნდმა მაღალი დონის, ტაქტიკურად და ტექნიკურად გამართული ფეხბურთი შემოგვთავაზა და ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ვიხილეთ.
მარცხისთვის იტალიაც დამენანებოდა და ხორვატიაც. ასე რომ, ფრე კანონზომიერ შედეგად მიმაჩნია.
კარგია, რომ იტალიელები სხვებს არ ბაძავენ და არა ოთხი, არამედ სამი მცველით თამაშობენ. თუმცა საბოლოოდ გამოჩნდა, რომ სამი ცენტრალური მცველი კარის უსაფრთხოების გარანტია მაინც არ არის.
ჩემი სიმპათიები მაინც ხორვატიის ნაკრების მხარესაა და დიდი იმედი მაქვს, რომ ესპანელებთან ერთად, ამ ჯგუფიდან მეოთხედფინალში სწორედ ხორვატები გავლენ.
ესპანეთი-ირლანდია
ირლანდია ნამდვილად არ აღმოჩნდა ძლიერი გუნდი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ესპანელთა შესრულებით ნამდვილი საფეხბურთო ხელოვნება ვიხილეთ.
სიტყვები არ მეყოფა იმ განცდის აღსაწერად, რასაც ესპანეთის ნაკრების ხილვა მანიჭებს. თუ ადრე ფეხბურთს ბრაზილიელები ალამაზებდნენ, დღეს ამ საქმეს ესპანელები აკეთებენ, თანაც, კიდევ უფრო დახვეწილად და ხარისხიანად - მათ თამაშში ინდივიდუალიზმი და კოლექტიური ფეხბურთი ერთმანეთში ჰარმონიულადაა შერწყმული.
ესპანელებმა ფეხბურთის ხვალინდელი დღე გვიჩვენეს და ბედნიერები უნდა ვიყოთ, ასეთი დიდებული გუნდის ხილვის საშუალება რომ გვაქვს.
ესპანეთის ნაკრები მხოლოდ უმდიდრესი შემტევი პოტენციალით არ გამოირჩევა - ეს არის ყველა რგოლში თანაბრად ძლიერად დაკომპლექტებული გუნდი, რომელსაც სუსტი წერტილი, ფაქტობრივად, არ აქვს.
თუკი იტალიასთან მატჩში ჩვენ, ფაქტობრივად, "ბარსელონა" ვიხილეთ, ირლანდიელებს ერთდროულად დაუპირისპირდნენ "ბარსელონა" და "რეალი". ამ გუნდის თამაშში სამი გენიოსი მწვრთნელის - ვისენტე დელ ბოსკეს, ჟოზე მოურინიოსა და ხოსეპ გვარდიოლას საფეხბურთო ფილოსოფია იყო გაერთიანებული და ასეთი დაუვიწყარი სანახაობის მომსწრენი სწორედ ამიტომ გავხდით.
კარგია, რომ დელ ბოსკე ფერნანდო ტორესს ამჯერად კიდევ უფრო მეტად ენდო და ძირითად შემადგენლობაში გაამწესა. ამ შესანიშნავმა თავდამსხმელმა თავისი გოლებით დაამტკიცა, რომ რთული პერიოდი უკვე დაძლეული აქვს და მჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატზე თავის სიტყვას კიდევ იტყვის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ესპანეთი-ირლანდია 4:0 - ფერნანდო ტორესმა ჯადო კელტებთან აიხსნა
იტალია-ხორვატია 1:1 - "აძურამ", როგორც ყოველთვის, საქმე გაირთულა