სხვა შემთხვევაში სკანდინავიელებს მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ ხელს.
ტაქტიკა/სტრატეგია
არ გამართლდა მათი ვარაუდი, ვინც ფიქრობდა, რომ გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი დანიელებს დიდ ძალებს არ დაახარჯავდა და წამყვან ფეხბურთელთა ნაწილს დაასვენებდა.
მსგავსი არაფერი მომხდარა. გერმანელებს მხოლოდ დისკვალიფიცირებული ჯერომ ბოატენგი აკლდათ, რომლის ადგილიც დაცვის მარჯვენა ფლანგზე ლარს ბენდერმა დაიკავა. დანარჩენი ათი ფეხბურთელი კი ევროპის ჩემპიონატზეც სასტარტო შემადგენლობაში იყო.
დანიელებმა ტრავმირებული ვეტერანი ნახევარმცველი დენის
საუკეთესო ფეხბურთელი
ლარს ბენდერი (გერმანია)
"ლევერკუზენის" 23 წლის მცველმა ბოატენგი საიმედოდ შეცვალა. ლარს ბენდერმა უშუალო მოვალეობებიც საიმედოდ შეასრულა და მატჩის მიწურულს შეტევაშიც შედეგიანად ჩაერთო. გერმანელებმა მისი გოლით გაიმარჯვეს.
სხვათა შორის, ეს ბენდერისთვის პირველი სანაკრებო ბურთია. ლიოვის გუნდი ერთადერთია, რომელიც ევრო 2012-ის მეოთხედფინალში სამი გამარჯვებით გავიდა.
ფეხბურთელი-იმედგაცრუება
მარიო გომესი (გერმანია)
ვერ ვიტყვით, რომ მატჩი ჩააგდო და უსარგებლო იყო, მაგრამ ამ მატჩში მიზანმა აშკარად უმტყუნა და საგოლე მონაგარის გაზრდის რამდენიმე კარგი შანსი გაუშვა ხელიდან.
მსაჯი
არ ყოფილა იმდენად მძიმე მატჩი, რომ კვალიფიციურ არბიტრს უხეში შეცდომები დაეშვა. ესპანელმა კარლოს ველასკო კარბალიომ დაკისრებულ მოვალეობას თავი პირნათლად გაართვა.
მწვრთნელების დუელი
დანიის ნაკრებმა შესაძლებლობათა მაქსიმუმი გააკეთა, მაგრამ გერმანიის წინააღმდეგობის დასაძლევად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. იმ შემართებამ, რამაც დანიელებს ჰოლანდიასთან გამარჯვება მოაპოვებინა, ამჯერად ვეღარ გაჭრა და მორტენ ოლსენის გუნდმა ვაჟკაცური თამაშით მხოლოდ ის შეძლო, რომ გერმანიასთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
ვერ ვიტყვით, რომ იოაჰიმ ლიოვმა ვიზავი რაიმეთი დაჯაბნა - უბრალოდ, გერმანელთა თავკაცის განკარგულებაში გაცილებით მაღალი დონის გუნდია.
ანალიზი
გერმანელებმა მატჩი აგრესიულად დაიწყეს და შეძლეს კიდეც თამაშის მოწინააღმდეგის ნახევარზე გადატანა. ლიოვის გუნდის ამოცანა უდავოდ სწრაფი გოლი იყო, რაც გერმანელებმა წარმატებით განახორციელეს.
ბურთზე კონტროლი მათ არც დაწინაურების შემდეგ დაუკარგავთ, მაგრამ დანიელებმა კუთხურისგან მაქსიმალური ეფექტი გამოადნეს და პეტერ კრონ-დელიმ თავურით წონასწორობა აღადგინა.
ამის მერე პარალელურად მიმდინარე მატჩში პორტუგალია დაწინაურდა და დანიელებს მეოთხედფინალში გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ ხელს. დიდი სურვილისდა მიუხედავად, თავს ზემოთ ძალა არ იყო და ინიციატივას კვლავ გერმანელები ფლობდნენ, რაც ბენდერის ლოგიკური გოლით დასრულდა.
ვფიქრობთ, დანიის ნაკრებმა ყველაფერი გვიჩვენა, რაც შეეძლო, გერმანელები კი ეპიზოდებში ბოლომდე იხარჯებოდნენ; დროდადრო კი თვალშისაცემი იყო, რომ ლიოვის შეგირდები პლეი ოფის წინ ძალებს ზოგავდნენ.
გერმანელთა შესრულებით ახალი არაფერი ვიხილეთ. სამაგიეროდ, კიდევ უფრო განგვიმტკიცდა აზრი, რომ ამ გუნდმა ზედმიწევნით კარგად იცის ის, რასაც მოედანზე აკეთებს და მეოთხედფინალი აშკარად არ უნდა იყოს მისი შესაძლებლობის ზღვარი.
დასკვნა
გერმანიამ ამ მატჩშიც დაგვიმტკიცა, რომ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად ტყუილად არ მოიხსენიებენ. ბუნდესგუნდს არც იმით დაუშავდებოდა რამე, ფრედ რომ ეთამაშა, მაგრამ გერმანელებმა სპორტულ პრინციპს არ უღალატეს და მეოთხედფინალში რიხით შეაბიჯეს.
დანიის აქტივში კი მხოლოდ ჰოლანდიის სასტარტო შეხვედრაში ძლევაღა დარჩა. იქიდან გამომდინარე, რომ "სიკვდილის ჯგუფში" დანიელებს თითქმის ყველა განწირულად მიიჩნევდა, ოლსენის გუნდს მესამე ადგილი ნორმალურ შედეგად უნდა ჩავუთვალოთ.
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. B ჯგუფი. III ტური
17.06. ლვოვი. ლვივ არენა
დანია-გერმანია 1:2 (იხილეთ ვიდეო)
დანია (4-3-2-1): ანდერსენი - იაკობსენი, კიაერი, აგერი, ს. პოულსენი - ი. პოულსენი (82. მიკელსენი), კვისტი, ზიმლინგი (79. კ. პოულსენი) - ერიქსენი, კრონ-დელი - ბენდტნერი.
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ლ. ბენდერი, ჰუმელსი, ბადშტუბერი, ლამი - ხედირა, შვაინშტაიგერი - მიულერი (84. კროოსი), იოზილი, პოდოლსკი (64. შიურლე) - გომესი (74. კლოზე).
გოლები: 0:1 პოდოლსკი (19), 1:1 კრონ-დელი (24), 1:2 ლ. ბენდერი (80)
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 8-6; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 7(3)-10(4); ბურთის ფლობა: 43%-57%.
არბიტრი: კ. კარბალიო (ესპანეთი)
მაყურებელი: 32 990
B ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 3 3 0 0 5-2 9
2. პორტუგალია 3 2 0 1 5-4 6
3. დანია 3 1 0 2 4-5 3
4. ჰოლანდია 3 0 0 3 2-5 0
გერმანულ მანქანას წუნი არ უჩანს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პორტუგალია-ჰოლანდია 2:1 - კრიშტიანო რონალდოს დღე