ინგლისი-უკრაინა 1:0 - ერთი მოპარული გოლი [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
"დონბას არენაზე" გუნდების ბედი წყდებოდა. მასპინძელს მარტო მოგება აძლევდა ხელს, სტუმარს ფრეც ჰყოფნიდა. საბოლოოდ ინგლისელებმა პროგრამა მინიმუმს "გადააჭარბეს", მოიგეს, ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდეს და პლეი ოფში იტალიას დაეჯახნენ.

როი ჰოჯსონის შეგირდებს იქ უკვე მძიმე გამოცდა ელით.

ტაქტიკა/სტრატეგია
ინგლისსთან თამაშამდე ოლეგ ბლოხინს ანდრეი შევჩენკო დააკლდა, რამაც მას ძირითადში ოთხი ცვლილებისკენ უბიძგა. რაკი მას მარტო მოგება სურდა, შემადგენლობაც შედარებით შემტევი დააყენა.

შეცვლებზე შესულმა უკრაინელმა ფეხბურთელებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს.

სტუმართა (პირობით მასპინძელთა) ტაქტიკა კი არაფრით განსხვავდებოდა წინა მატჩებისგან. ბეტონივით მყარი დაცვა, მაღალი კლასის
ფეხბურთელებით დაკომპლექტებული მუშა ნახევარდაცვა იგივე იყო. ერთადერთი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი განმასხვავებელი კი ნაკრებს მე-10 ნომერი ჰყავდა.

უეინ რუნისთან ერთად ინგლისი ნამდვილად სხვა გუნდია, რაც ამ მატჩმაც დაადასტურა.

საუკეთესო ფეხბურთელი
უეინ რუნი (ინგლისი)

უეინ რუნიმ ეს სტატუსი მხოლოდ გადამწყვეტი გოლის ავტორობით კი არ დაიმსახურა, იმითაც, რომ მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც მან მოედანზე გაატარა, მასპინძელთა მცველებისთვის ამოსუნთქვის საშუალება არ მიუცია.

ფეხბურთელი-იმედგაცრუება
არტემ მილევსკი (უკრაინა)

არტემ მილევსკის სერიოზული როლი ჰქონდა. სწორედ მას უნდა შეეცვალა ანდრეი შევჩენკო, თუმცა მან ეს ტვირთი ვერ ზიდა.

არ ვუკარგავთ, რომ ბევრს შრომობდა, მაგრამ უკრაინელთა მხრიდან სწორედ მას ჰქონდა ყველაზე რეალური მომენტი, რომელიც ქარს გაატანა.

მსაჯი
უეფამ მატჩზე ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ახალგაზრდა არბიტრი ვიქტორ კაშაი მიავლინა. ძირითად შემთხვევებში 36 წლის უნგრელი მოწოდების სიმაღლეზე იყო, თუმცა 62-წუთზე მან უკრაინის ნაკრების თავდამსხმელ მარკო დევიჩს აშკარა გოლი წაართვა და ამით ინგლისის ნაკრებს სერიოზული სამსახური გაუწია.

გასაგებია, რომ ფრეც კუნძულელებს აძლევდათ ხელს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასპინძელთა არჩათვლილმა გოლმა ამით ფასი დაკარგა. ამ შეცდომით კაშაიმ მთელი გარჯა წყალს გაატანა.

მწვრთნელების დუელი
ოლეგ ბლოხინი
იძულებული გახდა, ანდრეი შევჩენკო ტრავმის გამო სკამზე დაესვა. შევასთან ერთად ძირითადს მიღმა აღმოჩნდა ანდრეი ვორონინიც. მათ ადგილზე მარკო დევიჩი და არტემ მილევსკი გამოჩნდნენ, რომელთაც გუნდს მეტი მობილურობა შესძინეს.

უკრაინელთა გუნდში აქტიურობდნენ ფლანგის ნახევარმცველები ანდრეი იარმოლენკო და ევგენი კონოპლიანკა. უკანასკნელი ტექნიკით კი გამოირჩეოდა, მაგრამ ტაქტიკური თვალსაზრისით საკმაოდ ღარიბულად გამოიყურებოდა - მიიღებდა თუ არა ბურთს, ცენტრისკენ იწევდა და ფლანგზე ევგენი სელინს უთავისუფლებდა სივრცეს. ეს უკანასკნელი კი შეტევაში ჩართვაზე, პრაქტიკულად, არ ფიქრობდა.

იარმოლენკოს ფლანგზე შედარებით აქტიური იყო მეორე განაპირა მცველი ოლეგ გუსევი. ამ ტაქტიკით ბლოხინის გუნდს სათამაშო უპირატესობა 90 წუთი ეპყრა ხელთ, მაგრამ მან მთავარი ვერ მოახერხა და დამარცხდა.

რაც შეეხებათ როი ჰოჯსონს და ინგლისელებს, მათი უმთავრესი ტაქტიკა თავის კარგად დაცვა გახლდათ. ისინი მთელი 90 წუთის განმავლობაში მეტოქის შეცდომებს უცდიდნენ. "ლომებმა" პირველ ნახევარში კარში ერთხელაც ვერ დაარტეს. მათი მხრიდან ბურთის განაწილება სტივენ ჯერარდს დაევალა, ვინც ამ მხრივ ნამდვილად გამოირჩეოდა. როი ჰოჯსონს ჩანაფიქრმა ნამდვილად გაუმართლა.

ანალიზი
პირველი რეალური მომენტი ევგენი სელინის ჩაწოდებისა და მილევსკის პასის შემდეგ მარკო დევიჩს შეექმნა, თუმცა ბურთი სკოტ პარკერს მოხვდა და სიტუაცია განიმუხტა.

შემდეგ უკვე კონოპლიანკამ სცადა გატანა, მაგრამ ჯონ ტერის გაარტყა. მალე ოლეგ გუსევს შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა საჯარიმოს გარედან დარტყმული ხარიხას ოდნავ გადასცდა.

22-ე წუთისთვის ინგლისელებმა პირველი ხიფათის მაგვარი შექმნეს. ჯერარდის საჯარიმოს რუნი ვერ შესწვდა. ეს რომ არა, პიატოვი ბურთის ამღები ნამდვილად არ იყო. მალე იანგის პასით სცადა რუნიმ ანგარიშის გახსნა, მაგრამ სიზუსტე არ ეყო. ბურთმა ძელს მეტრზე მეტში ჩაუარა. 30-ე წუთზე იარმოლენკოს შეექმნა მომენტი, თუმცა ბრწყინვალედ ითამაშა ჯო ჰარტმა. ინგლისელთა დაცვამ არც დევიჩს მისცა გატანის საშუალება. 41-ეზე იარმოლენკო საჯარიმოს მისადგომებთან პატარა ბავშვივით გაუსწორდა რამდენიმე ინგლისელ მცველს, მაგრამ ბოლოს კუთხურის მეტს ვერაფერს გამორჩა.

მეორე ნახევარი უკრაინელთა დაცვის უხეში შეცდომით დაიწყო. 48-ე წუთზე ჯერარდმა საჯარიმოში ჩააწოდა, დენი უელბეკმა ევგენი ხაჩერიდის დაასწრო. ვერც ანდრეი პიატოვმა ივარგა, ვისაც ბურთი ხელებს ქვეშ გაუძვრა. საბოლოოდ ბურთმა რუნის თავი მოძებნა. "იუნაიტედის" ვარსკვლავმა კარის ხაზზე მდგარმა გაიტანა - 1:0.

გოლმა უკრაინელები ცოტა დააბნია. გუსევის ჩაწოდების შემდეგ დამაჯერებლად ითამაშა ჰარტმა. მასპინძლები ლამის მთელი ძალებით გადავიდნენ შეტევაზე, რითაც სარგებლობა ინგლისელებს შეეძლოთ. ჯერარდის პასით კონტრშეტევაზე რუნი გაიქცა, მაგრამ სწრაფმა უკრაინელებმა მისი ეს მცდელობა მალევე აღკვეთეს.

61-ე წუთზე არტემ მილევსკის მშვენიერი შანსი მიეცა, მაგრამ თავდამსხმელმა ახლოდან ვერ გაიტანა. 62-ე წუთზე კი ის მოხდა, რაც ნამდვილად დიდი განსჯის საფუძველი გახდება: ვიქტორ კაშაიმ და მისმა ასისტენტებმა მარკო დევიჩს 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალეს. 68-ე წუთზე ინგლისის ნაკრების რიგებში პირველი გოლის გატანა შეეძლო ეშლი კოულს, მაგრამ პიატოვმა იყოჩაღა.

მომენტები მატჩის ბოლომდე ორივე კართან იქმნებოდა. აქეთ კონოპლიანკას შეეძლო გათანაბრება, იქით რუნის შეეძლო დუბლის შესრულება, მაგრამ საბოლოოდ თამაში ამავე ანგარიშით დასრულდა.

დასკვნა
კუნძულელებმა ყველას დაუმტკიცეს, რომ არ ეშინიათ არანაირი ზეწოლის, იქნება ეს სათამაშო თუ მინდორს გარეთ ფსიქოლოგიური. ჰოჯსონის გუნდს ჯგუფში საკმაოდ ძლიერი ნაკრებები ჰყავდა და მან ღირსეულად განვლო ეს ეტაპი.

გასწვდება თუ არა კუნძულელთა მწვრთნელის ცოდნა იტალიის ნაკრებსაც, ამას რამდენიმე დღეში ვნახავთ.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. D ჯგუფი. მესამე ტური
19.06. დონეცკი. დონბას არენა
ინგლისი-უკრაინა 1:0 (იხილეთ ვიდეო)
ინგლისი (4-4-1-1): ჰარტი - ჯონსონი, ტერი, ლესკოტი, კოული - მილნერი (უოლკოტი 69), ჯერარდი, პარკერი, იანგი - რუნი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 87) - უელბეკი (კეროლი 82)
უკრაინა (4-3-1-2): პიატოვი - გუსევი, ხაჩერიდი, რაკიცკი, სელინი - იარმოლენკო, ტიმოშჩუკი, კონოპლიანკა - გარმაში (ნაზარენკო 78) - დევიჩი (შევჩენკო 70), მილევსკი (ბუტკო 77)

გოლები: 1:0 რუნი (48)

გაფრთხილება: ჯერარდი, კოული - ტიმოშჩუკი, რაკიცკი, შევჩენკო

კარში დარტყმა: 7(3)-14(3); კუთხური: 6-10; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 0-0; ბურთის ფლობა: 44%-56%

მაყურებელი: 48 700

D ჯგუფი
1. ინგლისი 3 2 1 0 5-3 7
2. საფრანგეთი 3 1 1 1 3-3 4
3. უკრაინა 3 1 0 2 2-4 3
4. შვედეთი 3 1 0 2 5-5 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შვედეთი-საფრანგეთი 2:0 - ფრანგებმა ცხოვრება გაირთულეს
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა მოპარული გოლი??!! თამაშგარე რო იყო რატომ არაფერს არ ამბობთ ამაზე!
0
მოპარული გოლი კიარა, არ დანიშნული თამაშგარე
antokeli
10:16 20-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული