პორტუგალიამ ნათლად დაამტკიცა, რომ ტყუილად არ განიხილებოდა წყვილის ფავორიტად და საგოლე მომენტების ნაწილი მაინც რომ გამოეყენებინა, სოლიდური ანგარიშით გაიმარჯვებდა.
ჩეხეთმა კი ის დაგვიმტკიცა, რომ A ჯგუფის დონე დანარჩენი ჯგუფებისას არათუ მცირედით, არამედ კატასტროფულად ჩ
ტაქტიკა/სტრატეგია
წინა დღეებში დიდი სჯა-ბაასი იყო გაჩაღებული იმის შესახებ, შეძლებდა თუ არა ამ მატჩისთვის მომჯობინებას ჩეხთა კაპიტანი ტომაშ როსიცკი.
როგორც გახსოვთ, მან სამკურნალოდ სამშობლოსაც კი მიაშურა, მაგრამ ექიმთა ყველა მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა - როსიცკი არც ძირითად შემადგენლობაში გვინახავს და, როგორც ჩანს, არც შეცვლაზე გამოსასვლელად იყო მზად.
ჩეხეთის ნაკრების მარცხს მის არყოფნას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, მაგრამ ფაქტია, რომ აღმოსავლეთევროპელთა შემტევი პოტენციალი როსიცკის გარეშე გვარიანად შესუსტდა. ევრო 2012-ზე ჩეხთა შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა ახალგაზრდა ვლადიმირ დარიდა, რომელიც საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გაამწესეს.
რაც შეეხება პორტუგალიელთა სასტარტო შემადგენლობას, აქ ყველაფერი უცვლელად იყო - პაულუ ბენტუმ არჩევანი ზუსტად იმ 11 ფეხბურთელზე შეაჩერა, რომლებსაც ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩზე ენდო.
ორივე გუნდმა თითო გამოკვეთილი ცენტრფორვარდით ითამაშა - პორტუგალიელთაგან ამ ფუნქციებს ელდერ პოშტიგა ასრულებდა, რომელიც პირველი ტაიმის მიწურულს დაშავდა და უგო ალმეიდათი შეცვალეს, ჩეხები კი წინა ხაზზე მასზე არანაკლებ გამოცდილ მილან ბაროშს ენდნენ.
საუკეთესო ფეხბურთელი
კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
ვფიქრობთ, 21 ივნისის საღამოს შემდეგ უკვე ვეღარავინ იტყვის, რომ კრიშტიანო რონალდოს ნაკრებში ყველაფერი არ გამოსდის, ან იქ საქმეს გულგრილად ეკიდება. ჰოლანდიასთან შეხვედრის მსგავსად, “რეალისა” და პორტუგალიის ეროვნული გუნდის ლიდერმა მოედანზე სული და გული დადო, ყველა საუკეთესო თვისება გამოავლინა და ზუსტად ისე მოქმედებდა, როგორც ამბიციური გუნდის სუპერვარსკვლავ კაპიტანს შეეფერება.
რონალდომ ჩვეული ინდივიდუალიზმითაც აღგვაფრთოვანა და ამჯერად მას თანაგუნდელებმაც აუბეს მხარი - პორტუგალიის ნაკრები აღარ ჰგავდა ერთი კაცის გუნდს, რაც, ბუნებრივია, წარმატების მიღწევის შანსს ერთიორად ზრდის.
ფეხბურთელი-იმედგაცრუება
თეოდორ გებრე სილასიე (ჩეხეთი)
ჩეხეთის ნაკრები, უბრალოდ, პორტუგალიაზე დაბალი დონის გუნდია და აქედან გამომდინარე, ძალიან ძნელია, ამ მარცხში რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელი დაადანაშაულო. ამას არც ვაპირებთ, უბრალოდ, მაინც თეოდორ გებრე სელასიეს გამოვყოფთ, რომელიც უმძიმეს დავალებას ვერ გაუმკლავდა - რონალდოს განეიტრალება ვერ შეძლო და ამისთვის ნუ დავძრახავთ.
მსაჯი
ვერ გამოდგა ისეთი შეხვედრა, რომლის ბედიც, შესაძლებელი იქნებოდა, მსაჯის ხელში მოქცეულიყო. ამის მიუხედავად, ჰოვარდ უებს გარჯას ნუ დავუკარგავთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინგლისელმა არბიტრმა მატჩი სერიოზული შეცდომების გარეშე ჩაატარა.
შეიძლება გავიხსენოთ შეხვედრის მიწურულს ჩეხეთის ნაკრების საჯარიმოში რონალდოს წაქცევა მეტოქის მცველთან კონტაქტის შედეგად, თუმცა ამ დროისთვის პორტუგალიას უკვე გატანილი ჰქონდა და, შესაბამისად, ვების გადაწყვეტილებას თამაშის შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.
მწვრთნელთა დუელი
ვერ დავიჩემებთ, რომ პაულუ ბენტუ მიხალ ბილეკზე უკეთესი სპეციალისტია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მეტოქეზე ძლიერი ფეხბურთელების სათანადოდ გამოყენებასაც შნო უნდა. პორტუგალიელთა თავკაცმა აბსოლუტურად მართებული გადაწყვეტილება მიიღო, როცა თავის გუნდს შემტევი ფეხბურთის თამაში დაავალა; ბილეკს კი, ალბათ, “მეორე ნომრობის” გარდა, სხვა ალტერნატივა არც ჰქონია.
ბუნებრივია, სამწვრთნელო დუელიც პორტუგალიელის გამარჯვებით დასრულდა.
ანალიზი
ჩეხები თავიდანვე მასირებულ დაცვაში ჩადგნენ და შესვენებამდე მეტოქის შეტევებს წარმატებით იგერიებდნენ. პირველი ტაიმის მიწურულს რონალდომ ბურთი ძელს გაარტყა, მანამდე კი პორტუგალიელებს დაწინაურების რეალური შესაძლებლობა არ ჰქონიათ.
სამაგიეროდ, შესვენების შემდეგ პირინეელთა უპირატესობა აშკარა გახდა. ჩეხებს სულ უფრო და უფრო უჭირდათ საკუთარი კარის მშრალად შენახვა.
პორტუგალიელთა ყველა მომენტს არ გავიხსენებთ, მხოლოდ ყველაზე სახიფათოებს აღვნიშნავთ - რონალდოს დარტყმას ძელი კიდევ ერთხელ აღუდგა წინ, ჟოაუ მუტინიოს პეტრ ჩეხმა არ გაატანინა, ნანის დარტყმისას კი ხიფათი მცველმა განმუხტა.
ჩეხეთის ნაკრებს კონტრშეტევებზეც არაფერი გამოსდიოდა და მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქის კარის ჩარჩოში ერთხელაც კი არ დაურტყამს. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ჩეხთა პროგრამა-მაქსიმუმი საქმის თერთმეტმეტრიანების სერიამდე მიყვანა და იქ ჩეხის ოსტატობის იმედად ყოფნა იყო, მაგრამ 79-ე წუთზე მათ იმედებს რონალდომ ცივი წყალი გადაასხა - მუტინიომ შეტევის მარჯვენა ფლანგზე დიდი სისწრაფით გაინავარდა და თავისი გუნდის კაპიტანი მოძებნა, რომელმაც თავურით მიწიდან ასხლეტილი ბურთი გაახვია ჩეხის კარში.
დასკვნა
ფეხბურთი იმითაა საინტერესო, რომ ზოგჯერ შეიძლება მოულოდნელი და ალოგიკური შედეგით დასრულდეს, მაგრამ გუშინ მსგავსი არაფერი მომხდარა - უფრო ძლიერმა მინიმალურად, მაგრამ მაინც ძალიან ეფექტურად და დამაჯერებლად გაიმარჯვა.
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. მეოთხედფინალი
21.06. ვარშავა. ნაციონალური სტადიონი
ჩეხეთი-პორტუგალია 0:1 (იხილეთ ვიდეო)
ჩეხეთი (4-2-3-1): ჩეხი - გებრე სელასიე, სივოკი, კადლეცი, ლიმბერსკი - ჰიუბშმანი (86. პეხარტი), პლაშილი -იერაჩეკი, დარიდა (61. რეზეკი), პილარი - ბაროში.
პორტუგალია (4-3-2-1): რუი პატრისიო - ჟოაო პერეირა, პეპე, ბრუნო ალვეში, ფაბიო კოენტრაო - რაულ მეირელეში (88. როლანდო), ველოზო, მუტინიო - ნანი (84. კუშტოდიო), რონალდო -პოშტიგა (40. ალმეიდა).
გოლი: 0:1 რონალდო (79)
კუთხური: 6-11; ჯარიმა: 12-7; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 2(0)-20(6); ბურთის ფლობა: 57%-43%.
გაფრთხილება: ლიმბერსკი - ნანი, ველოზო
არბიტრი: ჰოვარ უები (ინგლისი)
მაყურებელი: 55 590
ორი სხვადასხვა წონითი კატეგორია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"