"ლელომ" ამ თემაზე სასაუბროდ ვეტერან არბიტრს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილეს, ავთანდილ შალამბერიძეს მიმართა.
ინგლისის ნაკრების კარში არჩათვლილი გოლი
ინგლისი-უკრაინა 1:0 - ერთი მოპარული გოლი [+VIDEO]
"ორი აზრი არ არსებობს, მსაჯმა ნაღდი გოლი არ ჩათვალა და ეს შეცდომა თვით უეფამაც აღიარა და ამ შეხვედრის არბიტრ ვიქტორ კაშაისთვის ევროპის ჩემპიონატი უკვე დასრულდა.
ხშირად სვამენ შეკითხვას, თუ რას აკეთებს კარის სიახლოვეს მდგარი მსაჯი და რატომ
ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ მეოთხე მსაჯიც და ლაინსმენიც მატჩის არბიტრს მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციებს აწვდიან. საბოლოო გადაწყვეტილებას კი მხოლოდ არბიტრი იღებს.
მას შეუძლია, არც მეოთხე მსაჯის პოზიცია გაითვალისწინოს და თანამსაჯის მიერ დაფიქსირებული თამაშგარე მდგომარეობაც კი უგულებელყოს!
სხვა საქმეა, რომ მეოთხე მსაჯს ინგლისელთა კარში გასული გოლი უნდა დაენახა. იგი პირით ხაზზე კი არ იდგა, ოდნავ მოედნისკენ იყო შეწეული და მახვილი კუთხიდან სიტუაციაში სწორად გარკვევა გაუჭირდა", - გვითხრა შალამბერიძემ.
მოკლედ, ზედმეტიც კი არის იმაზე საუბარი, რომ ამ ეპიზოდში მსაჯის შეცდომა აშკარა იყო. ჩვენს რესპონდენტს რამდენიმე საკამათო მომენტის შეფასებაც ვთხოვეთ.
ესპანეთის ნაკრების კარში არდანიშნული პენალტი
ხორვატია-ესპანეთი 0:1 - ცისფერი და უფერული "ფურია როხა" [+VIDEO]
"ხორვატ მარიო მანჯუკიჩს ესპანელმა მცველმა მაისურზე დაქაჩა, მაგრამ, შესაძლოა, არბიტრმა მიიჩნია, რომ მანამდე იგივე ქმედებას ადგილი მანჯუკიჩის მხრიდან ჰქონდა და თერთმეტმეტრიანის დანიშვნისგან თავი ამიტომაც შეიკავა".
ბერძენი სოკრატის პაპასტატოპულოსის გაძევება
პოლონეთი-საბერძნეთი 1:1 - პოლონეთის ფალშსტარტი [+VIDEO]
"მეორე ყვითელი ბარათი სამართლიანი იყო, პაპასტატოპულოსის მხრიდან წესების დარღვევა აშკარა იყო. თუმცა მანამდე, როცა იგი პირველად გააფრთხილეს, მსაჯი შეცდა და მოეჩვენა, თითქოს ბერძენმა მცველმა მეტოქეს იდაყვი ჩაარტყა".
რუსეთის ნაკრების კარში არდანიშნული პენალტი
საბერძნეთი-რუსეთი 1:0 - წავედით სახლში! [+VIDEO]
"ვფიქრობ, მსაჯი შეცდა - კარაგუნისის წინააღმდეგ წესების დარღვევა აშკარა იყო. თუმცა ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, თითქოს ბერძენთა კაპიტანი გაფრთხილების ღირსი არ იყო - მან არბიტრის გადაწყვეტილება მეტისმეტად ემოციურად გააპროტესტა.
საერთოდ კი, არდანიშნული პენალტი აპრიორში არ ნიშნავს, რომ შემტევი ფეხბურთელი სიმულაციისთვის უნდა გააფრთხილონ. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა იგი თეატრალური ვარდნით ცდილობს თერთმეტმეტრიანის მოპოვებას".
* * *
რაც შეეხება ზოგად სამსაჯო ტენდენციებს, შალამბერიძეს მიაჩნია, რომ ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე ნაკლებად ვხედავთ ზღვარგადასულ უხეშობას, რაც მსაჯთა პრინციპული პოზიციის დამსახურებად მიაჩნია. მსაჯებმა კი, თავის მხრივ, ეს ინსტრუქცია ზემდგომი ორგანოდან მიიღეს.
ევრო 2012-ის საუკეთესო არბიტრებად შალამბერიძეს პორტუგალიელი პედრო პროენშა, იტალიელი ნიკოლა რიცოლი და სლოვაკი დამირ სკომინა მიაჩნია და ვარაუდობს, რომ ფინალის განსჯას ერთ-ერთ მათგანს მიანდობენ.
ავთანდილ შალამბერიძე: საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ არბიტრი იღებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვიქტორ კაშაი: მატჩის შემდეგ ვიდეოჩანაწერი ვნახეთ და მივხდით, რომ შევცდით
უკრაინა-ინგლისის მატჩის არბიტრს "ვიკიპედიაში" ყოველ 15 წუთში ერთხელ "კლავენ"
პერლუიჯი კოლინა: მარკო დევიჩის გოლი უნდა ჩათვლილიყო
მიშელ პლატინი გოლის დაფიქსირების ტექნოლოგიის წინააღმდეგია
ფიფას პრეზიდენტი: ფეხბურთში "ელექტრონული" ბურთი გვჭირდება