აქამდეც ცნობილი იყო, რომ ურემის გადაბრუნების შემდეგ გზა უკეთ ჩანს ხოლმე. მთავარია, პრობლემები იქამდე შენიშნო, ვიდრე მისი გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება.
ფრანგებმა კი ბოლო სამი წელიწადია, ეროვნულ გუნდში სხვადასხვა, ზოგჯერ ერთმანეთისადმი აშკარად მტრულ დაჯგუფებას ვერაფერი მოუხერხეს.
ლორან ბლანმა გარკვეულწილად შეძლო გუნდის პროგრესის გზაზე დაყენება, მაგრამ ბოლომდე ის მაინც ვერ გაუმკლავდა ზეწოლას.
ბლანთან ახალ ხელშეკრულებაზე საფეხბურთო საზოგადოება ჯერ კიდევ მაშინ ალაპარაკდა, როცა გასული წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ფედერაციის სათავეში ახალი
ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ნოელ ლე გრაემ ევრო 2012-ის დასრულებამდე და მისი შედეგების შეჯამებამდე ბლანთან ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი თქვა.
მუსიე ბლანი ამან ცოტა არ იყოს, გააღიზიანა და მალე თავად განაცხადა, რომ შედეგების მიუხედავად, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ნაკრებს დატოვებდა.
სწორედ ამიტომ იყო, რომ ბლანს ჯერ კიდევ კონტინენტის პირველობის დაწყებამდე სთავაზობდნენ კლუბები თანამშრომლობას. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბლანი ფედერაციასთან ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, ამ ეტაპზე უცნობია. თავის მხრივ, ფრანგული პრესა მის შემცვლელზე ალაპარაკდა.
ჟურნალისტებს გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავთ - დიდიე დეშამი. 43 წლის სპეციალისტზე სწორედ გუშინ ვწერდით, რომ "მარსელიდან" წასვლა გადაწყვიტა.
ოფიციალურად გაყრა ჯერ არ დადასტურებულა. დეშამის თხოვნა დირექტორატმა უნდა დააკმაყოფილოს, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ დასტური აუცილებლად იქნება, მით უფრო, რომ ამის სურვილი კლუბის უმთავრეს მოწილე მარგარიტა ლუი-დრეიფუსს აქვს. ისე, ცოტა უცნაურია, რით დაიმსახურა დეშამმა ესოდენი ყურადღება, განა, რას მიაღწია მისმა "მარსელმა"?
რა ბედი ელით აჯანყებულებს?
3 ივლისს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც გადაწყდება როგორც ნასრის, ისე დანარჩენი "აჯანყებულების" - ჟერემი მენეზის, ატემ ბენ არფასა და იან მ’ვილას ბედი.
მენეზმა გასახდელში კაპიტან უგო ლორისთან გამართა ჩხუბი, მ’ვილამ შეცვლის შემდეგ ბლანს ხელის ჩამორთმევაზე უარი უთხრა და ჩუმად შეუკურთხა კიდეც, ბენ არფამ კი ბლანის გადაწყვეტილება, რომ ფეხბურთელი სკამზე დაესვა, მიუღებელი ფორმით გააპროტესტა. სამივე მათგანს ნაკრებიდან 4-4 თამაშით მოკვეთა ემუქრება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"