ბარი ფერგიუსონის უარი სამშობლოს

AutoSharing Option
"ბირმინგემის" 32 წლის ნახევარმცველმა ბარი ფერგიუსონმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ შოტლანდიის ნაკრებში აღარ დაბრუნდება და ეჭვგარეშეა, რომ ყოფილი კაპიტნის ეს გადაწყვეტილება გუნდის მწვრთნელ კრეიგ ლივაინს გეგმებს აურევს – სქოთთა დამრიგებელი იმედოვნებდა, რომ ფერგიუსონი ოქტომბერში ჩეხეთისა და ესპანეთის ნაკრებთა წინააღმდეგ შესარჩევ მატჩებს ითამაშებდა.

ფერგიუსონს შოტლანდიის ნაკრებში 2009 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული არ უთამაშია – "ბუზგეიტის" სახელით ცნობილი სკანდალის მომენტიდან, მაგრამ რამდენიმე დღის წინათ ბარიმ აღიარა, რომ ეროვნულ გუნდში არყოფნით "გულნატკენია". ფეხბურთელის ამ განცხადებამ მისი დაბრუნების იმედები გააჩინა, მაგრამ ახლა გაირკვა, რომ ამ იმედებს
არანაირი საფუძველი არ ჰქონდა.

"გასულ კვირაში ბარი ფერგიუსონმა მიანიშნა, რომ საერთაშორისო ფეხბურთში დაბრუნებას არ გამორიცხავს, - განაცხადა შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციის წარმომადგენელმა, - თუმცა გუნდის მწვრთნელ კრეიგ ლივაინსა და ნაკრების მთავარ სკაუტ მაიკლ ოლივერთან საუბარში ბარიმ თქვა, რომ დაბრუნებას არ აპირებს. ამრიგად, ეს ფეხბურთელი აღარ განიხილება ჩეხეთისა და ესპანეთის ნაკრებებთან მატჩებში მონაწილეობის კანდიდატად. ამით საკითხი ამოიწურა".

არადა, კრეიგ ლივაინს ნაკრებში როგორც ფერგიუსონის ხილვა სურდა, ისე ალან მაკგრეგორისაც. ეს ფეხბურთელები გასული წლის აპრილში, ჰოლანდიისა და შოტლანდიის ნაკრებთა მატჩის შემდეგ სასტუმროში არაადამიანურად დათვრნენ და ნამდვილი დებოში მოაწყვეს. სწორედ ამ სკანდალს ეწოდა "ბუზგეიტი". საბოლოოდ, მაკგრეგორი ნაკრებში მაინც დაბრუნდა, ხოლო ფერგიუსონმა თავს ამის უფლება არ მისცა.

ფეხბურთელის ამ გადაწყვეტილება შემდეგმა ფაქტორმა განაპირობა – ფერგიუსონის ოჯახი შოტლანდიაში ცხოვრობს, თავად ბარი – ბირმინგემში, ხოლო სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზები ერთადერთი პერიოდია, როცა 32 წლის კაცს ახლო ადამიანების მონახულების შანსი აქვს. ამიტომ ფერგიუსონმა ოჯახური ბედნიერება კარიერაზე წინ დააყენა.

ნაკრებში დაბრუნებაზე ფერგიუსონის უარის სხვა ასპექტი კი აი, რას უკავშირდება: მას შემდეგ, რაც ბარი ნაკრებიდან გაირიცხა, ხოლო "რეინჯერსმა" მისი მოშორება გადაწყვიტა, ერთადერთი კაცი, ვინც დახმარების ხელი გაუწოდა, "ბირმინგემის" თავკაცი ალექს მაკლიში გახლდათ, ვისი ხელმძღვანელობითაც ბარი ფერგიუსონს წლების წინ შოტლანდიის ნაკრებშიც უთამაშია და "რეინჯერსშიც".
...და, როგორც ბარი თავის ბოლოდროინდელ ინტერვიუებში ამბობს, ყველაზე მეტად მას ის სურს, რომ ალექს მაკლიშს მადლობა კლუბში კარგი თამაშით გადაუხადოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული