საიდან მოუვიდა ინგლისელთა იტალიელ მწვრთნელს კოილის გამოძახება აზრად? თან, ბედის ირონიით, ერთი კვირაც არ გასულა მას მერე, რაც "ბლექბერნისა" და "საუთჰემპტონის" ყოფილმა ვარკსვლავმა ინტერვიუში თქვა, ნაკრებში მოხვედრის ოცნება უკვე გამოვიტირე, ასეთი ბედნიერება კარიერაში აღარ მეწვევაო. მაგრამ, კაცი ბჭობდა,
ჟურნალისტებმა ხელად გაიხსენეს, როგორ შეუთვალა იტალიელმა მწვრთნელმა დევიდ ბექჰემს ნაკრებში თამაშზე უარი. მიზეზი სწორედ ასაკი იყო. ბექჰემი ხომ დევისზე ორად ორი წლითაა უფროსი. ჰოდა, გამოვიდა, რომ კაპელოს როცა უნდა ასაკი არგუმენტია და როცა არ უნდა - არ არის. თუმცა "ბოლტონის" თავკაცმა ასე თქვა:
"კევინს გარჯა დაუფასდა. ის ყოველ ტურში მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს, რაც შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. ეჭვი არ მეპარება, რომ დევისი მისტერ კაპელოს ძალიან გამოადგება.
ვიცი, კევინ დევისისთვის თავისი ქვეყნის ნაკრებში თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს. იგი ამაზე მთელი ცხოვრება ოცნებობდა და მასთან ერთად ვხარობ. გარწმუნებთ, მას ეს პატივი იოლად არ რგებია. ის ბევრს მუშაობდა და მსოფლიოს საუკეთესო ლიგის საუკეთესო მცველებთან ბრძოლაში იმდიდრებდა გამოცდილებას. ფეხბურთში ასეა: თუკი ცხოვრება შანსს გაძლევს, უნდა ჩაეჭიდო და არ გაუშვა. კევინ დევისმაც სწორედ ასე გააკეთა".
კოილი ამბობს, რომ მან დევისის კაპელოს "გრძელ სიაში" მოხვედრის ამბავი რამდენიმე დღის წინ შეიტყო, მაგრამ ფეხბურთელს არაფერი უთხრა, მას ემოცია რომ არ მორეოდა და "ვესტ ბრომვიჩთან" შაბათის შეხვედრისტვის მზადებაში ხელი არ შეშლოდა. თავად ფეხბურთელს კი ყველაფერი ხუმრობა ეგონა, სანამ პრესა-ტელევიზიით ოფიციალურ გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე ოფიციალური საბუთი არ მიიღო.
კოილი: "ხუთშაბათ საღამოდან მოყოლებული ვიცოდი, რომ კევინ დევისი კაპელოს სიაში ჰყავდა შეყვანილი, მაგრამ როგორც მე, ასევე ის, მთელი ყურადღებით "ვესტ ბრომვიჩთან" შეხვედრაზე ვიყავით გადართული. ორშაბათს, როდესაც უკვე ორივემ ვიცოდით, რომ ის ნაკრებში იყო გამოძახებული, მაინც ვისხედით და ველოდებოდით, როდის გამოაცხადებდნენ ყველაფერს ოფოციალურად".