რიო ფერდინანდს დასვამენ

AutoSharing Option
რიო ფერდინანდს ინგლისის ნაკრების კაპიტნობაზე როგორ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, როდესაც ფაბიო კაპელომ 12 ოქტომბერს ჩერნოგორიასთან შეიძლება საერთოდ არ ათამაშოს.

ინგლისელთა ბანაკიდან გამოვიდა ხმა, რომ მოედანზე მის ნაცვლად სავარაუდოდ ფილ ჯეგიელკას ვიხილავთ. თურმე, კაპელოს წინა ორ სანაკრებო შეხვედრაში "ევერტონის" 28 წლის მცველის თამაში ისე მოსწონებია, რომ მზად არის თვით გამოჯანმრთელებული ფერდინანდის გამოყვანაზე თქვას უარი - ჯეგიელკამ ბულგარეთთან (4:0) და შვეიცარიასთან (3:1) თავიდან ბოლომდე ითამაშა.

გეხსომებათ, 31 წლის რიო ფერდინანდმა ბოლოს ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, ამხანაგურ შეხვედრებში ითამაშა. შემდეგ ის სამხრეთ აფრიკაში,
ვერჯიშზე დაშავდა და ინგლისში ისე დაბრუნდა, რომ მუნდიალის ერთ შეხვედრაშიც არ მიუღია მონაწილეობა.

ფერდინანდის სათადარიგოთა სკამზე დასმით კაპელო კაპიტნის პრობლემასაც გადაწყვეტს. მოგეხსენებათ, მას მერე, რაც მანჩესტერელი მწყობრში დაბრუნდა დაისვა კითხვა, ვინ უნდა იყოს ინგლისელთა კაპიტანი, კვლავ ფერდინანდი თუ მსოფლიოს ჩემპიონატსა და მას შემდგომ პერიოდში დანიშნული სტივენ ჯერარდი, რომელმაც ამ საქმეში ფრიად იყოჩაღა.
თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ მიმომხილველები დასკვნების გამოტანას ჩქარობენ. კაპელო ამბობს, რომ ფერდინანდის ფიზიკურ მომზადებაში ჯერ ბოლომდე დარწმუნებული არ არის და მანჩესტერელს უახლოეს ვარჯიშებზე დააკვირდება.

რაც შეეხება ჯეგიელკას, ის ამბობს: "რასაკვირველია, მესმის, რომ შესაძლო ისევ სათადარიგოთა სკამზე დავბრუნდე".

თუმცა, "ევერტონში" მისი მწვრთნელი დევიდ მოიესი სხვა აზრისაა: "მე მგონია, რომ ფილს ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ. მან ინგლისის ნაკრებს ახალი სისხლი შემატა".
გარეთ ბერი შეკრებაზე პირადი მიზეზების გამო გვიან მივა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული