რუნი თავზე ტრუსებწამოცმული კაცის წინააღმდეგ

AutoSharing Option
უეინ რუნიმ და მისმა თანაგუნდელებმა სამშაბათს, 12 ოქტომბერს ჩერნოგორიას უნდა მოუგონ, რათა ზედიზედ სამი გამარჯვებით ევრო 2012-ის შესარჩევ G ჯგუფს სათავეში მოექცნენ. ინგლისელთა მაღალი გადასახედიდან ჩერნოგორია, საფეხბურთო თვალსაზრისით, დღევანდელი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ ფაბიო კაპელოს რეკლამირებული რაზმისა ეშინიათ და მის დამარცხებაზე არ ფიქრობენ. ჩერნოგორიელთა ცენტრალური მცველი მიოდრაგ ძუდოვიჩი ამბობს:

"ჩვენ ინგლისელებს პატივს ვცემთ, მაგრამ პირდაპირ ვაცხადებთ, რომ მათი დამარცხება შეგვიძლია. ჩვენ მათი არ გვეშინია. ჩვენ არც პირადად უეინ რუნის შიში გვაქვს.

კარგად
ვიცით, რომრუნი ევროპის კი არა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ მას კარგად უკვე დიდი ხანია არ უთამაშია და ეს იმედს გვისახავს. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია – დაუმარცხებელი გუნდი არ არსებობს".

რუნიმ, მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო ორი თამაში გამოსტოვა. ეს გუნდის მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის გადაწყვეტილება გახლდათ. შეფს უნდოდა თავისი ფავორიტი, როგორც ამბობენ, უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავისგან დაესვენებინა. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში რუნის დიდი პირადი სკანდალი დაატყდა – ტაბლოიდებმა ცოლის ღალატი გაუგეს და 24 წლის ვარსკვლავს კინაღამ ოჯახი დაუნგრიესა. გარდა ამისა, მან კოჭიც იტკინა და ფერგიუსონმაც იფიქრა ამ მიზეზით მას ორომტრიალისგან გავარიდებო - შესაბამისად, რუნის ჩერნოგორიასთან თამაშიც ეჭვქვეშ დადგა - მაგრამ კაპელომ ის მაინც გამოიძახა და თავად ფორვარდსაც ისე უნდოდა მოედანზე გასვლა, რომ საკითხი მალევე ამოიწურა. ამრიგად, ფეხბურთელს, რომელსაც მიმდინარე სეზონში თავისი კლუბისა და ნაკრების სახელით ორად ორი გოლი აქვს გატანილი, დიდი სტიმული ეძლევა, თუმცა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეს ყველაფერი ჩერნოგორიელებს არ აშინებთ. აი, რას ამბობს მარჯვენა მცველი სტეფან სავიჩი:

"არც კი მჯერა, რომ ინგლისის ნაკრებს ვეთამაშებით. ასეთ რამეს ვერც წარმოვიდგენდი".

და განა მარტო სავიჩი... ჩერნოგორიის მოსახლეობა 672 ათასია, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა პარასკევს პოდგორიცას სტადიონზე, შვეიცარიასთან 1:0 მოგებულ შეხვედრას მოსახლეობის თითქმის 2 პროცენტი (12 ათასი) ესწრებოდა. ერთი სიტყვით, თუკი ჩერნოგორიას ინგლისში ან მის გარეთ ვინმე პატარა საფეხბურთო ქვეყანას უწოდებს, ეს მხოლოდ მეტაფორულ ნათქვამად უნდა ჩამოვართვათ.
სავიჩი განაგრძობს: "ჩვენ ინგლისში წასვლის წინ ვერანაირ ზეწოლას ვერ ვგრძნობთ. გვინდა მასპინძლებს სურპრიზი მოვუმზადოთ. გვერწმუნეთ, ლონდონში შოპინგისთვის არ მივდივართ".

ლონდონში ჩასვლა ძუდოვიჩსაც დამატებით მოტივაციას სძენს:

"მე თუ მკითხავთ "უემბლის" სტადიონი მსოფლიოში ყველაზე ცნობილია. ჩემთვის იქ თამაში ნამდვილი ფესტივალია. ადამიანმა შეიძლება ცხოვრება ასეც კი დაჰყოს: "უემბლიზე" თამაშამდე და მერე. ამიტომაც, ყველა ღონეს ვიხმარ, რათა ეს თამაში ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა გამოვიდეს. ჩვენ "უემბლიზე" ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. სამწუხაროა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმების გამო გვაკლია. ვიმეორებ, ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, თუმცა ქულითაც ძალიან კმაყოფილი დავრჩებით".

ჩერნოგორიას არ ეყოლება სტევან იოვეტიჩი, ნიკოლა დრინჩიჩი და სავო პავიჩევიჩი. სამაგიეროდ, იქნება მირკო ვუჩინიჩი, რომელიც თანაგუნდელთაგან თამაშის სტილითა და ვარსკვლავის სტატუსით ყველაზე მეტად ჰგავს უეინ რუნის. მართალია ის "რომაში" ამჟამად საუკეთესო ფორმით ვერ დაივეხნის, მაგრამ პარასკევს შვეიცარიელებთან დიდებულად ითამაშა – მარტო გოლით კი არ გამოიჩინა თავი, არამედ ზოგადად თამაშითაც. მას პრესასთან ურთიერთობა უჭირს და მას-მედიის საშუალებებთან ხშირად კონფლიქტიც აქვს, თუმცა მოედანზე ჩერნოგორიელთათვის განსაკუთრებული ფიგურაა.

ზემოთ, შვეიცარიასთან გატანილი გოლი ვახსენეთ და მიმოხილვებში ნახავდით როგორ იზეიმა მან იმ გოლის გატანა: ტრუსები გაიხადა და თავზე წამოიცვა, შემდეგ კი თქვა:

"თამაში მე როდი მოვიგე, გამარჯვება ყველამ ერთად მოვიპოვეთ, ფეხბურთელებმა და მაყურებელმა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული