მაინც რა კითხვები ვერ გაიგო კაპელომ? მაგალითად, ასეთი: რამდენად სწორი იყო სამკლავურის ჩამორთმევა კაცისთვის, რომელმაც აგვისტოში, უნგრეთის ნაკრების კარში ორი გოლის გატანით მისი
მათ იტალიელს ვერც ეუინ რუნის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული შეკითხვების შინაარსი გააგებინეს და საბოლოოდ უკმაყოფილონი დარჩნენ. კაპელო კი თავის მხრივ გაკვირვებული ჩანდა:
"ჯერარდმა ჩემი წესები კარგად იცის - პასუხობდა ის - ვინ იქნებოდა ინგლისის ნაკრების კაპიტანი და ვიცე-კაპიტანი ეს ინგლისში რომ ჩამოვედი მაშინვე გადავწყვიტე და გამოვაცხადე. წესებს არასდროს ვცვლი. როდესაც ფერდინანდს თამაში შეეძლო, კაპიტნობდა კიდეც და ეს სტივენმა ძალიან კარგად იცის".
მაგრამ, ინგლისურ პრესას ასეთი პასუხი არ ეპიტნავა, მოეჩვენა, რომ იტალიელი მწვრთნელი თანმიმდევრულად არ მსჯელობს და როგორც აწყობს ისე ჭრის და ისე კერავს. ყველაფერი მართლა "კაპელოს წესების" შესაბამისად რომ ყოფლიყო გაწერილი, მაშინ პასუხი კითხვაზე, ვინ უკაპიტნებს ჩერნოგორიასთან ინგლისის ნაკრებს, X-ფაქტორის (ქართული ანალოგიით "ჯეოსტარის") ფინალივით სანერვიულო არ იქნებოდა. ამ "ჯეოსტარის ფინალმა" ეჭვი არ არის როგორც ჯერარდი ასევე ფერდინანდი ძალიან დაძაბა და ჟურნალისტების აზრით ამან შეიძლება თამაშის ხარისხზე იმოქმედოს.
კიდევ ერთი შეუსაბამობა: ყველაფერი კვლავ და კვლავ "კაპელოს წესებით" რომ ყოფილი დალაგებული მაშინ თავად კაპელო კაპიტნობის ამბავს ჯერარდს კვირას არ ეტყოდა და ფერდინანდს, ორშაბათს - ისედაც ცხადი იქნებოდა, რომ რაკი ფერდინანდი გამოჯანმრთელდა სამკლავური მან უნდა გაიკეთოს.
არადა, პრეს-კონფერენციაზე იტალიელმა მწვრთნელმა ჟურნალისტებს ცოტა შეუტია კიდეც:
"ეს, მხოლოდ თქვენთვის არის დიდი ამბავი" - თქვა მან, რაც პრესის წარმომადგენლებს უპასუხოდ არ დაუტოვებიათ: "და ფეხბურთელებისთვის"!
ის, რომ კაპიტნობის საკითხი მისთვისაც მნიშვნელოვანი იყო, ფერდინანდმაც დაადასტურა:
"კაპელომ ძალიან კარგად იცის, რომ მე ინგლისის ნაკრების კაპიტნობა მინდა. რად უნდა ლაპარაკი, რომ საკუთარი ქვეყნის კაპიტნობა ძალიან საამაყოა. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ეს დიდი მიღწევაა".
სწორედ ამიტომ მართებდა ინგლისის ნაკრების მწვრთნელს კაპიტნობის სათუთ საკითხზე მეტი ფიქრიო, წერს ბრიტანული პრესა და კაპელოს შეახსენებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ის მეკარის შერჩევასაც "მჩატედ" მიუდგა და იწვნია კიდეც.
"დეილი მეილის" მიმომხილველი მეტ ლოუტონი წერს, რომ ფაბიო კაპელო ჩინებული მწვრთნელია, რომელსაც ერთი სერიოზული ნაკლი აქვს: ხშირად ვერ ხვდება, რომ კლუბს კი აღარ უდგას სათავეში, არამედ ნაკრების თავკაცია, რაც სულ სხვა რამ გახლავთ, განსაკუთრებით ინგლისში. მაგალითად, ამ კონკრეტულ შეხვედრაში ის ვერ მოხვდა, რომ სტივენ ჯერარდს მნიშვნელოვანი თამაშის წინ გუნება გაუფუჭა. არადა, ის, რომ ინგლისელი ფეხბურთელებისთვის კაპიტნობა ძალიან ბევრს ნიშნავს, ფერდინანდის მწარე სიტყვებიდანაც კარგად ჩანს:
"დიახ, მე თქვენს სტატიებს ვკითხულობდი - უთხრა "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა მცველმა ჟურნალისტებს - თქვენ გეგონათ, რომ დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ იქნებოდა კაპიტანი, არადა, გუნდში ფეხბურთელები ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი. ზოგი მის ბანაკში იყო და ზოგი ჩემსაში. საბედნიეროდ, მწვრთნელმა ჩემი სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო".