ჰოლანდიაც განრისხდა: სასამართლო დღესვე!

AutoSharing Option

ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ჩინოსნებს მიუნხენის "ბაიერნის" შეფების მუქარა და ხმამაღალი განცხადებები ყელში ამოუვიდათ და მათაც ხმა აიმაღლეს. როგორც იცით, დაპირისპირების საგანი მარკ ვან ბომელია: მიუნხენელებმა ჰოლანდიელებს მოუწოდეს, მარკი ნაკრებში არ ათამაშოთ, ტრავმირებულიაო, მაგრამ "ნარინჯისფრების" დამრიგებელმა ბერტ ვან მარვიიკმა მარკი მაინც ათამაშა, რის გამოც ბავარიელების რისხვა დაიმსახურა, რადგან ვან ბომელს ტრავმა გაურთულდა და მინიმუმ ერთკვირიანი იძულებითი პაუზა გამოიწერა. "ბაიერნის" შეფები, პრეზიდენტ ული ჰიონესის თაოსნობით, ჰოლანდიელებს სასამართლოში ჩივილით ემუქრებიან, რადგან ვან ბომელის ამბავი პირველი შემთხვევა არ არის, მანამდე ასეთივე ისტორია იყო არიენ

რობენის გარშემოც, ოღონდ, უფრო რთული შედეგით - არიენი ფეხბურთს წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს.

მოკლედ, ხმა ჰოლანდიელებმაც აიმაღლეს, "ბაიერნის" მუქარის არავის ეშინიაო. "თუ უნდათ, დღესვე გვიჩივლონ. პირადად მე მირჩევნია, რომ სასამართლოში სარჩელი დღეს შეიტანონ და არა ხვალ ან ზეგ," - უთხრა ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაცის დირექტორმა ბერტ ვან ოოსტვეენმა გამოცემა "ალგემეენ დაგბლადს". ბავარიელები კი სარჩელის შეტანას არ ჩქარობენ, რადგან იმედი აქვთ (უფრო სწორად, ჰქონდათ), რომ ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაცია "ბაიერნს" ვან ბომელისა და რობენის ამბების გამო მიყენებულ ზიანს (ხელფასის გადახდა არაფერში) აუნაზღაურებს. ჰოლანდიელები კი ამას არ აპირებენ, რადგან მიაჩნიათ, როგორც რობენის, ისე ვან ბომელის საქმეში სუფთანი არიან.

საკვალიფიკაციოს საკვალიფიკაციო რაღაა?


ამასობაში, "ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰიონესმა ახალი თემა წამოჭრა. მისი აზრით, უეფამ და ფიფან მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩების რაოდენობა უნდა შეამციროს, რათა ფეხბურთელები ტრავმებისგან მაქსიმალურად დაზღვეულები იყვნენ. მატჩების რაოდენობის შემცირება კი, ულის აზრით, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ საკვალიფიკაციო ეტაპის წინ კიდევ ერთი შესარჩევი ეტაპი იარსებებს. ული იმის გამოა გაგიჟებული, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ, "ბაიერნს" დანიელ ვან ბუიტენის (ბელგია), მიროსლავ კლოზეს (გერმანია), მარკ ვან ბომელის (ჰოლანდია) და ივიცა ოლიჩის (ხორვატია) სახით ოთხი ფეხბურთელი დაშავებულ მდგომარეობაში დაუბრუნდა.

"ადრე შესარჩევ ციკლებში 4 ან 5-გუნდიანი ჯგუფები იყო, ახლა კი ჯგუფში ექვსი ან სულაც შვიდი გუნდია ხოლმე. ეს კი ძალიან სერიოზული პრობლემაა. პირველ რიგში კლუბებისთვის, რომლებიც ფეხბურთელებს ხელფასებს უხდიან, - აცხადებს ჰიონესი, - ადრე რუსეთი ერთი ქვეყანა იყო, ახლა კი 10 ქვეყანაა. ან იუგოსლავია: ადრე ერთი ქვეყანა იყო, ახლა კი ექვსი ქვეყანაა! ჰოდა, ადგნენ და წინაშესარჩევი ციკლები ჩაატარონ".

არ ვიცით, ული ვერ ხვდება თუ არ ხვდება, რომ რუსეთი კი არ იყო ერთი ქვეყანა, არამედ არსებობდა საბჭოთა კავშირი და რომ მაგალითად, საქართველო რუსეთი არანაირად არ არის, ფაქტი კი ისაა, რომ ული ძალიან არაპროფესიონალურად მსჯელობს. მან ერთიც თქვა, თუ ასე არ მოხდება, მაშინ ფეხბურთელებს ხელფასები ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებმაც უხადონო. ესეც არანაკლებ უტოპიური, გაბრაზებული კაცის განცხადებას გავს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული