ლუკა დინი - უბრალო ბიჭი "ლილის" აკადემიიდან

AutoSharing Option
23 წლის ლუკა დინი მარცხენა მცველია და "ბარსელონაში" თამაშობს. რა თქმა უნდა, ის არც მესია და არც ნეიმარი, მაგრამ მის თაობაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება და თავის პოზიციაზე ხომ საერთოდ.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, დინმა უკვე 15 მატჩი ითამაშა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში. "ლილის" საფეხბურთო აკადემიას არაერთი ტალანტი აღუზრდია და დინი ერთ-ერთ მათგანია.

თავის დროზე ნიჭიერ ფეხბურთელში "პარი სენ-ჟერმენმა" 15 მილიონი ევრო გადაიხადა, მაგრამ პარიზში დინს გაუჭირდა. იქ ბევრი ვარსკვლავი იყო და ცოტა შანსი. ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის კი საჭირო იყო სათამაშო პრაქტიკა.

"რა თქმა უნდა, ჩემთვის მთავარი იყო, რომ მეთამაშა. სათადარიგოთა სკამზე არც ერთი ფეხბურთელი გაზრდილა და ვერც მე გავიზრდებოდი. ამიტომ როცა "რომას" ვარიანტი გამოჩნდა, ბევრი აღარ მიფიქრია. მითუმეტეს, ერთი დიდი კლუბიდან მეორეში გადავედი." - ამბობს დინი.

რომაულ კლუბში განათხოვრება ფეხბურთელს ძალიან მოუხდა. ის იქ ათამაშდა და "ბარსელონას" ყურადღება მიიპყრო. კატალონიური გრანდი დაცვის ახალ ხაზს აშენებს და მისი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა დინი უნდა იყოს.

"მერე რა, რომ მესისთან, ნეიმართან, სუარესთან და ინიესტასთან ერთად ვთამაშობ? მე ხომ ვიცი, რომ კიდევ ძალიან ბევრი უნდა ვისწავლო და ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია. თუ ბევრს ვიშრომებ, ხალხი წლების შემდეგ გამიხსენებს. მე ავირჩიე ფეხბურთი და ვალდებული ვარ, მას ყველაფერი მივცე. ეს ხომ ჩემი საქმეა."- მსჯელობს ახალგაზრდა უკანახაზელი.

რას ფიქრობს დინი მიმდინარე სეზონზე? "რა თქმა უნდა, ჩვენ ჩემპიონობისათვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. მართალია, დღეს ცხრილის სათავეში არ ვართ, მაგრამ სეზონის ბოლომდე საკმაო დროა დარჩენილი და რაღაცები უსათუოდ შეიცვლება. "ბარსელონა" ის გუნდია, რომელიც მუდამ პირველობისათვის იბრძვის." - მიიჩნევს დინი.

იქვე ის დასძენს, რომ "ბარსა" ასევე ბოლომდე ეცდება ჩემპიონთა ლიგაზე, რაც გასაკვირი სულაც არაა.

რა ხიბლავს ლუკა დინს ფეხბურთში ყველაზე მეტად? "ჩემთვის მთავარი ჯილდო მაყურებლის ტაშია. არ მინდა, ზედმეტად ორიგინალური ვიყო. მე ფეხბურთს მათთვის ვთამაშობ." - ამბობს ჩვენი გმირი.

რა არის დინის საფეხბურთო ოცნება? "მინდა, მოვუმატო თამაშს. მინდა, კიდევ უფრო გავიზარდო და ძალიან მინდა, საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ტიტული მოვიგო. ჩვენი თაობა ძალიან კარგია. მე მჯერა, რომ ჩვენ ქვეყნისათვის რაღაც დაუვიწყარის გაკეთება შეგვიძლია. როცა მინდორზე გადიხარ ნაკრების მაისურით,შენ ყველაზე ბედნიერი ხარ მსოფლიოში, რადგან საკუთარ ქვეყანას წარმოადგენ. ეს უკვე ოცნების ასრულებას ჰგავს." - ასრულებს დინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული