მეგოლე მცველები: სევილიელი გოლეადორი და სხვები

AutoSharing Option
სერხიო რამოსმა მიმდინარე ლა ლიგაში თავისი მე-7(!) გოლი გაიტანა.

აქედან 6 მას თავით აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით იგი მთლიანად ჩემპიონატში ლიდერობს. თავისი ბოლო 4 გოლი რამოსმა ტონი კროოსის ჩაწოდებებით შეაგდო. სხვათა შორის, კროოსს მიმდინარე ლა ლიგაში ყველაზე მეტი (7) საგოლე პასი აქვს სტანდარტული მდგომარეობების შემდეგ გაკეთებული.

ჩვენ კი რამოსს დავუბრუნდეთ. 30 წლის მცველს, სულ 49 გოლი აქვს გატანილი "რეალის" მაისურით, ესეც მხოლოდ ჩემპიონატში, თორემ ისევ კიდევ რამდენ მნიშვნელოვან გოლს გავიხსენებთ, მათ შორის და, რაც მთავარია ჩემპიონთა ლიგაზე. აღსანიშნავია, რომ
ესპანეთის ჩემპიონატში გატანილი უკანასკნელი 23 გოლიდან 19 გადამწყვეტი გამოდგა ანუ 83%. რამოსმა ამ შემთხვევებში ან ანგარიში გაათანაბრა ანაც წინ გაიყვანა "რეალი".

რაოდენობას პლუს მნიშვნელობის მხრივ, ძალიან ძნელია რამოსს ვინმე შეედაროს ან აჯობოს, მაგრამ არიან სხვა მცველებიც, რომლებსაც ასევე ბევრი გოლი გააქვთ, მათ შორის მნიშვნელოვანიც და საინტერესო იქნება, თუ სერხიოსთან ერთად, მათ მაჩვენებელებსაც გადავავლებთ თვალს.

* * *
შეგვიძლია თვალი გადავავლოთ ბოლო დეკადის ყველაზე შედეგიანი მცველების სიას. გთავაზობთ იმ უკანახაზელების მაჩვენებლებს, რომლებსაც ბოლო 10 წლის განმავლობაში რომელიმე სეზონში 7 ან მეტი გოლი გაუტანიათ. მიმდინარე სეზონში სერხიო რამოსს ჯერ ყველაფერი წინ აქვს და მას შეუძლია საუკეთესო მაჩვენებელიც დააფიქსიროს.

ჩვენ კი აღვნიშნოთ ისიც, რომ ამ ჩამონათვალში ორჯერ მოხვდა მეტიუ ტეილორი. მეტმა 2006/07 წლების სეზონში "პორტსმუთის" რიგებში შეაგდო 8 ბურთი, ხოლო 2008/09 წლების სეზონში "ბოლტონს" შეეწია 9 გოლით. 35 წლის ვეტერანი ინგლისელი ამჟამად "ნორთჰემპტონში" ირიცხება.

მარტინ შკრტელი ლივერპული 2013/14 7
აიტაჩ ზულუ დარმშტადტი 2015/16 7
კამილ გლიკი ტორინო 2014/15 7
თომას ვერმალენი არსენალი 2009/10 7
გონსალო როდრიგესი ფიორენტინა 2014/15 7
სებასტიან პიუგრენიე ნანსი 2012/13 7
ნალდო ვოლფსბურგი 2014/15 7
სერხიო რამოსი რეალი 2016/17 7
მაურიციო დომიცი ნაპოლი 2007/08 8
მეტიუ ტეილორი პორტსმუთი 2006/07 8
ჯოლეონ ლესკოტი ევერტონი 2007/08 8
როელ ბროუერსი გლადბახი 2009/10 8
ფაბიან მონსონი ნიცა 2011/12 8
ესეკიელ გარაი რასინგი 2007/08 9
კრისტიან მაჯო სამპდორია 2007/08 9
მეტიუ ტეილორი ბოლტონი 2008/09 9
მარკო მატერაცი ინტერი 2006/07 10

* * *
გთავაზობთ ბოლო 3 სეზონის განმავლობაში ყველაზე შედეგიანი მცველების სიას. აღსანიშნავია, რომ სერხიო რამოსი "ბეტისთან" გატანილი გოლით დაეწია "აუგბურგის" ჰოლანდიელ ლეგიონერ პაულ ვერჰაგსა და სწორედაც სევილიური "ბეტისის" უნაკახაზელ აისა მანდის. 33 წლის ვერჰაგმა წინა ორ სეზონში 6-6 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარეში ვეტერანი ჯერჯერობით, მხოლოდ 1 ბურთის ამარაა. მანდის კი მიმდინარე ლა ლიგაში 2 გოლი აქვს გატანილი.

წინა ორი სეზონი 25 წლის ალჟირელმა "რეიმსში" გაატარა და იქ ჯამში 11 ბურთი დააგროვა. სხვაობა ამ სამეულს შორის ისაა, რომ სერხიო რამოსს ყველაზე ცოტა მატჩი დასჭირდა. აღსანიშნავია გონსალო როდრიგესის შედეგიც - ფლორენციის "ფიორენტინას" არგენტინელი ლეგიონერი წინა ორ სეზონში 11 გოლით გამოირჩა, მაგრამ მიმდინარეში ჯერ საერთოდ არ გაუტანია.

სერხიო რამოსი რეალი 68 13
აისა მანდი ბეტისი 74 13
პაულ ვერჰაგი აუგსბურგი 83 13
კამილ გლიკი მონაკო 73 12
გონსალო როდრიგესი ფიორენტინა 86 11
ფრანჩესკო აჩერბი სასუოლო 96 11
რიკარდო როდრიგესი ვოლფსბურგი 72 10
სკოტ დანი კრ. პალასი 90 10

ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი მცველები
რონალდ კუმანი ჰოლანდია 67
ფერნანდო იერო ესპანეთი 60
პირი ესპანეთი 52
სერხიო რამოსი ესპანეთი 48
რობერტო კარლოსი ბრაზილია 46

სერხიო რამოსის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი (ყველა ტურნირზე)

"ატლეტიკოსთან", 2014 წლის მაისი
ეს გოლი, რასაკვირველია, უპირობოდ პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ, რადგან რამოსმა მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბოლო წამებზე ფაქტობრივად წაგებული თამაში გადაარჩინა და საბოლოოდ, ეს გადამწყვეტი გამოდგა ტიტულის მოპოვებაში.

"ბარსელონასთან", 2007 წლის მარტი
თუ "ატლეტიკო" არ არის, მაშინ "ბარსელონაა"... რამოსი დიდწილად, სწორედ ამით გამოირჩევა, რომ ყველაზე პრინციპულ მეტოქეებთან უყვარს, შეუძლია და გამოსდის გატანა. მაშინ ტიტულისთვის სერიოზული ბრძოლა მიდიოდა და სერხიომ თავისი გუნდი ამ გოლით მესამედ დააწინაურა. მართალია "ბარსამ" მერე გაათანაბრა და მატჩი 3:3 დასრულდა, მაგრამ რამოსის ის ბურთი ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, მან სტატუს კვო ძალაში დატოვა.

"ატლეტიკოსთან", 2016 წლის მაისი
ისევე როგორც 2 წლით ადრე, სერხიო რამოსმა კიდევ ერთხელ გაუტანა "ატლეტიკოს" ფინალში. ამ გოლით მცველმა დააწინაურა "რეალი". მართალია, "ათლეტებმა" შემდეგ გაათანაბრეს, მაგრამ პენალტების სერიაში მაინც "სამეფო გუნდმა" იძალა.

"სან ლორენსოსთან", 2014 წლის დეკემბერი
რამოსმა თავისი სიტყვა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზეც თქვა, როდესაც "რეალს" "სან ლორენსოსთან" მოგებაში დაეხმარა. გადამწყვეტ მატჩში სწორედ მისმა თავურმა დააწინაურა "რეალი", ხოლო მერე, გარეთ ბეილმა არგენტინელებს მეორეც გაუტანა.

"სევილიასთან", 2016 წლის აგვისტო
რამოსს თავისი ყოფილი კლუბიც არაერთხელ დაუმწუხრებია. და აბა, უეფას სუპერთასს ხომ არ დატოვებდა უყურადღებოდ? თავისი სიტყვა იქაც თქვა. რამოსმა გათანაბრება მოახერხა, ხორხე სამპაოლის ბიჭებს გული დაწყვიტა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც "სევილიას" ფეხბურთელი გაუძევეს და დანი კარვახალმა გამარჯვებისა შეაგდო.

"ბაიერნთან", 2014 წლის აპრილი
2014 წელი სერხიოს შესანიშნავი და დაუვიწყარი ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ მან პირადად მოაგებინა "რეალს" ნანატრი და სანუკვარი ჩემპიონთა ლიგა. მაშინ, ჩემპინთა ლიგის ნახევარფინალში ბევრი ფავორიტად "ბაიერნს" მიიჩნევდა და მიუნხენელებს თავიდანვე ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მოიაზრებოდნენ, მაგრამ რამოსის დუბლით "რეალი" "ალიანც არენაზე" უკვე 0:2-ს იგებდა და დაშოკილ გერმენელებს ესპანურმა გრანდმა მერე კიდევ ორი ბურთი დაუმატა.

"ბარსელონასთან", 2016 წლის დეკემბერი
"ელ კლასიკო" ყოველთვის განსაკუთრებული დაპირისპირება იყო, და მით უმეტეს, როდესაც ამ დუელს სატურნირო დატვირთვა აქვს… "ბარსა" "კამპ ნოუზე" ლუის სუარესის გოლით იგებდა, მაგრამ ბოლო წუთზე და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ - ბოლო წუთზე - რამოსის გოლით "რეალმა" პრინციპული და მნიშვნელოვანი ქულა აიღო.

"დეპორტივოსთან", 2016 წლის დეკემბერი
"რეალი" თავის "სანტიაგო ბერნაბეუზე" სენსაციურად მარცხდებოდა ლაკორუნიელებთან (1:2), რითაც 34-მატჩიანი წაუგებელი სერია უწყდებოდა, მაგრამ ახალგაზრდა მეხიას დიასმა ბოლოსკენ გაათანაბრა. აი, "უფრო ბოლოსკენ კი" ანუ 92-ე წუთზე სერხიომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და გამარჯვების გოლი შეაგდო, რითაც ხაზი გაუსვა, რომ "რეალი" არ გატყდება და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებს. ახლა კი მადრიდელები ლიდერობენ.

"ატლეტიკოსთან", 2011 წლის იანვარი
ესპანეთის თასსაც ნუ დავჩაგრავთ. მაშინ, ანგარიში "როხიბლანკომ" გახსნა და კოპა დელ რეის შემდეგი ეტაპისკენ გადადგა ნაბიჯი, მაგრამ თამაშში "რეალი" რამოსის გოლმა დააბრუნდა და საბოლოოდ, "სამეფო გუნდმა" 3:1 იმარჯვა.

"ვალენსიასთან", 2007 წლის აპრილი
თავის მერე სეზონშივე "რეალის" რიგებში რამოსმა გამოაჩინა, რომ მნიშვნელოვანი გოლების გატანა შეუძლია და 15 წუთით ადრე შეხვედრის დამთავრებამდე მადრიდელებს "ღამურებთან" საჭირო 3 ქულა მოუტანა (2:1).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული