მადრიდის "რეალი": გადამწყვეტი დრო "სამეფო კლუბისთვის"

AutoSharing Option
"რეალი" შესანიშნავ სეზონს ატარებს. ეს რამდენიმე სტატისტიკურ მაჩვენებელში აისახება. მაგალითად, ისეთებში, როგორებიცაა წაუგებელი მატჩების რაოდენობა, რთული მატჩების გადარჩენის ინსტინქტი, ზიდანის სამწვრთნელო პროგრესი და ასე შემდეგ.

"რეალს" ურთულესი 15 დღე ელის. მადრიდული დერბი უკვე ჩათამაშდა და საყაიმო შედეგით დასრულდა. ამას მოჰყვება გასვლა მიუნხენში, სადაც "სამეფო კლუბი" ჩემპიონთა ლიგის საპლეიოფო მატჩს ითამაშებს "ბაიერნთან".

მერე იქნება საპასუხო მატჩი გერმანულ გრანდთან, რასაც მოჰყვება 23 აპრილს გამართული "ელ კლასიკო".

როგორ არის ზინედინ ზიდანის გუნდი მზად ამ უაღრესად საპასუხისმგებლო მონაკვეთისათვის? ჩვენს წერილში შევეცდებით, პასუხი გავცეთ "სამეფო
კლუბისათვის" ამ მეტად მნიშვნელოვან კითხვას.

ტრავმები
გარეთ ბეილმა ტრავმა მოიშუშა. ის თანდათან შედის ოპტიმალურ ფორმაში, მაგრამ ეს ფორმა ჯერ შორსაა იდეალურისაგან. 18 მარტს ბეილმა პირველად ითამაშა 90 წუთი ტრავმის შემდეგ. საერთოდ, როგორც წესი, ასეთი ტრავმა ფეხბურთელს არ აძლევს საშუალებას, მალე შევიდეს ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში.

რაფაელ ვარანი კარგა ხნის განმავლობაში იშუშებდა ტრავმას. მოიშუშა კიდეც და მინდორზეც გამოჩნდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტრავმა გამიზეზდა. ამ დროისათვის პეპე არის ყველაზე სავარაუდო ვარიანტი დაცვის ცენტრში სერხიო რამოსის მეწყვილეობისა, მაგრამ მან "ატლეტიკოსთან" ორი ნეკნი გაიტეხა.

2013 წელს ვარანს მენისკთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა. მას შემდეგ იგი დაითარსა. ბოლო სამ სეზონში ტრავმების გამო 50-ზე მეტი მატჩი გამოტოვა. ზიდანი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა ფრანგი ცენტრალური მცველის ასეთი ხშირი ტრავმიანობა შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემების ბრალიც იყოს.

შედეგები
თებერვლის დასაწყისიდან "რეალი" შესანიშნავად თამაშობს. ყველა ტურნირზე გუნდმა 13 მატჩი ჩაატარა. აქედან მოიგო ათი, ფრედ ითამაშა ორი და წააგო მხოლოდ ერთი შეხვედრა. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ "რეალი" "ბარსელონას" სპურტს არ იმჩნევს. კატალონიელებმა პრიმერაში ბოლოს ჩატარებული 17 მატჩიდან ცამეტი მოიგეს.

თამაშის ხარისხი
თამაშის ხარისხი ისეთივე კარგი ვერაა, როგორც შედეგი. ესპანეთში "რეალის" მთავარ პრობლემად თვლიან იმას, რომ გუნდს არ შეუძლია, ბოლომდე აკონტროლოს თამაშის მსვლელობა. ეს ეხება მატჩებსაც, რომლებშიც ზიდანის გუნდი თავისზე გაცილებით სუსტ მეტოქეებს ხვდება.

თუნდაც სუსტ გუნდებს "რეალი" აძლევს იმის საშუალებას, რომ თამაშში დაბრუნდნენ და ბოლომდე შეინარჩუნონ მისი გადარჩენის შანსი. ასე იყო ერთბაშად რამდენიმე შეხვედრაში. ერთადერთი, რამაც ამ მატჩებში "რეალს" უშველა, საგოლე მომენტების რეალიზაციის მაღალი პროცენტია.

ეს ძალიან საგანგაშო ტენდენციაა. საკამათო არავისთვისაა, რომ ის, რაც შეიძლება არ გამოუვიდეს "ალავესს და "ლეგანესს", უფრო ადვილად გამოუვა "ბაიერნს".

მუდმივი პრობლემა
ერთი მხრივ, ეს ძალიან სასიამოვნოა, მეორეს მხრივ კი, მწვრთნელისათვის დიდი თავსატეხია. "რეალს" ორი თანაბარი ძალის შემადგენლობა ჰყავს. ზოგიერთი ექსპერტი კი ფიქრობს, რომ "სამეფო კლუბი" ზოგჯერ უკეთესად თამაშობს თავისი ლიდერების გარეშე.

რა თქმა უნდა, "რეალში" თავმოყრილნი არიან საუკეთესო ფეხბურთელები და ყველა მათგანს უნდა, რომ გადამწყვეტ შეხვედრებში მიიღოს მონაწილეობა. მაგალითად, ალვარო მორატა თვლის, რომ ის არაფრითაა ქარიმ ბენზემაზე უარესი. ასეთივე სიტუაციაა კიდევ რამდენიმე პოზიციაზე.

ზიდანი დიდი ავტორიტეტია და, რა თქმა უნდა, მისი ყველა გადაწყვეტილება პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ფეხბურთელები არ მალავენ გულისწყრომას. ყველამ ნახა, რა მოხდა ამას წინათ ხამესთან დაკავშირებით.

კოლუმბიელმა ღიად გამოხატა გულისწყრომა მაშინ, როცა ის ზიდანმა შეცვალა.
გასაგებია, რომ ის პრობლემა, რომელზეც ახლა ვწერთ, ნებისმიერი გრანდის ხვედრია, მაგრამ ბოლო დროს ეს თემა "რეალში" მნიშვნელოვნად გამწვავდა. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ამ პრობლემამ თავი გადამწყვეტ შეხვედრებში იჩინოს.

ფეხბურთში ყველაფერი ხელისგულზე როდი ჩანს. არავინ იცის, რომელ ვარსკვლავს როგორი გავლენა აქვს გუნდზე და ცალკეულ ფეხბურთელებზე. ეჭვგარეშეა - ის ფეხბურთელები, რომლებსაც იშვიათად უწევთ თამაში "სამეფო კლუბში", ნამდვილი ვარსკვლავები არიან. მათ, რა თქმა უნდა, დიდი ავტორიტეტი აქვთ პარტნიორებს შორის.

მოკლედ, "რეალისათვის" უაღრესად საპასუხისმგებლო პერიოდი დგება, რომელიც გუნდისათვის და ზინედინ ზიდანისათვის ძალიან ბევრს გადაწყვეტს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ზუკა მაგას შეგახსენებ ცოტა მოგვიანებით, შეიძლება ბავარია-რეალი 0:4 გაგიმეორდეს.
ზუკა 2
11:35 11-04-2017
0
რეალი ბაიერნსაც გამოთიშავს ლიგიდან და ესპანეთის ჩემპიონიც გახდება. სავარაუდოდ ლიგაშიც მოიგებს
ირაკლი
08:40 11-04-2017
0

სიახლეები პოპულარული