ჯანყი ბირმინგემში

AutoSharing Option


„ასტონ ვილაში“ დიდი მღელვარებაა. როგორც „დეილი მეილისთვის“ გახდა ცნობილი, სულ მცირე რვა ფეხბურთელი აპირებს სეზონის დამთავრების შემდეგ ბირმინგემული კლუბიდან გაქცევას. მიზეზი: ფრანგი მწვრთნელი ჟერარ ულიე ახალ-კანონებსა და აკრძალვებს იღებს. გუშინ მოგახსენეთ, რომ მან გასახდელში მობილური ტელეფონით სარგებლობა აკრძალა, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც შემდეგ გახდა ცნობილი. თურმე ულიეს მისი წესების დამრღვევ ფეხბურთელთათვის ფულის დაქვითვის მთელი სისტემა მოუფიქრებია, ხოლო მოთამაშეებს, რომლებიც თავზე გადაახტებიან და კლუბის მეპატრონე რენდი ლერნერთან იჩივლებენ, განსაკუთრებით დიდ ჯარიმას დაუწესებს. ფეხბურთელები, რომელთაც თვალი გაქცევისკენ უჭირავთ გახლავან: გაბრიელ
აგბონლაჰორი, სტილიან პეტროვი, რიჩარდ დანი, ჯეიმს კოლინზი, ბრედ ფრიდელი, ეშლი და ლუკ იანგები და სტივენ უორნოკი.

ულიეს სასჯელი დაუნდობელია ვარჯიშზე, თათბირებსა და სხვა შეკრებებზე დამგვიანებელთათვის. ასეთებს ჯერ კვირის ხელფასის 10 პროცენტი ჩამოეჭრებათ, შემდეგ 20, ხოლო თუ მესამედაც დაიგვიანებენ — 30. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ნებისმიერი ჩივილი პირადად ულიემ უნდა მოისმინოს — ასეთი წესის შემოღება ფრანგს იმიტომ დასჭირდა, რომ ხმა დაირხა, თითქოს მოთამაშეების ნაწილი უშუალოდ ლერნერთან აპირებდა შესვლას. ამიერიდან, ლერნერთან ლაპარაკისთვის ულიეს ნებართვა იქნება საჭირო. ასეთი ხერხებით აპირებს „ვილას“ მწვრთნელი გუნდში რკინის დისციპლინის დამყარებასა და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას, რაც, მისი აზრით, პრემიერლიგის ცხრილში პოზიციის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

როგორც ბირმინგემული წყაროები იტყობინებიან, კანონების გამკაცრებამ, ჯერჯერობით, გუნდში მდგომარეობა კი არ გააუმჯობესა, არამედ დაძაბა. ფაქტობრივად მთელი ძირითადი შემადგენლობა უკმაყოფილო დარჩა და, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გუნდიდან წასვლას აპირებს. ამბობენ, რომ მოთამაშეები შეურაცხყოფილები დარჩნენ, თქვეს, სკოლის ბავშვებივით გვეპყრობიანო და ნაცვლად იმისა, რომ სეზონის მიწურულს ძალ-ღონე პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლას შეალიონ, „დრაკონული კანონების“ წინააღმდეგ ერთიანდებიან.

და რას ფიქრობს თავად ლერნერი? რამდენადაც ცნობილია, თავმჯდომარე ულიეს ემხრობა, თუმცა მოვლებს მაინც შიშით ადევნებს თვალს. „ასტონ ვილას“ მიმდინარე სეზონში რვა თამაში დარჩა და ამ შეხვედრებში რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა მოიპოვოს. თან, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ორი მატჩი ბირმინგემელებს განსაკუთრებით რთული ელით: სტუმრად „არსენალთან“ და შინ „ლივერპულთან“...

შეგახსენებთ, რომ ჟერარ ულიე „ასტონ ვილაში“ რომ მივიდა სეზონი უკვე დაწყებული იყო, თუმცა ფრანგს მაინცდამაინც არ გაუმართლა. მისი ხელმძღვანელობით „ვილამ“ 25 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 6 მოიგო რაც ძალიან ცუდი შედეგია და ის ცხრილზე ასე აისახება: ბირმინგემელებს გასავარდნ სამ გუნდზე მხოლოდ ერთი ქულით აქვთ მეტი.
ცნობილია, რომ გუნდის ლიდერმა ეშლი იანგმა ჩემპიონთა ლიგაში „ვილასთან“ ერთად მოხვედრაზე ოცნებას თავი დაანება და სეზონის შემდეგ ტოპ-ოთხეულიდან ერთ-ერთში აპირებს გადასვლას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული