რაღა დარჩა?

AutoSharing Option
და რაღა დარჩა - ორივე "კლასიკო" იყო? იყო. ლიგის ბედი გადაწყდა? თქმა რად უნდა. მეორეზე "რეალი" რომ გავა, ამასაც ხომ წყალი არ გაუვა, ისევე როგორც ცნობილია ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი მონაწილე: ამასთან, ისიც გარკვეულად გვეჩვენება, რომ "ვალენსია" შემოდგომით ჯგუფური ეტაპიდან დაიწყებს, ხოლო "ვილიარეალი" - საკვალიფიკაციოდან.

ცხრილს კარგად თუ "ჩავუსხდებით", იმასაც აღმოვაჩენთ, რომ ევროპის ლიგის მონაწილე ამ კვარტეტიდან ("ბილბაო", "სევილია", "ატლეტიკო" და "ესპანიოლი") მხოლოდ ერთი უიღბლო არ იქნება. გამოიკვეთა ისიც, რომ "ერკულესსა" და "ალმერიას" (განსაკუთრებით) ცუდად აქვთ საქმე.

აბა რაღა დარჩა
გასარკვევიო, იკითხავთ და მართლებიც იქნებით: ვინ იქნება მესამე უიღბლო, რომელიც პრიმერადივიზიონს დაემშვიდობება და ვინ მოიგებს "პიჩიჩის", ლეო მესი თუ კრიშტიანო რონალდო? - აი, ეს ორი ინტრიგაღა გვახსენდება...


ლეო VS რონალდო. დუბლი 32
ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ სერიოზულ ინტრიგად ესღა შეგვრჩა - რომელ ვარსკვლავს დარჩება საუკეთესო ბომბარდირის პრიზი. "კლასიკოზე" ორივემ გაიტანა (ორივემ პენალტით) და "სტატუს კვო" შენარჩუნდა - მესი 30 გოლით ლიდერია, კრიშტიანო კი 29 გოლით მას კვალში უდგას.

არ დაგვავიწყდეს, რომ მესი და რონალდო "პიჩიჩის" გარდა ევროპული "ოქროს ბუცისთვისაც" იბრძვიან. ქვემოთ სწორედ "ოქროს ბუცისთვის" დაწინაურებულთა ცხრილს შემოგთავაზებთ.

ფეხბურთელი კლუბი გოლი ქულა
1. მესი ბარსელონა 30 60
2. რონალდო რეალი 29 58
3. დი ნატალე უდინეზე 26 52
4. კავანი ნაპოლი 25 50
5. გომესი ბაიერნი 22 44


ტურის სიმბოლური ნაკრები
(გოალ.ცომ 3-4-3)

მეკარე
დიეგო ლოპესი (ვილიარეალი, 3): რომ არა დიეგო ლოპესი, "ელ მადრიგალზე" "სარაგოსა" მოულოდნელ შედეგს აჩვენებდა, ხოლო "ელ სუბმარინო" ვეღარ გაიმყარებდა მე-4 ადგილს.
მცველები
მანუელ პაბლო (დეპორტივო, 2): უკომპრომისო ვეტერანი დიდად შეეწია გუნდს "რიასორზე" "რასინგის" დამარცხებაში, მიითვალა ერთი საგოლე პასი.
მარიუს სტანკევიჩიუსი (ვალენსია, 2): როგორც იქნა გაუშინაურდა "მესტალიას", "ალმერიას" კარში გოლიც გაიტანა და საკუთარის "მშრალად" შენახვაშიც გვარიანად დაეხმარა გუაიტას.
ჟერემი მატიო (ვალენსია, 3): ფრანგი ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ფეხბურთელია გუნდში. "ალმერიასთან" თავი საგოლე პასით გამოიჩინა.
ნახევარმცველები
სებასტიან ფერნანდესი (მალაგა, 1): სება პირველად მოხვდა სიმბოლურში, 25 წლისამ "მალიორკას" დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა.
დანიელ პარეხო (ხეტაფე, 1): ბოლო დროს "ხეტაფე" თავქვე მიექანებოდა, ასე რომ, "სევილიასთან" 1:0 მოგება და ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი ორმაგად დასაფასებელია.
პეპე (რეალი, 3): პეპეს თამაშზე ისედაც ბევრი ვწერეთ, რაღა დავამატოთ?
ანტუან გრიზმანი (რეალ სოსიედადი, 4): ბასკური კლუბის ფრანგი თინეიჯერი ამ სეზონის ნაღდი აღმოჩენაა, "სპორტინგის" კარში დუბლი შეასრულა.
თავდამსხმელები
იკერ მუნიაინი (ბილბაო, 4): კიდევ ერთი თინეიჯერი, რომელმაც გასულ სეზონში გაიბრწყინა, ახლა კი კვლავ ტოპ-ფორმაში შედის. მისმა შორუელმა დარტყმამ ბოლო წუთზე 10-კაციან "ბილბაოს" სტუმრად მოაგებინა.
პაბლო ოსვალდო (ესპანიოლი, 3): ოსვალდომ და "ესპანიოლმა" დიდებულად დაიწყეს სეზონი, შემდეგ ოსვალდო დაიმტვრა და "ესპანიოლიც" "გაჩერდა". იტალიელი ისევ მწყობრშია, ბოლო ტურში დუბლი მიითვალა.
ჟულიო ბაპტიშტა (მალაგა, 2): ბრაზილიელი დაბრუნდა და ორი გოლი გაიტანა.


ტურის გმირი
კარლეს პუიოლი
როდესაც გვარდიოლამ მადრიდში წამსვლელი 20 კაცის სია ჩამოწერა, მაშინვე მივხვდით, რომ კარლეს პუიოლი თავს გაწირავდა და "კლასიკოს" მაინც ითამაშებდა. კარლესს ეს გმირობა კინაღამ სერიოზულ ტრავმად დაუჯდა. მეორე ტაიმში ტრავმის გამო მოედანი მხოლოდ მაშინ დატოვა, როცა მისი გუნდი 1:0-ს იგებდა და 11 10-ის წინააღმდეგ თამაშობდა. ასე რომ, კაპიტნის ბრალი სულაც არ არის, რომ "ბარსამ" ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.


ტურის ანტიგმირი
მუნის ფერნანდესი
"კლასიკოს" მსაჯი. ასტურიელმა არბიტრმა არ დანიშნა "რეალის" კარში ნაღდი პენალტი, სამაგიეროდ დანიშნა არარსებული პენალტი "ბარსელონას" კარში. "მარკამ" მუნის ფერნანდესს 10-ბალიანი სისტემით 0 დაუწერა! თუმცა პრომადრიდულ გაზეთს ზემოთნახსენები ორი შეცდომის გარდა სასწაულები აქვს დაწერილი შეფასებაში: "რადგან პენალტი დანიშნა, დანი ალვეში უნდა გაეძევებინა, ხოლო პეპეს მიმართ ძალიან მკაცრი იყო". უპს...

ტურის მსხვერპლნი
კარლეს პუიოლი - ახლახან გამოჯანმრთელებული კაპიტანი "რეალთან" მატჩის მეორე ტაიმში დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო, თუმცა მისი ტრავმა არ აღმოჩნდა სერიოზული.

კარლოს გურპეგი - ნახევარმცველი "ოსასუნას" მცველ ნაჩო მონრეალს შეეჯახა და ისეთი ტრავმა მიიღო, რომ თავზე 7 ნაკერის დადება მოუწიათ ექიმებს.


ტურის ფრაზები
დანი ალვეში (ბარსელონა): "თამაშის შემდეგ ჩემთან მარსელო მოვიდა და მითხრა, რომ პენალტი მან მოიგონა. ეს მან გუნდის საჭიროებით ახსნა" - "კლასიკოს" შემდეგ.

ანდერ ერერა (სარაგოსა): "ბევრს ჩვენი სიკვდილი სურდა. მაგრამ ჩვენ ისევ ცოცხლები ვართ" - "ვილიარეალთან" 0:1 მარცხის შემდეგ.

მიგელ ანხელ ლოტინა (დეპორტივო): "პრიმერაში დარჩენა უფრო გაადვილდა, თუმცა პრიმერას ცხრილის ბოლოში ისეთი საცობია, რომ კაცმა არ იცის, რა მოხდება" - "რასინგთან" 2:0 გამარჯვების შემდეგ.

მიროსლავ ჯუკიჩი (ერკულესი): "თუკი დარჩენა გვსურს, ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც "ლევანტემ" - "ლევანტესთან" 1:2 მარცხის შემდეგ.

მანოლო პრესიადო (სპორტინგი): "ისე ვითამაშეთ, თითქოს, გამოსასვლელ საღამოზე ვიყავით დაპატიჟებულნი. ჰოდა, კი მოგვიწყვეს კარგი საღამო", - "რეალ სოსიედადთან" 1:2 წაგების შემდეგ.

ხოაკინ კაპაროსი (ბილბაო): "ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ბილბაოს "ატლეტიკი" მოედანზე სულსა და გულს ტოვებს", - "ოსასუნასთან" 2:1 გამარჯვების შემდეგ.

უნაი ემერი (ვალენსია): "ალმერიას" შეუძლია გავარდნისგან თავი დაიძვრინოს და თუ ეს მაინც ვერ მოახერხა, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონში უკან დაბრუნდება", - 3:0 გამარჯვების შემდეგ მეტოქე შეაფასა.

მიქაელ ლაუდრუპი (მალიორკა): "მალაგა" ყველაფერში გვჯობდა დღეს", - 0:3 მარცხის შემდეგ.

ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა): "ჩვენ ჯერ კიდევ არა ვართ ჩემპიონები", - ასე იხუმრა პეპმა "კლასიკოს" შემდეგ.

ჩავი (ბარსელონა): "რეალს" ფეხბურთის თამაში არ უნდოდა, ისინი ბურთს რაც შეიძლება შორს იცილებდნენ" - არ მოსწონს ჩავის "სამეფო კლუბის" თამაშის სტილი.

ჟოზე მოურინიო (რეალი): "დავიღალე 10 კაცით თამაშით. მეც მათამაშეთ ერთხელ 10-კაციან "ბარსასთან". 


პირველი... კლასიკო
სამი ფეხბურთელისთვის ეს "კლასიკო" პირველი იყო კარიერაში, აქედან ორი ბარსელონელია და ერთი მადრიდელი.
ბარსელონა: ადრიანო კორეია, იბრაჰიმ აფელაი
რეალი: ემანუელ ადებაიორი

ადრიანომ ერთხელ აშკარა გოლისგან იხსნა გუნდი, როცა რონალდოს დარტყმული კარის ხაზიდან გამოიტანა. აფელაი შეცვლაზე შევიდა და ერთხელ კარგად შევიდა მარჯვენა ფლანგიდან, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. ადებაიორი მეორე ტაიმში გამოჩნდა და ერთი-ორი ხელსაყრელი მომენტი ქარს გაატანა. მოკლედ, დებიუტანტთაგან ყველაზე უკეთ ადრიანომ ითამაშა.


საოცარი ლევანტე
იანვარში "ლევანტეს" გავარდნას ლამის ყველა ვარაუდობდა ესპანეთში. გუნდმა ლამის ყველაფერი წააგო, რისი წაგებაც შეიძლებოდა. მაგრამ აღმოსავლეთელები (ლევანტე აღმოსავლეთს ნიშნავს, ვალენსია კი ესპანეთის აღმოსავლეთია) ამის შემდეგ გამოფხიზლდნენ. 22 იანვარს გუნდმა ზედიზედ მე-5 მარცხი იგემა "სევილიასგან" (1:4) და მაშინ გუნდის თავკაცმა ლუის გარსიამ თქვა კმარაო. და აი, 12 მატჩში "ლევანტემ" მოიგო 8 (!), 3 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 1 წააგო. გავარდნას ვინღა დაგიდევს, ვალენსიელები სერიოზულად აცხადებენ პრეტენზიას ევროთასებზე.


ტურის სტატისტიკა
25 გოლი (2,5 გოლი მატჩში)
მასპინძლებმა მოიგეს - 6, სტუმრებმა - 2, ფრე - 2.
62 ყვითელი ბარათი, 4 გაძევება
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 18 - მალაგა
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 9 - მალაგა
ყველაზე მეტი ჯარიმა: 25 - ერკულესი
ყველაზე მეტი კუთხური: 13 - მალაგა
ყველაზე მეტი თამაშგარე: 13 - ალმერია
ყველაზე მეტი ბურთის ფლობის %: 72 - ბარსელონა
ყველაზე მეტი მაყურებელი: 80 354 - სანტიაგო ბერნაბეუ
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 10 562 - მედიტერანეო


ტოპ-10 "დონ ბალონის" მიხედვით
ფეხბურთელი კლუბი ქულა (თამაში) საშუალო
1. ლეო მესი ბარსელონა 218 (29) 7,52
2. კრიშტიანო რონალდო რეალი 206 (29) 7,10
3. ჯუზეპე როსი ვილიარეალი 205 (29) 7,07
4. ანდრეს ინიესტა ბარსელონა 223 (32) 6,97
5. ბორხა ვალერო ვილიარეალი 201 (29) 6,93
6. სანტი კასორლა ვილიარეალი 207 (30) 6,90
7. დიეგო ალვეში ალმერია 212 (31) 6,84
8. ხოსე რეიესი ატლეტიკო 196 (29) 6,76
9. დანი ალვეში ბარსელონა 196 (29) 6,76
10. ჩავი ბარსელონა 181 (27) 6,70


ტოპ-5 გუნდის 3-3 საუკეთესო ფეხბურთელი
ბარსელონა: 1. მესი (7,52), 2. ინიესტა (6,97), 3. ალვეში (6,70)
რეალი: 1. რონალდო (7,10), 2. ალონსო (6,59), 3. იოზილი (6,58)
ვალენსია: 1. მატა (6,37), 2. გუაიტა (6,33), 3. სტანკევიჩიუსი (5,95)
ვილიარეალი: 1. როსი (7,07), 2. ვალერო (6,93), 3. კასორლა (6,90)
ბილბაო: 1. ხ. მარტინესი (6,52), 2. ირაოლა (6,23), 3. მუნიაინი (6,21).







.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული