დუბაის კონსორციუმმა The Royal Emirates Group-მა ესპანური პრიმერას ერთ-ერთი კლუბი შეიძინა, რომლის სახელსაც კონსორციუმი ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავს. არაბთა მტკიცებით, ყველაფერს ოფიციალურად კვირის ბოლოსკენ იტყვიან, როცა "კლასიკოს" ვნებათაღელვა ოდნავ გადაივლის. კონსორციუმმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ კლუბის შეძენა 62,7 მილიონი ევრო (90 მილიონი დოლარი) დაუჯდათ, გაცილებით ნაკლები, ვიდრე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო (94 მილიონი ევრო) - "რეალს". კონსორციუმის მტკიცებით, ამ კლუბს ვალები არა აქვს.
ოფიციალურ განცხადებას დღეს ან ხვალ ველით, მაგრამ კონსორციუმის ხელმძღვანელმა შეიხ ბუტი ბინ სუჰაილ ალ მაკტუმმა განაცხადა,
სანამ ეს განცხადება გაკეთდებოდა, ხმები არაბთა მიერ ესპანური კლუბის ყიდვაზე უკვე ვრცელდებოდა ესპანურ მედიაში, მაშინ ითქვა, რომ ლა ლიგის კლუბს, როგორც კი შეიძენენ, არაბები სახელს გადაარქმევენ და "თიმ დუბაის" უწოდებენ, თუმცა კონსორციუმის წარმომადგენელმა ეს ხმები უარყო.
როგორ ფიქრობთ, როცა აცხადებენ, რომ ერთ-ერთი კლუბი უკვე გაიყიდა, ესპანურ მედიას გამოაპარებენ, რომელ გუნდზეა საუბარი? თუმცა "მარკა", "დიარიო ას" და სხვებიც გვარიანად დაიბნენ - ჯერ კიდევ თებერვალში იყო საუბარი, რომ არაბები "სარაგოსას" ყიდულობდნენ, მაგრამ არაგონული კლუბი ვალებში იხრჩობა (შესაბამისად, არაბთა განმარტებას არ შეეფერება) და თან მათმა წარმომადგენლებმა კატეგორიულად უარყვეს ეს ცნობა. ამის შემდეგ ყველა "ხეტაფეს" მიადგა. მოულოდნელად გაჩნდა ინტერნეტში ახალი დომენიც getafeamdubai.com.
მაგრამ "ხეტაფეს" ბოსი ანხელ ტორესი "მარკას" კატეგორიულად უცხადებს, რომ კლუბი არავისთვის მიუყიდია. თუმცა ფაქტია, რომ ამას წინათ ანხელ ტორესი გუნდის კაპიტან მანუ დელ მორალთან ერთად დუბაიში იმყოფებოდა, თუმცა ტორესი ამტკიცებს, რომ იქ გუნდის იმიჯის განმტკიცებისთვის, სპონსორების პოვნისთვის და სტადიონისთვის ახალი სახელის დარქმევის წინადადებით იყო.
თუკი ეს ყველაფერი დადასტურდება, ალ მაკტუმი ესპანური პრიმერას კლუბების მესამე აზიელი მფლობელი გახდება - ყატარელ მილიარდელ აბდულა ბინ ნასერ ალ-ტანის "მალაგა" სულ რაღაც 25 მილიონი ევრო დაუჯდა, ინდოელმა აჰსან ალი სიედმა კი "რასინგი" 30-40 მილიონ ევროდ შეიძინა.