მთელი ევროპა და არა მარტო, დიდი გაფაციცებით ადევნებს თვალყურს საგაზაფხულო "კლასიკოების" საოცარ სერიას, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ორმა გრანდმა აგერ უკვე ორი სრული მატჩია (180 წუთი) ღია თამაშიდან გოლი ვერ გაიტანა! დასრულდა მეორე "კლასიკო" და ხალხი უკვე მესამეზე ლაპარაკობს, რომელიც 27 აპრილს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.
"კოპა დელ რეის" ფინალი
ვისთვის როგორი საღამო
კარგი
ჟოზე მოურინიო - კიდევ ერთხელ, პორტუგალიელმა ტაქტიკოსმა გვიჩვენა სამწვრთნელო კლასი. რა თქმა უნდა, ამ თამაშშიც ბევრი კითხვის ნიშანი იყო. იყო მომენტები, როცა მოურინიოს გუნდს ძალიან გაუჭირდა, მაგრამ "რეალი" ღირსეულად გამოძვრა სიტუაციიდან.
მესუთ იოზილი - სულ 70 წუთი ითამაშა და ეს მისი ერთადერთი ნაკლია (დაიღალა). დანარჩენი, რაც მან მოედანზე აკეთა უბრალოდ დიდებული იყო. პირველ
ტაიმში ორი უმაღლესი კლასის პასი შეასრულა. თუკი გერმანელი ფიზიკურ კონდიციებს გამოასწორებს, მისი პოტენციალი უზღვრო იქნება.
იკერ კასილიასი - როცა "რეალს" გაუჭირდებოდა და ყველა ფეხბურთელი ანერვიულდებოდა, გუნდს მხსნელად ისევ ძველი "სან იკერი" ევლინებოდა. ბოლოს სწორედ მან, ვინც ყველაზე მეტად დაიმსახურა, ცალი ხელით შემართა ტიტული.
ცუდი
დავიდ ვილია - რა თქმა უნდა, მისი ფეხბურთი მხოლოდ გოლები არ არის და "ელ გუახე" ბოლო დროს ხშირად ფლანგებზე თამაშობს. ყველა ამის გათვალისწინებით, ფინალში ვილიამ საშინლად ითამაშა, მას თვითრწმენა და აგრესია აკლდა.
სერხიო ბუსკეტსი - ხოსეპ გვარდიოლამ დაცვის ცენტრში ხავიერ მასკერანო დააყენა, ხოლო შუახაზში სერხიო დატოვა, უნდა ექნა პირიქით. ჩვენ ვერ ვიხილეთ ის პროდუქტიული ბუსკეტსი, რომელსაც უკვე შევეჩვიეთ.
პეპ გვარდიოლა - პეპს გამძლე ხასიათი აქვს, მან პირველმა მიულოცა "რეალს" ტიტული, მაგრამ, სხვა შანსი არ არის, სინამდვილეში მან ალბათ დიდი სამწვრთნელო დარტყმა მიიღო. შეძლებს კი ძალების ოთხშაბათისთვის მოკრებას?
ტიტული ყველასთვის
გამარჯვებულმა და ტრიუმფატორმა "განსაკუთრებულმა" განაცხადა, რომ ეს ტიტული ეკუთვნის ყველას, ვისაც ოდნავი შეხება მაინც აქვს კლუბთან:
"ჩემი ტიტული მხოლოდ ჩემი არაა, ის კლუბის ყველა წევრს ეკუთვნის. "რეალისთვის" ტიტულების მოგება ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ჩემი საქმე მხოლოდ ეს არაა, ჩემთვის მთავარია გუნდში სტრუქტურული ცვლილებები შევიტანო და ადამიანებს მენტალიტეტი შევუცვალო. ასე რომ, დღეს რომ თასი არ მოგვეგო, ბევრი არაფერი შეიცვლებოდა გარდა იმისა, რომ ახლა გახარებულები კი არა მოწყენილები ვიქნებოდით.
დღეს გუნდმა ძალიან ცოტა შეცდომა დაუშვა და ტაქტიკურად უნაკლოდ ითამაშა. მე-2 ექსტრატაიმში "ბარსელონა" ძალიან დაიღალა და თან მეტოქეს გაწბილება შეეტყო, ისინი მიხვდნენ, რომ ტიტულს ვერ იგებდნენ. ეს იყო ორი თანაბარი ძალის გუნდის ღირსეული მატჩი, პირველ ტაიმში ჩვენ ვჯობდით, მეორეში კი - ისინი. პეპე და იკერი კი უბრალოდ საოცრად თამაშობდნენ.
ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მოსვლით კლუბს წარმატებები დავუბრუნე. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თასის მოპოვებაში წვლილი შეიტანა. მიხარია, რომ 4 დიდ ტურნირში 4 თასი მოვიგე.
მოკლედ, ძალიან კარგი თამაში გამოვიდა, უმაღლესი დონის. ზოგს დიდი ფეხბურთი ბევრი პასი და ბურთის ფლობა ჰგონია, მე კი მჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დაცვითი შრომა და ზონებში სივრცის კარგად დაფარვა მეტად მნიშვნელოვანია. ის, რაც ჩვენ დღეს ბრწყინვალედ გავაკეთეთ.
"ბარსას" სამჯერ ვეთამაშეთ, ჯერ 5 ბურთის სხვაობით წავაგეთ, მერე ფრე ვითამაშეთ და ახლა მოვიგეთ. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ასეთ თამაშებში ყველაფერი ხდება.
ყველას შეუძლია მაკრიტიკოს რამდენიც უნდა, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს, რომ მე ვცდილობ ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის კარგი სიტუაციები შევუქმნა. განსაკუთრებით მაშინ, როცა მეტოქე შენზე უკეთ თამაშობს, აუცილებელია გუნდური სიძლიერის შენარჩუნება, რადგან ეს ფეხბურთში მთავარია."
რეალთან ეს ჯობნა საკმარისი არაა
პეპ გვარდიოლამ პირველად წააგო "ბარსას" მწვრთნელის რანგში "რეალთან", თუმცა "ბლაუგრანას" თავკაცს ჩვეული დიპლომატია და კეთილხმოვანება არც ამ ჟამს დაუკარგავს:
"თამაშს ჰყავს მოგებული და წაგებული, არც მეტი და არც ნაკლები. ჩვენ კი აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ საბრძოლო განწყობა, რადგან სეზონი მალე სრულდება და ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩები რჩება. რა თქმა უნდა, ყოველთვის სჯობს მოიგო და არ წააგო, მაგრამ ახლა მარცხზე ფიქრი არას გვარგებს. საინტერესოა, სეზონის ბოლოს როგორ ხასიათზე ვიქნებით და არა დღეს.
შაბათს მორიგი მატჩი გვაქვს და იქამდე არაფერი რჩება. დღეს პირველ ტაიმში მეტოქემ კარგად ითამაშა, ჩვენ შევუტიეთ მეორეში, მაგრამ "რეალის" დარ გუნდებთან ეს საკმარისი არ არის. მოწინააღმდეგე ჯიქურ მოდიოდა, წაგებულ ბურთებისთვის გააფთრებით იბრძოდა, რამაც ტემპი საშინლად აწია. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ. შეიძლება ყურს ცუდად მოხვდეს, მაგრამ მართლაც ასეა - ჩვენ ვაჯობეთ მეტოქეს მეორე ტაიმშიც და დამატებულ ტაიმებშიც. მაგრამ ასეთი ძლიერი ფეხბურთელების წინააღმდეგ მხოლოდ ეს ჯობნა საკმარისი არ გამოდგა.
ჩვენი უმთავრესი მიზანი ლა ლიგის მოგებაა, შემდეგ კი "უემბლის" საგზურის მოპოვება".
გემის კაპიტანი და თავდადებული მეზღვაურები
სერხიო რამოსი (რეალი): "მოურინიო გემის კაპიტანია და ჩვენ მის გვერდით ვართ სიკვდილამდე. რასაც ის გუნდში აკეთებს, ბრწყინვალეა. დიდი მადლობა გულშემატკივრებს ასეთი მხარდაჭერისთვის. გახარებულები ვართ, რომ ტიტული უკვე მოვიგეთ, არადა, ჯერ სეზონი არ დასრულებულა."
ჩავი (ბარსელონა): "ეს სპორტია. ჩვენ ისევ ის "ბარსელონა" ვიყავით, მაგრამ მათ კონტრშეტევებით გვაჯობეს და თასი მოიგეს. ბიჭებმა ალალად მივულოცეთ რეალელებს ეს მოგება. შემდეგ კი გასახდელში ვთქვით, რომ კარგად ვითამაშეთ და მომავალშიც ასე უნდა ვიბრძოლოთ, რომ სეზონი ძალიან კარგად დავასრულოთ. ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაგვრჩა.
თამაშს რაც შეეხება, I ტაიმი თანაბარი იყო, მეორეში კი მაგრად ვაჯობეთ. ეგაა, გოლი ვერ შევაგდეთ. დარჩენილ "კლასიკოებშიც" "რეალისგან" იგივეს უნდა ველოდოთ: მჭიდრო, ინდივიდუალურ პრესინგს".
სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა): "ფეხბურთში ყოველთვის კი არ იგებს უკეთესი გუნდი. ახლა ჩვენ მხოლოდ ერთ რამეზე უნდა ვიფიქროთ - "ოსასუნასთან" მატჩზე. მადლობა ფანებს, რომლებიც ვალენსიაში ჩამოგვყნენ, თუ ერთად ვიქნებით, დიდ მიღწევებს შევეჭიდებით."
მოუს მოგებული კინაღამ რამოსმა დაკარგა
საოცარი ინციდენტი შეემთხვა გამარჯვებულ გუნდს მადრიდში. "სამეფო თასის" მოგების შემდეგ ზეიმი ვალენსიაში დაიწყო და "რეალის" ფანებმა დედაქალაქის ქუჩებში გააგრძელეს, სადაც ფეხბურთელები ავტობუსით ქუჩებში დადიოდნენ და გულშემატკივრებს ეგებებოდნენ. სულ 150 ათასამდე ადამიანი გამოვიდა საზეიმოდ ქუჩებში. დილის 4 საათსა და 15 წუთზე სერხიო რამოსს თასი ხელიდან გაუვარდა და ის საკმაო სიმაღლიდან ავტობუსის წინ დავარდა. მძღოლმა დროულად ვერ შეამჩნია თასი და ავტობუსმა კინაღამ გასრისა მოურინიოს მოგებული ტიტული.
მოგვიანებით "სამეფო კლუბის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თასი ამ ინციდენტის შედეგად დიდად არ დაზარალებულა.
რა თქვა ზიდანმა
მიუხედავად იმისა, რომ ზინედინ ზიდანი "რეალის" შტაბის წევრია, მისგან მაინც ნეიტრალურ შეფასებას ველოდით და ეს ასეც მოხდა. დიდმა ფრანგმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის თამაში ძალზე მძიმედ წარიმართა და თამაშის დიდ ნაწილს მაინც "ბარსელონა" აკონტროლებდა.
"ასეთ შეხვედრებში პატარა დეტალებიც გადამწყვეტია. გაგვიჭირდა, "ბარსელონა" თამაშის დიდ ნაწილს აკონტროლებდა. თუმცა ბოლოს ჩვენ ის ნოკაუტში გავგზავნეთ. საგოლე მომენტები პირველ ტაიმშიც გვქონდა, მაგრამ არ გაგვიმართლა. ასე რომ, საერთო ჯამში მოგება დავიმსახურეთ.
ყოველი "კლასიკო" სხვანაირია, ამიტომ უნდა საუკეთესოდ მოვემზადოთ ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის. "ბარსა" და "რეალი" მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდია".
ვინ, როგორ ითამაშა
ბარსელონა
ხოსე პინტო: რადგან მას ყოველთვის ათამაშებდნენ თასის მატჩებში, გვარდიოლამ ფინალშიც კარში დააყენა და არ შეცდა. პირველ ტაიმში პინტომ რონალდოს აუღო, მეორეს მიწურულს გუნდი აშკარა მარცხისგან იხსნა, როცა დი მარიას არ გაატანინა. ექსტრატაიმშიც აუღო ადებაიორს, აი, რონალდოს გოლის შემთხვევაში შანსი არ ჰქონდა.
დანიელ ალვეში: პირველ ტაიმში ვერ იცნობდით, ვერ უტევდა სათანადოდ, შედეგად "ბარსელონა" მარჯვენა ფლანგიდან ხიფათს ვერ ქმნიდა. მეორე ტაიმში გამოსწორდა, ერთხელ მესის დიდებული პასიც მისცა. რონალდოს გამარჯვების გოლისასაც ვერ ითამაშა იდეალურად - დი მარიას მისი ფლანგიდან ჩაწოდების საშუალება მისცა.
ჟერარდ პიკე: პირველ ტაიმში დააბნია მოურინიოს დაყენებულმა შემადგენლობამ, ხანდახან ვერ ხვდებოდა, ვინ უნდა დაეჭირა. თანდათან უკეთ უგებდა მასკერანოს. როცა "ბარსა" აგებდა, წინაც სახიფათოდ ერთვებოდა.
ხავიერ მასკერანო: ხანდახან გმირულად თამაშობდა, ერთხელ ლამის კარის ხაზიდანად გამოიტანა ბურთი, მაგრამ რონალდო მაინც უგებდა ბრძოლას.
ადრიანო: ადრიანო ნელ-ნელა უშინაურდება გუნდის სასტარტოს, თუმცა პირველ ტაიმში "რეალი" მის ფლანგზე "დასახლდა". მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა.
ჩავი: ეს არ იყო მისი საუკეთესო მატჩი, მადრიდელებმა ჩაუკეტეს საპასე გზები. ამიტომ, ჩავი შემოვლით გზებს ეძებდა.
სერხიო ბუსკეტსი: ერთი-ორი ისეთი შეცდომა დაუშვა, გუნდი აზარალა. პეპეს ნაღდად ვერ აჯობა.
ანდრეს ინიესტა: ინიესტა კარგი იყო მაშინაც, როცა "რეალი" სჯობდა მეტოქეს - პირველ ტაიმში. გუნდში აშკარად საუკეთესო იყო.
პედრო: პირველ ტაიმში ვერ ითამაშა, მეორეში კი მარცხენა ფლანგიდან "რეალი" დააწიოკა. გოლიც კი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.
ლიონელ მესი: მესის ძალიან მჭიდროდ ეთამაშებოდნენ, არგენტინელი მაინც ცდილობდა და ხანდახან საოცრებებს ჩადიოდა, ოღონდ ეს საკმარისი არ გამოდგა.
დავიდ ვილია: პედროსთან ფლანგებიც კი გაცვალა, მაგრამ ვერადავერ იპოვა თავისი თამაში. არბელოასთან მცირე ინციდენტს თუ არ გავიხსენებთ, მოედანზე არ ჩანდა.
რეალი
იკერ კასილიასი: პირველ ტაიმში თუ მაყურებლის როლით დაკმაყოფილდა, მეორეში 2-3-ჯერ იხსნა გუნდი აშკარა გოლისგან.
მარსელო: პირველ ტაიმში იოლად უმკლავდებოდა პედროს, მერედამერე ბურთის დაკარგვებს მოუხშირა. რონალდოს გოლში მასაც მიუძღვის როლი - დი მარია სწორედ მარსელომ მოძებნა ფლანგზე.
რიკარდო კარვალიო: საუკეთესო ფეხბურთელი მოედანზე! პირველ ტაიმში საერთოდ არ ჰქონია პრობლემა, მეორეში, როცა "ბარსამ" ძალიან შეუტია, კარვალიოს გმირობებიც დაიწყო. ის რომ "რეალს" გოლი არ გაუშვია, დიდწილად ვეტერანი პორტუგალიელის დამსახურებაა.
სერხიო რამოსი: რაულ ალბიოლის დისკვალიფიკაციის გამო ცენტრში ითამაშა. მართალია, ყოველთვის სწორად არ არჩევდა პოზიციას, მაგრამ ისეთი მონდომებით თამაშობდა, რომ ამ ნაკლს ანეიტრალებდა.
ალვარო არბელოა: ხან პედრო და ხან ვილია ცდილობდნენ მისი ფლანგიდან შეტევებს, მაგრამ არბელოას ურიგოდ არ უთამაშია.
პეპე: ისევ ის პეპე იყო, რაც შაბათს, ერთი შენიშვნით - ყვითელი ბარათი მალევე მიიღო და ცოტა ფრთხილობდა. თავურით "ბარსას" კარის ძელი შეაზანზარა.
ჩაბი ალონსო: ახლა უკეთ ითამაშა, ვიდრე შაბათის მატჩში.
სამი ხედირა: მეტად დისციპლინებული, მონდომებული და დაუღალავი. მატჩის უჩინარი გმირი იყო.
მესუთ იოზილი: ბრწყინვალე თამაში, პასები და გადაწყვეტილებები, მაგრამ დაიღალა.
ანხელ დი მარია: თავიდან, ცოტა არ იყოს, ბევრ შეცდომას უშვებდა, თუმცა მონდომებას ვერ დავუკარგავთ. საგოლე პასიც მასზეა, ბოლო წუთზე კი გააძევეს.
კრიშტიანო რონალდო: პირველ ტაიმში სამი შანსი გაანიავა, თუმცა კი "ბარსას" დაცვას ხშირად უგებდა პოზიციას. მაგრამ მთავარი რამ ამ თამაშში მან შეასრულა - გამარჯვების გოლი გაიტანა.
.