მოურინიო: გამარჯვება ნებისმიერ სტადიონზე, ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია

AutoSharing Option
"ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მადრიდის "რეალს" შეუძლია გამარჯვება ნებისმიერ მეტოქესთან, ნებისმიერ სტადიონზე. ბევრი კარგავს კონცენტრაციას მნიშვნელოვანი თამაშის მოგების შემდეგ, მაგრამ ეს მე და ჩემს გუნდებს არ ეხება", - განაცხადა ჟოზე მოურინიომ მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად მეორე შემადგენლობით ფანტასტიკური მატჩი მოუგო "ვალენსიას" - 6:3.

ოთხი დღის წინ ამავე სტადიონზე "რეალი" "სამეფო თასის" მოგებას ზეიმობდა, მოურინიომ ესპანური ტიტულების სათვალავი გახსნა და ყველა ელოდა "ბარსელონასთან" დაღლილი (მატჩს ორი დამატებითი ტაიმი დასჭირდა) "რეალი" "ვალენსიასთან" დაპირისპირებაში ჩაიმუხლებდა, მაგრამ... ზუსტად ერთი საათი იყო გასული
მატჩის დაწყებიდან, როცა "სამეფო კლუბი" 6:1-ს იგებდა!

შემდეგ "რეალის" დაცვამ ძველებურად აურია და ორი ბურთი გაუშვა, თუმცა ეს არ აკნინებს მოურინიოს გუნდის წარმატების მნიშვნელობას: "სანამ მათემატიკურად ჩემპიონობის შანსი კიდევ გვაქვს, ბოლომდე ვიბრძოლებთ და თუკი "ბარსელონა" მაინც იჩემპიონებს ეს იქნება არა ჩვენს მიერ დაკარგული ქულების გამო, არამედ მათი მოპოვებული ქულების წყალობით. გახარებული ვარ კაკას თამაშით, მან როგორც მთელმა გუნდმა, ფანტასტიკურად ითამაშა. ეს კაკას ადგილია და ძალიან მსურს, რომ ზუსტად ისეთი კაკა ვიხილოთ, როგორც დღეს. დღეს ყველამ დაინახა, რამდენად ნიჭიერია ბრაზილიელი. დღეს მან ორი გოლი გაიტანა და ასე საჭირო თვითრწმენა საბოლოოდ დაიბრუნა.

დღეს დებიუტი ჰქონდა ნაჩოს, ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელმაც გამოცდილი ვეტერანივით ითამაშა. აი, ზუსტად ასეთი ფეხბურთელები მჭირდება მე, ქედს ვიხრი მის წინაშე, ისევე როგორც მისი ყველა თანაგუნდელის წინაშე. ახლა კი ყველას მომავალი სეზონისთვის სულ სხვა, საოცარ "რეალს" გპირდებით", - განაცხადა მოურინიომ, რომელიც მატჩმა ძალზე ოპტიმისტურად განაწყო. ან რატომაც არა? გონსალო იგუაინმა ჰეთ თრიკი შეასრულა, კაკამ - დუბლი, ქარიმ ბენზემამ ბწყინვალედ ითამაშა და გოლიც გაიტანა. მოკლედ, გუნდი "ბარსასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალის წინ ფორმის პიკზეა!

გონსალო იგუაინის ჰეთ თრიკი "ვალენსიას" კარში გუნდისთვის ამ სეზონში მე-7 იყო. 7-დან 4 ჰეთ თრიკის ავტორი კრიშტიანო რონალდოა, 2-ჯერ ჰეთ თრიკი ქარიმ ბენზემამ შეასრულა. იკერ კასილიასმა 417-ედ ითამაშა ლა ლიგაში "რეალის" მაისურით და ამ მაჩვენებლით ის პირის გაუთანაბრდა, წინ მხოლოდ ხუთი მადრიდისტაა: რაული (550 მატჩი), სანჩისი (523), სანტილიანა (461), იერო (439) და ხენტო (428).

სხვათა შორის, გამართლდა "ვალენსიას" თავკაცის უნაი ემერის წინასამატჩო სიტყვები - "მე ყველაზე მეტად "რეალის" იმ ფეხბურთელებისა მეშინია, რომელთაც "კლასიკოზე" არ უთამაშიათ", - ამბობდა მაშინ "ღამურების" ტაქტიკოსი მწვრთნელი - იგუაინი, ბენზემა, კაკა, გრანერო, კანალესი - აი, 6:3-ის მთავარი შემოქმედნი.

კაკა (რეალი): "გუნდი, რომელიც თასის მატჩის შემდეგ ასე თამაშობს, ბევრს მიაღწევს. პირველი ტაიმი ბრწყინვალედ ვითამაშეთ, მეორეშიც შევინარჩუნეთ რითმი, მაგრამ ბოლოსკენ "ვალენსიამ" გარისკა და შემოგვიტია. კარგ დროს მომისწრო გოლებმა, ასეთი შანსი მჭირდებოდა, მადლობა ყველას, ვინც ყოველთვის მხარში მედგა - ჩვენ ფანტასტიკური ნაკრები ვართ".

გონსალო იგუაინი (რეალი): "მე დღეს საბოლოოდ დამიბრუნდა თვითრწმენა, რომელიც ტრავმის შემდეგ შერყეული მქონდა. ძალიან დაღლილი და ბედნიერი ვარ. დიდი შრომა და ბევრი ცდა დამიფასდა. დღეს არავის უთამაშია საკუთარი წარმატებისთვის, ჩვენ ნამდვილი გუნდი ვართ. ახლა მოურინიოს ათასგვარი კომბინაცია აქვს და შეუძლია, რომელიც სურს ის გამოიყენოს, ჩვენ ყველანი ძალიან კარგ ფორმაში ვართ".

ამასობაში, "ბარსელონა" მიზანს - ჩემპიონობას - კიდევ უფრო მიუახლოვდა, მშვიდად და აუღელვებლად მოუგო "ოსასუნას" 2:0 და ნავარელები პრიმერაში დარჩენისთვის სასტიკ ბრძოლაში გადაისროლა. ის კი არა, გაიტანა შეცვლაზე შესულმა ლეო მესიმ და ახლა "პიჩიჩისთვის" ბრძოლაში არგენტინელი კრიშტიანო რონალდოს უკვე 2 გოლით უსწრებს.

მესის გოლზე საგანგებოდ შევჩერდებით, მანამდე კი ვიტყვით, რომ "ბარსა" პირველ ტაიმში დავიდ ვილიამ დააწინაურა, იმ ვილიამ, რომელსაც ზედიზედ 11 შეხვედრაში ვერ გაეტანა გოლი. 87-ე წუთზე მატჩს წერტილი მესიმ დაუსვა, როცა დანი ალვეშის კარგი პასი მიიღო და მეკარე რიკარდოს დაბალ კუთხეში გაუტანა. ეს ლეო მესის 50-ე გოლია სეზონში (ყველა ოფიციალურ შეჯიბრებაში), ესპანეთში ერთ სეზონში ამდენი გოლი არავის გაუტანია [იხილეთ ვიდეო].

"ოსასუნასთან" მატჩი მე-400 იყო ვიქტორ ვალდესის ბარსელონურ კარიერაში. სხვათა შორის, ამ შეხვედრაში ვალდესი კაპიტნის სამკლავურით გამოვიდა. 400 შეხვედრაში მან მხოლოდ 317 გოლი გაუშვა. დღევანდელ გუნდში მეკარეზე მეტი მხოლოდ ჩავისა და პუიოლს აქვთ ნათამაშები. ეს მოგება მაინც ძვირად დაუჯდა "ბარსას": ლაზარეთს, სადაც აბიდალი, კრკიჩი და ადრიანო არიან, მაქსველი და გაბი მილიტო შეემატნენ.

თამაშის შემდეგ ხოსეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ მის გუნდს კარგად არ უთამაშია, და რომ ჩემპიონთა ლიგის მომავალ მატჩში ფავორიტი "რეალია".

შაბათის მატჩები არანაკლები მნიშვნელობის ბასკური დერბით დასრულდა, "სან მამესზე" ბილბაოს "ატლეტიკმა" 2:1 სძლია "რეალ სოსიედადს" და ევროთასების საგზურისთვის ბრძოლა გააგრძელა. სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, ჯერ ჩილელი კლაუდიო ბრავოს სასწაულებრივ მოგერიებულს იკერ მუნიაინი იქვე ჩაუსაფრდა, შემდეგ კი ფერნანდო ლორენტეს პასით გაისკა ტოკერომ გაიტანა სტუმართა კარში. მაგრამ მალევე ხავი მარტინესმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და დერბი ბოლო წამებამდე დაძაბული დარჩა. 76-ე წუთზე ჩაბი პრიეტოს დარტყმული "ბილბაოს" სარეზერვო გოლკიპერმა, 23 წლის რაულ ფერნანდესმა სასწაულებრივ მოიგერია.

კვირის მატჩებიდან გამოვარჩევთ 5-გოლიან თრილერს "სანჩეს პისხუანზე" - "სევილიამ" 3:2 სძლია 10 კაცით დარჩენილ "ვილიარეალს" და მე-4 ადგილის საკითხი ისევ ღიად დატოვა. მართალია, "ვილიარეალი" ისევ წინ არის, მაგრამ ვალენსიური კლუბი ისეთ ცუდ ფორმაშია, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თან "ელ სუბმარინო" ორ ფრონტზე იბრძვის - ევროპის ლიგის ნახევარფინალში "პორტუს" ხვდება.

პირველი ტაიმი ისე დამთავრდა, ბევრი "სევილიას" იოლ გამარჯვებას წინასწარმეტყველებდა - ივან რაკიტიჩმა და ალვარო ნეგრედომ დააწინაურეს ანდალუსიური კლუბი, მაგრამ მეორეში ერთი გოლი მსოფლიოს ჩემპიონმა კარლოს მარჩენამ გაქვითა. შემდეგ შეცვლაზე შემოსულთა ჯერი დადგა, გოლები რომარიკმა და ჯუზეპე როსიმ გაცვალეს. მატჩის დასრულებას ხუთი წუთი უკლდა, როცა მარჩენას მორიგი უხეშობისთვის (ამჯერად, პეროტის წინააღმდეგ) მეორე ყვითელი ბარათი უჩვენეს - 3:2.

ბოლო დროს მოყოჩაღებულ "ლევანტეს" თავისი ადგილისკენ მიუთითეს - "ატლეტიკომ" კაპიტან სერხიო აგუეროს დუბლის წყალობით 4:1 მოიგო.

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 33 28 4 1 88-17 88
2. რეალი 33 25 5 3 79-26 80
3. ვალენსია 33 19 6 8 57-41 63
4. ვილიარეალი 33 17 6 10 51-39 57
5. ბილბაო 33 16 3 14 51-47 51
6. ატლეტიკო 33 14 7 12 54-44 49
7. სევილია 33 14 7 12 51-49 49
8. ესპანიოლი 33 14 3 16 40-46 45
9. ლევანტე 33 12 6 15 37-46 42
10. მალიორკა 33 12 6 15 35-45 42
11. სპორტინგი 33 10 11 12 31-37 41
12. სოსიედადი 33 12 2 19 43-57 38
13. დეპორტივო 33 9 11 13 27-41 38
14. ხეტაფე 33 10 7 16 43-53 37
15. რასინგი 33 9 10 14 32-49 37
16. მალაგა 33 10 6 17 44-63 36
17. ოსასუნა 33 9 8 16 37-41 35
18. სარაგოსა 32 8 9 15 31-45 33
19. ერკულესი 33 9 6 18 30-50 33
20. ალმერია 32 5 11 16 32-57 26

ბომბარდირები: 31 - მესი (ბარსელონა); 29 - რონალდო (რეალი); 18 - ვილია (ბარსელონა); 17 - როსი (ვილიარეალი); 16 - ფ. ლორენტე (ბილბაო); 14 - აგუერო (ატლეტიკო), სოლდადო (ვალენსია); 13 - პედრო (ბარსელონა).
მკითხველის კომენტარები / 1 /
...isemc ki tavi gagixmes....nu trabaxobb...dagaviwydat 5-0 barcastan rogorc chans......barcaaa (H)
football's fan:d
14:44 26-04-2011
0

სიახლეები პოპულარული