მესტალიადან სან პაულუმდე

AutoSharing Option
ლა ლიგის 33-ე ტურმა შესანიშნავი მატჩი აჩუქა გულშემატკივრებს - "რეალმა" და "ვალენსიამ" ერთმანეთს 9 გოლი გაუტანეს! "სამეფო კლუბი" ერთი საათის შემდეგ 6:1-ს იგებდა, თუმცა შემდეგ "ვალენსიამაც" გაიბრძოლა.

რა შეცვალა ამ ტურმა სატურნირო მნიშვნელობით? "ბარსელონა" უკვე ძალიან ახლოსაა ტიტულის დაბევებასთან - დარჩენილ ხუთ ტურში ხოსეპ გვარდიოლას გუნდს 7 ქულაც ჰყოფნის საამისოდ; "ვალენსიასა" და "ვილიარეალის" მარცხმა მდევრებს ("ბილბაო", "სევილია" და "ატლეტიკო") შანსი გაუჩინა; "ალმერიას" მხსნელ მე-17 ადგილამდე 10 ქულა აშორებს, ეს უკვე კატასტროფაა; და ლეო მესიმ უკვე 2 ბურთით გაასწრო ("მარკას" ვერსიით,
ერთით) კრიშტიანო რონალდოს ბომბარდირობისა და "ოქროს ბუცისთვის" დავაში.


ტურის სიმბოლური ნაკრები
goal.com. 3-4-3

მეკარე
ხავი ვარასი (სევილია, 1): ნელნელა ვარასი ანდალუსიური კლუბის ნომერ პირველი მეკარე ხდება. მართალია, მან "ვილიარეალთან" მატჩში ორი გოლი გაუშვა, მაგრამ თამაშის მიწურულს ნილმარსა და სანტი კასორლას ძალზე სახიფათო დარტყმები მოიგერია და "სევილიას" სამი ქულა მოუტანა.

მცველები
ველიგტონი (მალაგა, 1): ველიგტონს სეზონის მეორე ნახევარი ჩაუვარდა, თუმცა "რასინგთან" თამაშში ანდალუსიელთა მცველი შესანიშნავად გაისარჯა.
ხავიერ მასკერანო (ბარსელონა, 4): არგენტინელი მეოთხედ მოსვხდა სიმბოლურში, მაგრამ პირველად როგორც მცველი. მასკერანო "ბარსას" ყველაზე მნიშვნელოვან უნივერსალ ფეხბურთელად ყალიბდება, ის სწრაფად ეგუება ახალ პოზიციას და "ოსასუნასთან" მატჩში უშეცდომოდ ითამაშა ცენტრალურ მცველად.
ჟოზე ნუნიეში (მალიორკა, 5): კუნძულელთა დაცვის ბურჯი. "ხეტაფესთან" მატჩში უშუალო ფუნქციებსაც ბრწყინვალედ გაართვა თავი და გოლიც გაიტანა.

ნახევარმცველები
დიეგო პეროტი (სევილია, 3): არგენტინელის ნაკლი მისი არასტაბილურობაა, მაგრამ "ვილიარეალთან" შეხვედრაში ყოველმხრივ საუკეთესო იყო. ალვარო ნეგრედომ მისი დიდებული პასით გაიტანა.
ხუან მატა (ვალენსია, 4): სიმბოლურში გუნდიდან, რომელმაც 3:6 წააგო! ფაქტობრივად, მარტო ებრძოლა "რეალს", სამივე გოლში წვლილი მიუძღვის.
კაკა (რეალი, 2): "ვალენსიასთან" ძველი კაკა ვიხილეთ - 2 გოლი გაიტანა და 3 სხვა გოლში მიიღო მონაწილეობა!
ჟულიო ბაპტიშტა (მალაგა, 4): სუპერპროდუქტიული - მან ითამაშა ძალზე ცოტა, მაგრამ, რაც ითამაშა მუდამ ყურადღების ცენტრში იყო. ის, რომ "მალაგა" წარმატებით იბრძვის გასავარდნი ზონის სიახლოვეს "მხეცის" დამსახურებაა. "რასინგთან" გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

თავდამსხმელები
სერხიო აგუერო (ატლეტიკო, 5): შესაშურ ფორმაში მყოფი "ლევანტე" მისმა დუბლმა დაამარცხა. არგენტინელის დამსახურებაა, რომ "ატლეტიკო" ისევ იბრძვის ევროთასების საგზურისთვის.
გონსალო იგუაინი (რეალი, 6): ჰეთ თრიკი და თითქმის ტელეპატიური კავშირი ბრაზილიელ კაკასთან მოედანზე. "ვალენსიას" უბრალოდ არ აღმოაჩნდა საპასუხო იარაღი არგენტინულ-ბრაზილიურ დუეტთან გასამკლავებლად. ტურის საუკეთესო ფეხბურთელია.
ქარიმ ბენზემა (რეალი, 6): "მხოლოდ" ერთი გოლი "ვალენსიას" კარში, მაგრამ ბრწყინვალე თამაში ფრანგი ფორვარდისგან.


ლეო VS რონალდო, დუბლი 33
ორივე ვარსკვლავი შეცვლაზე შევიდა, თუმცა გოლის გატანა მხოლოდ ლეო მესიმ შეძლო და ის უკვე 2 ბურთით უსწრებს ბომბარდირთა დავაში კრიშტიანო რონალდოს.

ახლა კი გვსურს, goal.com -ის ექსპერტების მიერ პროფესიული კრივის სტილზე დათვლილი ქულები შემოგთავაზოთ ლეოსა და რონის შორის გაზაფხულის პირველ ორ "კლასიკოზე". ამ საკმაოდ ჩახლართული სისტემის მიხედვით, ყოველგვარი პოზიტიური და უარყოფით, რასაც მესი და რონალდო მოედანზე გააკეთებენ, კრივის სისტემით "დარტყმებით" ითვლება. აი, როგორი შედეგი მიიღეს ექსპერტებმა, როცა მისხალ-მისხალ განიხილეს ორივე "კლასიკო". 1:1 დასრულებულ შეხვედრაში მესიმ რონალდოს 59:53 მოუგო, სათასო ფინალში კი ფრე დაფიქსირდა - 59:59. წინ მე-3 რაუნდია.


პირველი...
მატჩი "სამეფო კლუბის" შემადგენლობაში ლა ლიგაში - ასეთი პატივი ხვდა წილად 21 წლის ხოსე იგნასიო ფერნანდეს იგლესიას, რომელსაც ყველა ნაჩოს ეძახის. ჟოზე მოურინიომ მან "მესტალიაზე" ანდრო ახალბედას "რეალის" დაცვის მარცხენა ფლანგი და თამაშის შემდეგ მისგან ქებაც დაიმსახურა. ნაჩომ 90 წუთი ითამაშა. ნაჩო მადრიდელია და 11 წლიდან "რეალის" აკადემიაშია. სხვათა შორის, "რეალ კასტილიაში" ის უფრო ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს. ნაჩო ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი მეტოქეა.

"მთელი კვირა პირველ გუნდთან ერთად ვივარჯიშე, მაგრამ თამაშის დღემდე არ ვიცოდი, რომ მოედანზე გასვლა მომიწევდა. ამდენი წელია "რეალში" ვარ და ბედნიერი ვარ, რომ, როგორც იქნა, ვითამაშე ძირითად გუნდში. ერთი პირობა ისეთ მდგომარეობამდე მივედი, რომ თამაშის გაგრძელება აღარ შემეძლო, მაგრამ ბოლომდე გავძელი - პრიმერადივიზიონი სულ სხვა სამყაროა. ახლაც კი ვერ ვიჯერებ ისეთი სიტყვებით შემაქო მოურინიომ თამაშის შემდეგ, ყველა მილოცავდა. ამ დღეს არასოდეს დავივიწყებ. ჩემი ძმა ალექსი მამხნევებდა მთელი კვირის განმავლობაში, მას სჯეროდა ჩემი. ამიტომ ამ მაისურს და ბურთს, რომელიც თამაშის შემდეგ მე დამრჩა ოჯახში დავტოვებ", - განაცხადა ნაჩომ "რეალის" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.

გოლი 11 მატჩის შემდეგ. "ბარსელონამ" ბოლო 11 ოფიციალური მატჩიდან 8 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი წააგო. არცთუ ცუდი შედეგია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ერთადერთი წაგება თასის ფინალზე დამატებით დროში მოდის. მიუხედავად ამისა, "ბარსას" თავდასხმა ვერ ბრწყინავდა ამ თამაშებში - მხოლოდ 19 გოლი და აქედან 8 "არსენალისა" და "შახტარის" წინააღმდეგ. 9 დანარჩენ მატჩში 11 გოლი, ეს ძალიან ცოტაა "ბარსელონასთვის". აღსანიშნავია, რომ აქედან ერთი გოლიც არ არის ზაფხულში 40 მილიონ ევროდ ნაყიდი "ელ გუახეს" ანგარიშზე. დავიდ ვილიამ, როგორც იქნა შეძლო ამ უსიამოვნო სერიის შეწყვეტა და ეს შაბათს "ოსასუნასთან" მატჩში შეძლო. ისე დაემთხვა, რომ თავისი პირველი გოლი "ჩელსის" შემადგენლობაში ვილიას მეწყვილემ ესპანეთის ნაკრებში, ფერნანდო ტორესმა იმავე დღეს გაიტანა.


ტურის ინციდენტი
უკვე ყველაფერი მზად იყო "მესტალიაზე" თამაშის დასაწყებად, როცა არბიტრმა პერეს ლასამ "სამეფო კლუბის" ფორმა არ მოიწონა და "რეალიც" იძულებული გახდა სათამაშოდ უპრეცენდენტო ეკიპირებით გასულიყო - ლურჯი მაისურებით და თეთრი ტრუსებით. სხვათა შორის, ამან კარგად იმოქმედა "სამეფო კლუბზე" - "რეალმა" 1987/88 წლების სეზონის შემდეგ პირველად გაიტანა სტუმრად 6 გოლი.


ტურის ფრაზები
ჟოზე მოურინიო: "ახლა უკვე "რეალს" შეუძლია ნებისმიერ მეტოქეს მოუგოს, ნემისმიერ სტადიონზე", - "ვალენსიას" 6:3 დამარცხების შემდეგ.
უნაი ემერი: "სისულელეა, ის რაც ჩვენ ჩავიდინეთ - საპატიო დერეფანი მე-60 წუთამდე გაგვიგრძელდა. ახლა ყველაზე მეტად მსურს, 3 დღით სადმე გადავიმალო" - "ვალენსიას" თავკაცი "რეალთან" 3:6 მარცხის შემდეგ.
ხოსე ლუის მენდილიბარი: "ბარსამ" გააკეთა იმდენი, რაც სჭირდებოდა 2:0-ის მოსაგებად. ვფიქრობ, ამით ძალიან კმაყოფილი უნდა ვიყო", - "ოსასუნას" მწვრთნელი "კამპ ნოუზე" მარცხიანი ვიზიტის შემდეგ.
ლუის გარსია: "ჩემთვის დიდი პატივია "ვისენტე კალდერონზე" ვიზიტი", - განაცხადა "ლევანტეს" თავკაცმა "ატლეტიკოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ. ამბობენ, რომ სწორედ ლუის გარსიაა "ატლეტიკოს" მომავალი მწვრთნელი.
ხოაკინ კაპაროსი: "ჩვენ სეზონის განმავლობაში საკმარისად ვიტანჯეთ, ასე რომ - კმარა", - ბასკურ დერბიში 2:1 გამარჯვების შემდეგ.
ხავიერ აგირე: "ეს იყო ტიპური მატჩი იმ ორი გუნდისა, რომელთაც აღარაფერი აქვთ დასაკარგავი და მზად არიან სიცოცხლეც კი გაწირონ 3 ქულისთვის", - "სარაგოსას" მექსიკელი თავკაცი "ალმერიას" 1:0 დამარცხების შემდეგ.


ტურის შემატება
ისაბელა
"რეალის" შემტევმა ნახევარმცველმა კაკამ გოლები ფეხმძიმე მეუღლეს მიუძღვნა და "ვალენსიასთან" მატჩიდან ერთი დღის შემდეგ კაროლინამ ბრაზილიის ქალაქ სან პაულუში გოგონა გააჩინა, რომელსაც ისაბელა დაარქვეს. რიკარდოსა და კაროლინას 2,5 წლის ლუკა ჰყავთ. კვირას კაკა უკვე სან პაულუში იყო და მილოცვებს იღებდა.


ტურის მსხვერპლნი
გაბი მილიტო და მაქსველი: ორივემ კუნთები დაიზიანეს "ოსასუნასთან" მატჩში.


ტურის სტატისტიკა
32 გოლი, 3,2 გოლი საშუალოდ.
მასპინძლებმა მოიგეს 8 შეხვედრა, სტუმრებმა - 2, ფრე არ ყოფილა.
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 21 - რასინგი
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 8 - ვალენსია, რეალი, მალიორკა
ყველაზე მეტი ჯარიმა: 19 - რეალი, ბილბაო
ყველაზე მეტი კუთხური: 10 - ვალენსია, რასინგი
ყველაზე მეტი თამაშგარე: 8 - სპორტინგი, ესპანიოლი
ყველაზე მეტი ბურთის ფლობის %: 70 - ბარსელონა
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელები: მუნიაინი (ბილბაო, 18), ა. ვასკესი (ესპანიოლი, 19), ამატი (ესპანიოლი, 19) და ლუკე (რასინგი, 19).
ყველაზე მეტი მაყურებელი: 73 285 - კამპ ნოუ
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 14 000 - ელ სარდინერო


ტოპ-10 "დონ ბალონის" მიხედვით
ფეხბურთელი კლუბი ქულა (თამ) საშუალო
1. მესი ბარსელონა 225 (30) 7,50
2. როსი ვილიარეალი 220 (31) 7,10
3. რონალდო რეალი 212 (30) 7,07
4. ინიესტა ბარსელონა 229 (33) 6,94
5. ბ. ვალერო ვილიარეალი 208 (30) 6,93
6. კასორლა ვილიარეალი 221 (32) 6,91
7. დ. ალვეში ალმერია 220 (32) 6,88
8. რეიესი ატლეტიკო 196 (29) 6,76
9. დ. ალვეში ბარსელონა 202 (30) 6,73
10. ჩავი ბარსელონა 187 (28) 6,68

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინც იმას იძახის კიდე რო ბოლო 2 ელ კლასიკოზე მესიმ რონალდოს აჯობაო იმათ ტვინში ჩამახედა რაა!!! რითი აჯობა ნეტავი?? რონალდომ 2 გოლი გაიტანა, მესიმ -1; რონალდომ თასი მოიგო, მესიმ - ნატახტარის ლიმონათი!!! რონალდოს გოლმა "რეალს" ტიტულ მოუტანა, მაშინ როცა მესი ამოკეტილი იყო მთელი თასის ფინალის განმავლობაში!! უვიცობა და არაპროფესიონალიზმის გამოვლინება რა!! ფინალში რა გააკეთა მესიმ რო რონალდოს დაწეოდა?? 1-1 როცა დამთავრდა იმ მატჩში კი საერთოდ რითი ჯობდა პორტუგალიელს არგენტინელი?? კარგით რა ხალხო რაა!!!
madridista
11:52 27-04-2011
0

სიახლეები პოპულარული