რონალდოს შანსი მოურინიომ წაართვა

AutoSharing Option
საგაზაფხულო "კლასიკოების" სერიალმა, განსაკუთრებით კი მისმა მე-3 "სერიამ" მთლად დაჩრდილა ესპანური პრიმერადივიზიონი. აი, დღეს 34-ე ტური იწყება და ყველა ჟოზე მოურინიოს ფრაზებზე და სკანდალებზე ლაპარაკობს.

რას ვიზამთ, ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე "ზედა ეშელონებში" ინტრიგა ცოტაა - "ბარსელონას" ხუთ მატჩში 7 ქულა აშორებს ტიტულის გადაფორმებამდე, "რეალმა" ხუთივე დარჩენილი შეხვედრა რომ წააგოს, მაინც მე-2 ადგილზე რჩება, მყარია წინა ტურში "სამეფო კლუბისგან" შერცხვენილი "ვალენსიას" მე-3 ადგილი, ისევე როგორც პორტუგალიაში ძაღლივით გალახული "ვილიარეალის" - მეოთხე.

არადა, სინამდვილეში, სწორედ ახლა შეიძინა განსაკუთრებული დატვირთვა ტურის
თითოეულმა თამაშმა - "მზის ქვეშ" ადგილის შენარჩუნებისთვის ხომ ლამის ნახევარი პრიმერა იბრძვის. ამ ტურშიც დაპირისპირებათა უდიდეს ნაწილში დიდი ომებია მოსალოდნელი. სხვა საქმეა, რამდენად აინტერესებს ქართველ მკითხველს ვინ გავარდება და ვინ დარჩება ლიგაში...

ტრადიციულად, "ბარსელონა" და "რეალი" შაბათს თამაშობენ. ამჯერად, "რეალი" შინ "სარაგოსას" იღებს, ხოლო "ბარსელონა" სან სებასტიანში "რეალ სოსიედადს" ეწვევა. არაგონელებს ცუდად აქვთ საქმე, სულ რაღაც 36 ქულა აქვთ, ხავიერ აგირეს გუნდი მე-16 - მე-17 ადგილებს იყოფს "მალაგასთან". ახლა "სარაგოსასთვის" ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს. "რეალ სოსიედადსაც" საზრუნავი აქვს, რომ კვლავ არ ჩაეშვას სეგუნდადივიზიონში, ბასკურ კლუბს 38 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებს. მოკლედ, გრანდებს ურთიერთობის გარკვევა კუთხეში მიმწყვდეულ და საშიშ აუტსაიდერებთან მოუწევთ. საერთოდაც, ტურში მხოლოდ ერთი დაპირისპირებაა, სადაც სიტყვა "გავარდნას" ვერ ახსენებ და ისიც ორშაბათს გაიმართება - ბარსელონაში "ესპანიოლი" საევროთასო საგზურისთვის "ბილბაოს" უნდა ეომოს. ალბათ, სწორედ ეს შედარებით შორეული თამაშია ყველაზე საინტერესო 34-ე ტურში.

მადრიდის "რეალში" ახლა პეპეს გაძევების ეპიზოდს უფრო არჩევენ (რომელიც მართლა ჰგავს დანი ალვეშის მხრიდან სიმულაციას), "სამეფო კლუბის" მიერ უეფაში შეტანილ სარჩელზე მეტს წერენ, ვიდრე "სარაგოსასთან" მომავალ მატჩზე. თუმცა, შარში გახვეული ჟოზე მოურინიო, ბუნებრივია, საქმეს მთელი სერიოზულობით უდგება. პარასკევს "რეალმა" ბაზაზე 24-კაციანი შემადგენლობით ივარჯიშა. ჟოზემ პირველი გუნდის წევრებს "რეალ კასტილიას" ორი ფეხბურთელი დაუმატა, ნაჩო და ხუანფრანი. მოურინიომ "კლასიკოში" მოთამაშეები, სხვებისგან განსხვავებით, მსუბუქად დატვირთა. არსად ჩანდნენ ტრავმირებული ხედირა და გაგო.

საბოლოოდ, მოურინიომ 19 ფეხბურთელი შეარჩია, რომელთაც ერთ-ერთ მეკარეს გამოაკლებს და სხვებს სამატჩო განაცხადში შეიყვანს. გუშინ ვწერდით, რომ მესის ტრავმის გამო კრიშტიანო რონალდოს ბომბარდირთა დავაში მისი დაწევის შანსი მიეცა, მაგრამ მოურინიომ გადაწყვიტა თანამემამულის დასვენება: რონალდო "სარაგოსასთან" მატჩში არ იქნება. განაცხადს მიღმა დარჩნენ ლასანა დიარა, ჩაბი ალონსო, ალბიოლი და პედრო ლეონი. ცხადია, რომ კაკას, კანალესს და გრანეროს გარანტირებული აქვთ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი.

"სარაგოსას" ნახევარმცველი ნიკოლას ბერტოლო დაშავებული ჰყავს. მან, შესაძლოა, თამაში მაინც შეძლოს, მაგრამ ესპანური მედია ამტკიცებს, რომ მექსიკელი თავკაცი ბერტოლოს მომავალი ტურის გადამწყვეტი მატჩისთვის, "ოსასუნასთან" დაპირისპირებისთვის შეინახავს. სამწუხაროა, რომ ვერ ვიხილავთ "სანტიაგო ბერნაბეუზე" არაგონელთა ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელ ანდერ ერერას. "ბილბაოს" მიერ შემდეგი სეზონისთვის დაბევებულმა ფეხბურთელმა წინა ტურში წითელი ბარათი მიიღო. ბოლო ხუთი წელიწადია, რაც "ბერნაბეუზე" "რეალი" "სარაგოსას" უგებს, ბურთების შეფარდებაც კატასტროფულია სტუმართათვის - 13:1.

მოკლედ, 2004 წლის 13 მარტის შემდეგ არაგონულ კლუბს მადრიდიდან ქულა არ წაუღია. თუ ახლაც იგივე განმეორდა, "სარაგოსას" პრიმერადივიზიონურ სტატუსს დიდი კითხვის ნიშანი დაესმება. აქვე ვიტყვით, რომ "სარაგოსა" ლა ლიგაში ყველაზე ცუდად თამაშობს სტუმრად, ამ სეზონში მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგო.

ხოსეპ გვარდიოლას გუნდი "ანოეტაზე" მორიგი 3 ქულისთვის მიჰყავს. ის აცხადებს, რომ ახლა არც განვლილ და არც მომავალ "კლასიკოზე" არ სურს ლაპარაკი, პრიორიტეტი ლა ლიგის დღევანდელი მატჩია "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ:

"თუკი მოვიგებთ, ჩვენ პრაქტიკულად ჩემპიონები ვხდებით. არ მინდა კონცენტრაცია დავკარგოთ და წაგვართვან ის, რაც უკვე დავიმსახურეთ. მომავალ ტურში ბარსელონური დერბი გვაქვს და ძალიან მინდა, რომ იმ დროისთვის 8-ქულიანი უპირატესობა შევინარჩუნოთ. მხოლოდ ამის შემდეგ ვიგრძნობ თავს კომფორტულად. გუნდი ფიზიკურადა და ფსიქოლოგიურად ჩინებულად გრძნობს თავს, დაღლილობას არ ვუჩივით", - განაცხადა გვარდიოლამ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე.

გვარდიოლამ კონკრეტულ ფეხბურთელებზეც ილაპარაკა: "პუიოლს ვასვენებთ, მესის თამაშს  დავაკვირდებით და გადაწყვეტილებას მერე მივიღებთ, სერხი რობერტოს, რომელსაც "კლასიკოზე" დებიუტი ჰქონდა დიდი მომავალი აქვს, ხოლო ერიკ აბიდალს მანამდე არ ვათამაშებ, სანამ თუნდაც რისკის 1% იარსებებს."

"ბარსა" ბოლოს 2007 წელს ესტუმრა "ანოეტას" შემდეგ ბასკური კლუბი ლიგიდან გავარდა. არადა, "ანოეტა" მეტისმეტად არასტუმართმოყვარე სტადიონია "ბარსელონასთვის", 63 დაპირისპირებაში კატალონიურ გრანდს უარყოფითი ბალანსი აქვს - 17 მოგება, 24 წაგება და 22 ფრე.

სან სებასტიანში "ბარსელონას" შემადგენლობაში კიდევ ერთ ტალანტს ექნება დებიუტი - 17 წლის გარემარბ ჟერარდ დეულოფეუს (სწორედ ასე წარმოითქმის კატალონიურად მისი გვარი და არა დელუფო). დიახ, სწორედ იმ დეულოფეუს, რომელიც შარშან გიორგი ჭანტურიას მეწყვილე იყო ხოლმე "ბარსელონას" ჭაბუკთა გუნდში. გვარდიოლას 19 ფეხბურთელი ჰყავს შეგულებული და აქედან 5 სარეზერვო გუნდის წევრია: ფონტასი, ალკანტარა, მონტოია, სერხი და დეულოფეუ. პეპის სიაში ვერ მოხვდნენ: ინიესტა, პუიოლი, მაქსველი, აბიდალი, ადრიანო და კრკიჩი.

"რეალ სოსიედადს", შესაძლოა, დაუბრუნდეს ფორვარდი ხოსება ლორენტე, რომელსაც საზარდულის ტრავმამ დიდი დრო გაუცდინა.

დღეს
რეალი-სარაგოსა 20:00
დისკვალიფიკაცია: ანდერი (სარ)
ტრავმა: გაგო, ხედირა - ედმილსონი (?), ლაგუარდია, კონტინი

რეალ სოსიედადი-ბარსელონა 22:00
ტრავმა: დე ლა ბელა, ხ. ლორენტე (?) - ინიესტა, აბიდალი, მაქსველი, კრკიჩი, ადრიანო

დეპორტივო-ატლეტიკო 24:00
ტრავმა: დ. კასტრო, ურეტა, დეზმარე, ტომასი - პულიდო, გოდინი, პერესი, კოკე

ხვალ
ლევანტე-სპორტინგი 19:00
ტრავმა: ლარეა, პერესი, დელ ორნო, გონსალესი - აიოსე (?), კუელიარი, კანელია, სასტრე

რასინგი-მალიორკა 19:00
დისკვალიფიკაცია: ტორეხონი - ტეხერა
ტრავმა: ციოლისი, სერანო, პინილიოსი, კენედი - კორალესი, პინა (?), ნადალი

მალაგა-ერკულესი 19:00
ტრავმა: კალა, ოვუსუ, რუბენი (?), მალაგუენო (?), ასენხო - ტოტე, ალბა, კრისტიანი

ალმერია-სევილია 19:00
დისკვალიფიკაცია: ხუანმა ორტისი (ალმ)
ტრავმა: ფეგული, ნიეტო - ჩიგარინი, კანუტე, გუარენტე, ალექსისი, აკოსტა, ნავასი

ვილიარეალი-ხეტაფე 21:00
დისკვალიფიკაცია: მარჩენა (ვილ)
ტრავმა: ლოპესი, ოლივა, სენა, გონსალო - ლოპესი, გავილანი, ალბინი, მანუ

ოსასუნა-ვალენსია 23:00
ტრავმა: მასუდი, რუპერი, რობერტო, არანდა -დ. ნავარო, ვისენტე, კოსტა, დომინგესი, ბრუნო

ზეგ
ესპანიოლი-ბილბაო 23:00
დისკვალიფიკაცია: ხ. ლოპესი - სან ხოსე
ტრავმა: ფორლინი, დატოლო, ს. გარსია, ბაენა, ალვარესი (?), მატიონი, დ. გარსია, დუშერი, პენია - რომალიო, ოსიო, ირაისოსი, გომესი, სერიო, იტურასპე, კასტილიო, აურტენეჩე

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 33 28 4 1 88-17 88
2. რეალი 33 25 5 3 79-26 80
3. ვალენსია 33 19 6 8 57-41 63
4. ვილიარეალი 33 17 6 10 51-39 57
5. ბილბაო 33 16 3 14 51-47 51
6. ატლეტიკო 33 14 7 12 54-44 49
7. სევილია 33 14 7 12 51-49 49
8. ესპანიოლი 33 14 3 16 40-46 45
9. ლევანტე 33 12 6 15 37-46 42
10. მალიორკა 33 12 6 15 35-45 42
11. სპორტინგი 33 10 11 12 31-37 41
12. სოსიედადი 33 12 2 19 43-57 38
13. დეპორტივო 33 9 11 13 27-41 38
14. ხეტაფე 33 10 7 16 43-53 37
15. რასინგი 33 9 10 14 32-49 37
16. სარაგოსა 33 9 9 15 32-45 36
17. მალაგა 33 10 6 17 44-63 36
18. ოსასუნა 33 9 8 16 37-41 35
19. ერკულესი 33 9 6 18 30-50 33
20. ალმერია 33 5 11 17 32-58 26


მკითხველის კომენტარები / 1 /
ქართული კლუბებიდან ერთადერთი გუნდია, რომელიც ლამაზი გოლების გატანა შეუძლია
ქუთაისელი
23:35 26-07-2018
1

სიახლეები პოპულარული