"რეალმა" შინ 2:3 დათმო "სარაგოსასთან", ხოლო "ბარსელონამ" სან სებასტიანში "რეალ სოსიედადთან" 1:2 წააგო. ბოლოს მსგავსი 2009 წელს მოხდა, როცა ბოლოსწინა ტურში კატალონიელებმა შინ "ოსასუნასთან" წააგეს, მადრიდელებმა კი - "მალიორკასთან".
მიუხედავად მარცხისა, კატალონიელებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს
ჟოზე მოურინიოს გუნდმა შაბათს ის ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივრებიც გააწბილა, რომლებიც ჯერ კიდევ ოცნებობდნენ ტიტულზე. "რეალის" მარცხმა 5-გოლიან თრილერში მათ ოცნება საბოლოოდ დაუსამარა. ჩემპიონთა ლიგაზე 0:2 მარცხს "თეთრებმა" სულ რაღაც ოთხ დღეში კიდევ ერთი წაგება მიაყოლეს და ამით "სარაგოსას" პრიმერადივიზიონში დარჩენის კარგი შანსი მისცეს. "რეალის" დამმარცხებელს კი ანხელ ლაფიტა ჰქვია - 26 წლის ესპანელმა გარემარბმა, ვგონებ, კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე დუბლი და მოპოვებული პენალტია და ეს ყველაფერი მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე"! ამიტომ მასზე ცოტას კიდევ შევჩერდებით - ლაფიტა სარაგოსელია და "სარაგოსას" აღზრდილია, თუმცა 2007-ში ის არაგონულმა კლუბმა "დეპორტივოში" 2 მილიონ ევროდ გაყიდა, ორი წლის შემდეგ კი უკან გამოისყიდა.
ლაფიტა საფეხბურთო ოჯახიდანაა, მის მამა ხუანსაც უთამაშია "სარაგოსაში", მაგრამ გაცილებით ცნობილი ბიძაა - ფრანსისკო ვილიაროია, "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი! რომელმაც 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების ყველა მატჩში ითამაშა. სხვათა შორის, ვილიაროია "რეალში" დაცვის მარცხენა ფლანგზე რობერტო კარლოსმა შეცვალა. ანხელის უმცროსი ძმა იგნასიოც ფეხბურთელია.
მოურინიომ "კლასიკოსთან" შედარებით 8 ცვლილება განახორციელა შემადგენლობაში (მხოლოდ კასილიასი, პეპე და სერხიო რამოსი დატოვა) და დაახლოებით ის გუნდი გამოიყვანა, რომელმაც ერთი კვირის წინ "მესტალიაზე" გაიბრწყინა. თუმცა ახლა სხვაგვარად წარიმართა ყველაფერი. ტაიმის დასრულებამდე 4 წუთით ადრე იკერ კასილიასმა ენით აღუწერელი შეცდომა დაუშვა, დასწრებაზე ითამაშა, მაგრამ საჯარიმოს გარეთ ბურთს ფეხი ააცილა, უჩემ პასი ლაფიტას გადააწოდა, რომელმაც "რეალის" კაპიტნისგან მიტოვებული კარი დალაშქრა.
მიუხედავად ასეთი ცუდი დასაწყისისა, მოურინიომ, რომელმაც მატჩის განაცხადშიც კი არ შეიყვანა კრიშტიანო რონალდო, შესვენებაზე ცვლილებები არ განახორციელა. მაგრამ პორტუგალიელი თავკაცის მოთმინების ფიალა მალევე ამოიწურა - "სარაგოსამ" მეორეც გაიტანა. ამ შეხვედრის ანტიგმირმა რიკარდო კარვალიომ საჯარიმოში ლაფიტა მოცელა და არაგონელთა კაპიტანმა გაბიმ ორამდე გაზარდა სტუმართა უპირატესობა. მოურინიომ მარსელო და დი მარია მოიხმო, ახალგაზრდების, კანალესისა და ნაჩოს ნაცვლად. შეცვლაზე შესული იოზილის ჩაწოდების შემდეგ სერხიო რამოსმა ერთი თავით გაქვითა, ამას მოჰვა ბენზემას გააქტიურება და ფრანგის ორი მეტად სახიფათო დარტყმა, მაგრამ გოლი ისევ "სარაგოსამ" შეაგდო - 77-ე წუთზე ლაფიტამ უსწრაფესი კონტრშეტევის წყალობით გაიტანა - ყველაფერი კი... მადრიდელთა კუთხურით დაიწყო.
"რეალი" არ შეეგუა მარცხს, მაგრამ იგუაინის პასით ბენზემას მიერ გატანილ გოლსღა გამორჩა. ამის შემდეგ რიკარდო კარვალიომ თვალწინ წითელი ბარათი იხილა, ჟოზეს გუნდი კვლავ 10 კაცის ამარა დარჩა. მიუხედავად ამისა, "რეალმა" შტურმი მოაწყო დობლასის კართან, თუმცა წარუმატებელი.
ჟოზე მოურინიო (რეალი): "უნდა ვაღიარო, რომ ცუდი პირველი ტაიმის შემდეგ ფეხბურთელების მოტივირება ვერ შევძელი. სამი გოლი გავუშვით და მხოლოდ ამის შემდეგ მოვეგეთ გონს. საკვირველია, ზუსტად ასეთი გუნდით ვითამაშეთ ბილბაოსა და ვალენსიაში და იქ იოლად ვიმარჯვეთ. მეტოქემ გოლის მერე ჩაკეტა თამაში და ცოტა გაუმართლა კიდეც, ამ მოგებით "სარაგოსამ" პრიმერაში დარჩენა თითქმის გაინაღდა. რონალდომ ჩემი გადაწყვეტილების გამო არ ითამაშა, ჩვენ სხვა ფორვარდებიც გვყავს, ბენზემა და იგუაინი მოწადინებულნი იყვნენ და მზად იყვნენ საბრძოლველადაც, ხოლო სკამზე ადებაიორი იჯდა."
ბასკეთში ხოსეპ გვარდიოლამ ლეო მესი კი დააყენა შემადგენლობაში, მაგრამ სასტარტოში ერთბაშად 4 ფეხბურთელი ათამაშა სარეზერვო გუნდიდან (თუმცა ჟეფრენი ოფიციალურად პირველი გუნდის ფეხბურთელად ითვლება): მონტოია, ტიაგო ალკანტარა, ჟეფრენი და ფონტასი. "სოსიედადს" ჰაერივით ესაჭიროებოდა ქულები წინააღმდეგ შემთხვევაში ბასკური კლუბი გავარდნა-დარჩენის ზღვარზე დაეშვებოდა. თავიდან სენსაციური დასასრულისა თამაშს არაფერი ეტყობოდა, "ბარსამ" პირველი ტაიმი ტიაგო ალკანტარას გოლის წყალობით იგებდა კიდევაც, ბურთსაც აკონტროლებდა, მაგრამ ბოლო 20 წუთში რაღაც შეიცვალა, კარგად ჩაერთვნენ შეცვლაზე შესული იფრანი და ზურუტუზა. საპასუხო გოლი ურუგვაელმა დიეგო იფრანმა გაიტანა. შემდეგ კი შეტევაში გართული სტუმრები საეჭვო პენალტით დასაჯეს, იუხეშა თუ არა საჯარიმოში მასკერანომ, ძნელი სათქმელია. ასეა თუ ისე, პენალტი ჩაბი პრიეტომ შეასრულა, ხოსე პინტომ კინაღამ მოიგერია, მაგრამ ფეხბურთში კინაღამ არ ითვლება - 2:1. ასე წააგო "ბარსამ" სეზონში მეორე მატჩი.
ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა): "დღეს ჩვენ ძალიან კარგი გაკვეთილი მივიღეთ. მეორედ ასეთ შეცდომას აღარ გავიმეორებთ, 4 ქულა გვჭირდება და ეს 4 ქულა უნდა მოვიპოვოთ. ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, მეორე ტაიმში, თითქოს, ურიგოდ არ გვითამაშია, მაგრამ მაინც ხშირად ვკარგავდით პოზიციებს და, რაც ყველაზე მთავარია, ბურთს ხეირიანად ვერ ვაკონტროლებდით. ახლა მხოლოდ სამშაბათის საპასუხო მატჩზე ვიფიქრებთ "რეალთან". ძალიან რთული მატჩი გველის ყველა ასპექტში. ჩვენ უდიდესი უპირატესობა გვაქვს და ფინალში გასასვლელად ყველაფერი უნდა გავიღოთ."
შაბათის ბოლო შეხვედრაში მადრიდის "ატლეტიკომ" სტუმრად 10-კაციან "დეპორტივოს" მოუგო - 1:0. კიკე ფლორესის გუნდს "მეორე სუნთქვა" გაესხნა - ბოლო ხუთი ტურია, რაც "ატლეტიკოს" არ წაუგია, მოიგო 4 და ფრედ დაასრულა 1 შეხვედრა. გამარჯვების გოლი ლა კორუნიაში სერხიო აგუერომ თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გაიტანა.