შაჰინი და "რეალი" შეთანხმდნენ?

AutoSharing Option
იმ დროს, როცა დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელები 80 000 ქომაგის თვალწინ გერმანიის ჩემპიონობას ზეიმობდნენ, BVB-ს 22 წლის თურქ ნახევარმცველ ნური შაჰინს, რომელსაც ტრავმის გამო არ უთამაშია და ამ სეზონში ვეღარც ითამაშებს, ცრემლები წამოუვიდა.

ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, ეს გამოსამშვიდობებელი ცრემლები იყო - ამას ოფიციალურად ჯერ არავინ ადასტურებს, არაოფიციალურად კი ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ შაჰინი ზაფხულში მადრიდის „რეალში“ გადავა. „ბილდის“ ინფორმაციით, ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო და უაღრესად პერსპექტიული ნახევარმცველი „სამეფო გუნდს“ უკვე ყველაფერზე შეუთანხმდა.

„ბილდის“ კორესპონდენტს, კითხვაზე, არის თუ არა ეს მართლაც ასე,
შაჰინმა შემდგნაირად უპასუხა: „ვერაფერს გეტყვით, ეს პირადულია.“ იოლად მისახვედრია, „რეალში“ რომ არ ეპატიჟებოდნენ ან თვითონ რომ არ უნდოდეს წასვლა, თამამად იტყოდა, რა სისულელეა, დორტმუნდში ვრჩებიო. როგორც ჩანს, ნურიმ უკვე ზუსტად იცის, რომ მომდევნო სეზონში „ბორუსიაში“ აღარ ითამაშებს. გასულ უქმეებზე ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ შაჰინსა და „რეალის“ ბოსებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.

შეგახსენებთ, რომ ნურის BVB-სთან კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული. სატრანსფერო ბაზარზე მისი ფასი დაახლოებით 20-25 მილიონი ევროა, მაგრამ როგორც გაირკვა, ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც ამ ზაფხულს „ბორუსიას“ დატოვება დაახლოებით 6 მილიონად შეუძლია...

სამაგიეროდ, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ „ბორუსიაში“ შაჰინს 20 წლის ილქაი გიუნდოგანი შეცვლის - „ნიურნბერგის“ მენეჯერმა მარტინ ბადერმა შაბათს დაადასტურა, ილქაიმ გვითხრა, რომ მომდევნო სეზონიდან დორტმუნდში თამაში სურსო. ორი აზრი არ არსებობს, „ბორუსია“ და „ნიურნბერგი“ უპრობლემოდ შეთანხმდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული