"სამეფო კლუბის" მარცხი მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიოს გაუგონარი რამ შეემთხვა - მისმა გუნდმა ზედიზედ ორი მატჩი წააგო შინ. ბოლოს ასეთი რამ პორტუგალიელ თავკაცს 9 წლის წინათ დაემართა, დაგვეთანხმებით, ძალიან დიდი დრო გასულა.

და აი, "სანტიაგო ბერნაბეუმ" 4-დღიან ინტერვალში "რეალის" ორი მარცხი ნახა - ჯერ ძალიან მწარე, ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში "სამეფო კლუბმა" 0:2 დათმო "ბარსელონასთან", ამ სკანდალურ წაგებას კი ძალზე მოულოდნელი მარცხი მოყვა ლა ლიგის 34-ე ტურში "სარაგოსას" წინააღმდეგ - 2:3.

ამ წაგების შესახებ მოურინიოს მოსაზრება გუშინ გაგაცანით. ახლა კი გავიხსენებთ, მწვრთნელმა აღიარა, რომ შესვენებაზე
ვერ შეძლო მისი ფეხბურთელების სათანადოდ მოტივირება, თუმცა დაამატა, რომ "რეალმა" მოსაგებად ყველაფერი გაიღო ამ მატჩში.

შედეგით გაოგნებული იყო, "რეალის" გენერალური დირექტორი ხორხე ვალდანო: "არის დრო, როცა აბსოლუტურად არაფერი გამოგდის, ასე იყო "სარაგოსასთან" მატჩშიც. მეტოქემ ჩვენ მწარე დარტყმები კონტრშეტევებით მოგვაყენა. მათ ბევრჯერ არ დაურტყამთ ჩვენი კარისკენ, მაგრამ სამი გოლი გაგვიტანეს. ეჭციც კი არ მეპარება, რომ კაკასთან უხეშობის გამო პენალტი უნდა დაენიშნათ "სარაგოსას" კარში. მაშინ ანგარიში 2:2 გახდებოდა და თამაშიც მთლიანად შეიცვლებოდა, მაგრამ მსაჯმა ეს დარღვევა ვერ დაინახა. მაგრამ "რეალი" ბოლომდე იბრძოლებს და არ დანებდება, ეს ჩვენს სისხლშია."

იკერ კასილიასი: "შესაძლებელია, რომ ის, რაც ბოლო დღეებში მოხდა ჩვენს გუნდში, "სარაგოსასთან" დაპირისპირებაში ჩვენზე უარყოფიად მოქმდებდა, თუმცა ეს არ უნდა იყოს ჩვენი გასამართლებელი საბუთი. მე ძალიან შეწუხებული ვარ, რადგან ვგრძნობ, რომ ჩემი უხეში შეცდომის გამო ვერ მივაღწიეთ დადებით შედეგს. მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანები ვართ და ადამიანები შეცდომებს ვუშვებთ. კარგია, რომ ბოლომდე არ დავნებდით, მაგრამ კაკას, სავარაუდოდ, ალალი პენალტი არ დაუნიშნეს, ბენზემამ კი ხარიხას გაარტყა ბურთი, ამასობაში მათ მესამე გოლი გაიტანეს და ამით ყველაფერი მორჩა."

კაკა: "მეორე ტაიმში ძალიან მოვინდომეთ და შევუტიეთ მეტოქეს. აი, ასეთი შემართებით უნდა ვებრძოლოთ სამშაბათს "ბარსელონასაც". ვიდეოში და სურათებზე კარგად ჩანს, რომ პენალტი მეკუთვნოდა. გუნდი ცოტა დაძაბული იყო, პირველში უხეიროდ ვითამაშეთ, მაგრამ მეორეში გამოვასწორეთ თამაშის ხარისხი. სანამ ჩემპიონობის შანსი კიდევ რჩება, მანამდე ვიბრძოლებთ, თუმცა ეს შანსი, რა თქმა უნდა, მხოლოდ თეორიულია."

სერხიო რამოსი: "პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ და მეორეში ყველაფრის გამოსწორება მოგვიწია. ძალიან ცუდია, რომ ზედიზედ ვაგებთ, მაგრამ საკუთარი თავების გარდა, ვერავის დავაბრალებთ. რა არ გვეყო "სარაგოსასთან" მოსაგებად? დრო."

გონსალო იგუაინი: "მწარე წაგებაა, მაგრამ ფეხბურთში ასეთები ხდება ხოლმე. დღეს მეტი გოლის გატანა გვმართებდა, მაგრამ ეს უკვე წარსულია და ამაზე ლაპარაკი არაფერს შეგვმატებს."

არგენტინელ ანხელ დი მარიას ძალზე ცუდ დროს მოუწია საიუბილეო მატჩი "რეალში" - ეს 50-ე შეხვედრაა მისთვის "სამეფო კლუბის" მაისურით. ჟოზე მოურინიომ დი მარია 52-ე წუთზე შეიყვანა მოედანზე, თუმცა "სარაგოსასთან" ვერც დი მარიამ უშველა "რეალს". დი მარიას დებიუტი 29 აგვისტოს "მალიორკასთან" დაპირისპირებაში ჰქონდა - 50 მატჩში მან 9 გოლი გაიტანა. სწორედ 22 წლის გარემარბის ანგარიშზეა გადამწყვეტი საგოლე პასი თასის ფინალში, როცა მისი ჩაწოდების შემდეგ კრიშტიანო რონალდომ გამარჯვების გოლი გაიტანა "ბარსელონას" კარში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული