ინტრიგამ კუდი მოიქნია

AutoSharing Option
ძალზე იშვიათი ტური გამოდგა ეს 34-ე ტური: "ბარსელონამ" და "რეალმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ წყვილად წააგეს და ახლა კატალონიელებს ტიტულის შენარჩუნებას 4 ტურში 4 ქულაღა აშორებთ;

მოულოდნელად დაიძაბა მე-3 ადგილისთვის ბრძოლა, ისევე როგორც - ევროთასების სხვა საგზურებისთვის, ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კატალონიურ-ბასკური ორშაბათის დაპირისპირება იყო (ბრწყინვალე მატჩიც გამოვიდა); პრიმერაში დარჩენისთვის ბრძოლა ხომ ისედაც დაძაბული იყო და ბოლო ტურის ბოლო წამებამდე ასეთად დარჩება. მოკლედ, ლა ლიგაში ინტრიგამ კუდი მოიქნია...


ტურის სიმბოლური ნაკრები
Goal.com 3-4-3

მეკარე
ტონიო (რასინგი, 2): "რასინგი" ალბათ კვლავ შეძლებს
პრიმერაში დარჩენას, რადგან ასეთ მნიშვნელოვან ტურებში კარში დიდებულად თამაშობს ტონიო. "მალიორკასთან" მატჩში კანტაბრიელთა გოლკიპერმა "თავი გაიგიჟა" ერთი-ორი "მკვდარი ბურთი" აიღო, ჩაროზად კი ივან რამისის პენალტი "დააყოლა".

მცველები
ტომაშ უიფალუში (ატლეტიკო, 2): "ატლეტიკოს" მატარებელი, როგორც იქნა, რელსებზე შედგა - მადრიდული კლუბი დიდებულად ასრულებს სეზონს. "დეპორტივოსთან" ჩეხი მცველი უშეცდომოდ და ეფექტურად გაისარჯა.

ივან ერნანდესი
(სპორტინგი, 1): სეზონის მეორე ნახევარში "სპორტინგის" დაცვა ერთ-ერთი ყველაზე საიმედოა პრიმერაში. "ლევანტე" თამაშით სჯობდა ასტურიელებს, მაგრამ მისმა თავდამსხმელებმა ვერაფერი გააწყვეს ივან ერნანდესთან.

მიკელ გონსალესი
(რეალ სოსიედადი, 1): "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში მეტოქის მცველთათვის ძალზე რთულია, თუმცა მიკელ გონსალესის შემხედვარე ამას ვერ იტყოდით, ბასკი ძალიან კარგად, უშეცდომოდ გაისარჯა.

ნახევარმცველები
ალვარო სეხუდო (ოსასუნა, 1): პამპლონაში 3 ქულის ბედი სეხუდოს გასროლამ გადაწყვიტა, "ოსასუნას" პრიმერაში დარჩენის შანსი მიეცა.
კანი (ვილიარეალი, 2): ადამიანი, რომელმაც ჟოზე მოურინიოს ბოთლი ესროლა, "ხეტაფეს" კარში ულამაზესი გოლის ავტორია.

ჩაბი პრიეტო
(რეალ სოსიედადი, 3): ბასკურმა გუნდმა გმირობა ჩაიდინა და, ბუნებრივია, ეს მისი საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე არ გამოვიდოდა - კონტრშეტევებზე მახვილგონივრულ პასებს აკეთებდა და გამარჯვების პენალტი გაიტანა.

გაბი (სარაგოსა, 2): კაპიტანმა ძალიან კარგად ითამაშა "სანტიაგო ბერნაბეუზე", პლუს პენალტი გაიტანა.

თავდამსხმელები
სერხიო აგუერო (ატლეტიკო, 6): სეზონის მეორე ნახევარში მარადონას სიძე ბრწყინვალე ფორმაშია. აგუერომ "რიასორზე" გამარჯვების გოლი გაიტანა.

ჟულიო ბაპტიშტა (მალაგა, 5): ეს ფეხბურთელი სასიამოვნოდ გვაოცებს. იტალიიდან გადმოსულმა ტრავმის გამო ბევრი გამოტოვა, მაგრამ ესპანურ ფეხბურთში თავს გრძნობს ისე, როგორც თევზი წყალში. ასეთ მოკლე დროში ბაპტიშტა 5-ჯერ მოხვდა სიმბოლურში და სუპერპროდუქტიულია.

ანხელ ლაფიტა (სარაგოსა, 1): ბევრი ვერ დაიკვეხნის "ბერნაბეუზე" "რეალის" კარში შესრულებული დუბლით. ამის გარდა, პენალტიც ლაფიტას მოპოვებულია.


ტურის გმირი
დიეგო იფრანი (რეალ სოსიედადი)
"რეალ სოსიედადი" აგებდა, როცა მისმა ურუგვაელმა ფორვარდმა დიეგო იფრანმა "ბარსას" კარში გაიტანა და ბასკური გუნდის შემობრუნებას დაუდო სათავე. 23 წლის იფრანი აცხადებს, რომ კარიერაში ამაზე მნიშვნელოვანი გოლი არ გაუტანია.

ტურის ანტიგმირი
იკერ კასილიასი (რეალი)
"რეალის" კაპიტანმა ძალზე სერიოზული შეცდომა დაუშვა, საჯარიმოს გარეთ ბურთს ფეხი ააცილა და ლაფიტას ანგარიშის გახსნის საშუალება მისცა.


ლეო VS რონალდო...
დუბლი 34
..არ შედგა. რატომ? ჰკითხეთ ჟოზე მოურინიოს! "სარაგოსასთან" მატჩის განაცხადში კრიშტიანო რონალდოს ადგილი არ მოიძებნა, სეზონში 42 გოლის გამტანი ფორვარდისთვის ადგილი არ გამოიძებნა. ლეო მესიმ კი ითამაშა, მაგრამ არცთუ დამაჯერებლად.


პირველი...
ახლა მოგიყვებით, როგორ ჩაეშალა დებიუტი 17 წლის ჟერარდ დეულოფეუს. ხოსეპ გვარდიოლამ სან სებასტიანში მეტად ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა. "ბარსელონას" ოფიციალურ საიტზე 2 დღით ადრე დაიწერა, რომ დებიუტი ექნებოდა დეულოფეუსაც, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იჯდა. მაგრამ ისე მოხდა, რომ გვარდიოლას ორი მცველი დაემტვრა, ჯერ მარტინ მონტოია, რომელიც კარიერაში პირველად თამაშობდა "ბარსას" სასტარტო შემადგენლობაში ისე დაიმტვრა, რომ თვენახევარი მოედანს ვერ გაეკარება, შემდეგ კი გაბრიელ მილიტოსთვისაც ნაადრევად დასრულდა სეზონი. ორი მცველის გამოკლების შემდეგ პეპი, ბუნებრივია ვერ შეუშვებდა 17 წლის ფორვარდს ასეთ დაძაბულ შეხვედრაში.


Que se besan ანუ ხვევნა-კოცნა ესპანურად
ამბობენ, რომ "ლევანტესა" და "სპორტინგს" შორის შეხვედრა, არცთუ სპორტულ გარემოში წარიმართაო. სტატისტიკის მოყვარულები ირწმუნებიან, რომ ორივე გუნდს ფრე ჰყოფნიდა პრიმერაში ადგილის დასაბევებლად. თამაში კი სწორედ 0:0 დასრულდა. თამაშის შემდეგაც საკმაოდ მეგობრული სიტუაცია იყო მოედანზე. თუმცა აი, როგორ ხსნის ამას "სპორტინგის" თავკაცი მანუელ პრესიადო ამას "ტურის ფრაზებისთვის" შევინახავთ, რადგან მეტისმეტად მსუყე ლუკმაა.


ტურის ინციდენტი
"ბარსელონას" გულშემატკივრებს კიდევ ერთი მიზეზი მიეცათ კიდევ უფრო შეიძულონ რაულ ტამუდო. ვეტერანი ფორვარდი, რომელიც ცნობილია "ესპანიოლში" თამაშით და "ბარსელონას" კარში დუბლის გატანით. ტამუდო ახლა "რეალ სოსიედადის" ფეხბურთელია, ბოლო მატჩის პირველივე ტაიმში ის ისე ეუხეშა ახალბედა მონტოიას, რომ ამ უკანასკნელს ლავიწის ძვალი ჩაუშალა და მხარი ამოუგდო.


ტურის ფრაზები
"ვაღიარებ, მწვრთნელმა ვერ შეძლო შესვენებაზე ფეხბურთელების მოტივირება", - ჟოზე მოურინიო "სარაგოსასთან" 2:3 მარცხის შემდეგ.
"თუკი, რომელიმე კლუბს გმირული წარსული აქვს, ეს "რეალია", - ხორხე ვალდანო.
"ყველას აქვს უფლება შეცდეს, ჩვენ ადამიანები ვართ", - იკერ კასილიასი.
"ის, რაც დღეს მოხდა, ჩვენთვის ძალიან კარგი გაკვეთილია", - ხოსეპ გვარდიოლა "რეალ სოსიედადთან" 1:2 მარცხის შემდეგ.
"სხვა შედეგები, რომ გავიგე, მწარედ ჩამეცინა, მაგრამ, რა ვქნა, არ მჩვევია სხვა გუნდების პატიოსნებაზე ლაპარაკი", - "დეპორტივოს" მწვრთნელი მიგელ ანხელ ლოტინა უთუოდ "რეალისა" და "ბარსელონას" მარცხებზე მიუთითებს.
"უდიდესი უპირატესობა გვქონდა, მაგრამ, რად გინდა", - "ალმერიას" მწვრთნელი რობერტო ოლაბე "სევილიასთან" მარცხის შემდეგ.
"შეიძლება შევცდი, როცა ასეთი შემტევი ფეხბურთით ვათამაშე გუნდი", - "მალიორკას" თავკაცი მიქაელ ლაუდრუპი.

დაბოლოს, ჩემპიონი ფრაზა:
"ესეც ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. მოლაპარაკება არავისთან არ არის საჭირო, როცა ფეხბურთელმა იცის, რა სჭირდება. როცა ორივე გუნდს ფრე სჭირდება, ხშირად თამაში მართლა ასე სრულდება. მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ თამაში ნაყიდი იყო", - ბრავო მანუელ პრესიადო!


ტურის მსხვერპლნი
გაბი მილიტო: "ბარსელონას" არგენტინელი მცველი ორმაგად დააზარალეს, ჯერ ასპროცენტიანი გოლი არ ჩაუთვალეს, შემდეგ კი კუნთი ისე დაიზიანა, სეზონს წერტილი დაუსვა. გაბიმ წინა ტურშიც მიიღო ტრავმა, მოკლედ, ძალიან უიღბლოა.
მარტინ მონტოია: "ბარსელონას" ახალგაზრდა მარჯვენა მცველი დამტვრეული ლავიწით და ამოგდებული მხრით გაიყვანეს მოედნიდან.
ივან რაკიტიჩი: ხორვატმა ნახევარმცველმა მარცხენა ფეხის თითი მოიტეხა და შემდეგ ტურებს ვინ ჩივის, ივნისში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც არ იქნება.
კასერესი: "სევილიას" მცველმა ნეკნები დაიმტვრია იაკობსენთან შეჯახებისას. ალბათ, ვერც ის ითამაშებს სეზონის ბოლომდე.
დუდუ ავატე: ებრაელ გოლკიპერს ყბა გაუტეხეს და მას ოპერაცია ესაჭიროება.
ტიაგო: "ატლეტიკოს" პორტუგალიელი ნახევარმცველის თამაში მომდევნო ტურში საეჭვოა, ის "რიასორზე" დაამტვრიეს.


ტურის სტატისტიკა
23 გოლი, 2,3 გოლი საშუალოდ. მასპინძლებმა მოიგეს 6, სტუმრებმა - 3, 1 თამაში ფრედ დასრულდა. 60 გაფრთხილება, 1 გაძევება, 2 ორი ყვითელი ბარათი


ყველაზე მეტი მაყურებელი: 67 000 - "სანტიაგო ბერნაბეუ"

ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 10 000 - "მედიტერანეო"

ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 19-19 - ვილიარეალი, სევილია

კარში: 8 - მალიორკა

კუთხური: 9-9 - დეპორტივო, ვილიარეალი

ჯარიმა: 21 - სარაგოსა

ბურთის ფლობის %: 74 - ბარსელონა


TOP-10 "დონ ბალონის" მიხედვით
აქ ცოტაოდენი ახსნა-განმარტებ უნდა მივაშველოთ, რადგან ბოლო ტურმა მნიშვნელოვანი კორექტურა შეიტანა - მესი და რონალდო ერთმანეთს დააშორეს, პორტუგალიელს სეზონში საშუალო შეფასებით "ვილიარეალის" იტალიელმა ვარსკვლავმა ჯუზეპე როსიმ გაუსწრო. როსის საშუალო შეფასება 7,13-ია მას შემდეგ, რაც მან მორიგი გოლი გაიტანა. რონალდოს არ უთამაშია და ისევ 7,07 დარჩა.

1. მესი ბარსელონა 230 (31) 7,42
2. როსი ვილიარეალი 228 (32) 7,13
3. რონალდო რეალი 212 (30) 7,07
4. ინიესტა ბარსელონა 229 (33) 6,94
5. კასორლა ვილიარეალი 229 (33) 6,94
6. ბ. ვალერო ვილიარეალი 215 (31) 6,94
7. დ. ალვეში ალმერია 227 (33) 6,88
8. რეიესი ატლეტიკო 202 (30) 6,73
9. დ. ალვეში ბარსელონა 208 (31) 6,71
10. ჩავი ბარსელონა 194 (29) 6,69


სეზონის სიმბოლური ნაკრები "დონ ბალონის" მიხედვით (პოზიციების გათვალისწინებით, 3-4-3):
დიეგო ალვეში (ალმერია) - დანი ალვეში (ბარსელონა), მარსელო (რეალი), ჟერარდ პიკე (ბარსელონა) - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), სანტი კასორლა (ვილიარეალი), ბორხა ვალერო (ვილიარეალი), ხოსე ანტონიო რეიესი (ატლეტიკო) - ლიონელ მესი (ბარსელონა), ჯუზეპე როსი (ვილიარეალი), კრიშტიანო რონალდო (რეალი).


მომდევნო ტური
7 მაისი

ბილბაო-ლევანტე
ხეტაფე-ალმერია
ერკულესი-რასინგი
სპორტინგი-დეპორტივო
ვალენსია-რეალ სოსიედადი
ატლეტიკო-მალაგა
სევილია-რეალი.

8 მაისი

მალიორკა-ვილიარეალი
ბარსელონა-ესპანიოლი
სარაგოსა-ოსასუნა.

გუნდი ქულა
1. ბარსელონა 88
2. რეალი 80
3. ვალენსია 63
4. ვილიარეალი 60
5. ატლეტიკო 52
6. სევილია 52
7. ბილბაო 51
8. ესპანიოლი 48
9. ლევანტე 43
10. სპორტინგი 42
11. მალიორკა 42
12. სოსიედადი 41
13. რასინგი 40
14. სარაგოსა 39
15. მალაგა 39
16. ოსასუნა 38
17. დეპორტივო 38
18. ხეტაფე 37
19. ერკულესი 33
20. ალმერია 26
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული