ცეკვავენ აბიდალი, ალვეში და პიკე

AutoSharing Option
როცა "ბარსელონა"-"რეალის" მეოთხე დაპირისპირება დასრულდა, "კამპ ნოუზე" დიდი ზეიმი დაიწყო. კატალონიელი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას ჯერ გარეთ ზეიმობდნენ, შემდეგ კი ყველაფერი გასახდელში გაგრძელდა. და იქ მთავარი მოქმედი გმირი ერიკ აბიდალი იყო, რომელმაც კიბო დაამარცხა და სპორტში დაბრუნდა.

ფრანგი მცველი ყოველთვის ითვლებოდა თანაგუნდელთა ერთ-ერთ მთავარ ამყოლიებლად და გულღია ადამიანად. აბიდალმა ძველი, კარგი დრო გაიხსენა და გასახდელის ცენტრში ცეკვა დაიწყო, ფეხბურთელებმა მას წრე შემოარტყეს და ტაშით ამხნევებდნენ. მათ შორის ყველაზე მხირულებმა, დანი ალვეშმა და ჟერარდ პიკემ კი ვერ მოითმინეს და აბიდალთან
ერთად იცეკვეს. გასახდელის ზეიმს მხოლოდ ორი ფეხბურთელი დააკლდა, კაპიტანი პუიოლი და ახალგაზრდა მცველი ფონტასი. მაგრამ მათ სხვა გზა არ ჰქონდათ - შემთხვევითი შერჩევით დოპინგ-კონტროლზე წასაყვანად ეს ორი ამოირჩიეს.

თამაშის მეორე დღეს მთელი გუნდი რესტორან "ლა მასია დე სანტ კუგატში" შეიკრიბა, სადაც ფინალში გასვლა მეუღლეებთან ერთად აღნიშნეს.

ბარსელონური "სპორტი" იუწყება, რომ "ბარსას" ჭაბუკთა გუნდ ჟუვენილ ბ-ში სინჯებზე იმყოფება... რონალდ კუმანი. ის ბრწყინვალე ჰოლანდიელი ფეხბურთელის, ყოფილი ბარსელონელი რონალდ კუმანის ვაჟია, მაგრამ მისგან განსხვებით მეკარეა და არა მინდვრის მოთამაშე. კვირას "ბარსელონას" დერბი ექნება "ესპანიოლთან". ამ კლუბების ხელმძღვანელთა შორის დაძაბული ვითარების გამო "ესპანიოლის" პრეზიდენტი "კამპ ნოუზე" ვიპლოჟაში არ ჯდებოდა, ახლა კი ურთიერთობა დათბა და დანიელ სანჩესი ლოჟაში იქნება, "ბარსას" პრეზიდენტ სანდრო როსელთან ერთად.

"სპორტის" ინფორმაციით, "ბარსა" არგენტინული "ლანუსის" გოლკიპერ ესტებან ანდრადას შეძენა სურს. 20 წლის გოლკიპერს არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებშიც იწვევენ ხოლმე. "ლანუსის" პრეზიდენტმა ნიკოლას რუსომ დაადასტურა, რომ ამ ტრანსფერზე "ბარსასთან" მოლაპარაკება მიმდინარეობს. არგენტინული კლუბი ნიჭიერი მეკარის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს ითხოვს, ევროპელები ფასის დაწევას ელიან. ამბობენ, სიტუაციას ნათელი თვის ბოლოს მოეფინებაო.

ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაშით "ბარსელონამ" უკვე 35 მილიონი ევრო დაიბევა, რომელიც 40 მილიონად იქცევა "უემბლიზე" გამარჯვების შემთხვევაში. უეფა-მ "ბარსელონას" "უემბლიზე" 24 ათასი ბილეთი გამოუყო, სტადიონი კი 90 ათას ადამიანს იტევს. ბილეთების ფასი 89-დან 333 ევროს ფარგლებში მერყეობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული